18
Jul
2019

Big Idea Challenge-ის საქართველოს გამარჯვებულები ცნობილია – ვინ წავა „ოქსფორდში“?!

18 Jul 2019

კონკურს Big Idea Challenge-ის საქართველოს გამარჯვებულები ცნობილია. სულ იყო სამი კატეგორია: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. თითოეულიდან, ფინალისთვის, 3-3 პროექტი შეარჩიეს. დასკვნით ღონისძიებაზე, ყველა კატეგორიაში, ერთი გამარჯვებული გამოავლინეს. ამათგან კი მთავარი პრიზიორი, „ქვეყნის ჩემპიონი“ დაასახელეს, რომელიც „ოქსფორდში“, უკვე „მსოფლიო ჩემპიონის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.

კონკურსი Big Idea Challenge, ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა.

Big Idea Challenge საშუალებას აძლევს კონკურსანტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან, თავიანთი ინოვაციური იდეები გააცნონ ფართო საზოგადოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„კონკურსი ვიდეოფიჩინგის ხასიათისაა და მის საფუძველზე კონკურსისთვის სპეციალურად 300-ზე მეტი პროექტი შეიქმნა, მათ შორის, 53 – საქართველოდან“.

ეროვნული ფინალის გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით და მათი ნამუშევრები:  

• ციფრული ტექნოლოგიები

IWANT (TSAA) – ლევან ტყემალაძე, გიორგი შეშაბერიძე, დავით პაიჭაძე

 

• სოციალური გავლენა 

CHU (TSAA) – სალომე წიკვაძე, გურამ წიკვაძე

 

• შემოქმედებითი იდეები 

SAPO (BTU) – ნაილი ვახანია, თენგიზ კავკასიძე

 

„ქვეყნის ჩემპიონის“ ტიტული SAPO (BTU) – ნაილი ვახანიასა და თენგიზ კავკასიძის გუნდმა მოიპოვა, პროექტით SAPO.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის ინფორმაციით, თითოეული კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ მენტორებისა და მარკეტერების დახმარების პაკეტებს თავიანთი იდეების განსავითარებლად.

„ რაც შეეხება „ქვეყნის ჩემპიონს“, გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი და საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ბრიტანეთში, კერძოდ, ოქსფორდში გამართულ შეხვედრაში, სადაც შვიდი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებული „მსოფლიო ჩემპიონი“ დასახელდება“.

განხილვა