პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე “ღვინის ქარხანა #1-ში” სულ ახლახან ახალი ფასტ ფუდ სივრცე Big L’s Grill&Bar გაიხსნა. ამიერიდან აქ კვირის დღეებში დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე, შაბათ-კვირას კი დღის 12 საათიდან ღამის 2 საათამდე მრავალფეროვანი, გრილზე დამზადებული ჰოთ-დოგებისა და სენდვიჩების დაგემოვნება შეგეძლებათ. აქვე შეხვდებით სასმელების დიდ არჩევანსაც. Big L’s Grill&Bar-ის შესახებ მის დამფუძნებელს, რევაზ პეტრიაშვილს გავესაუბრეთ:
M: როგორ გაჩნდა Big L’s Grill&Bar-ის შექმნის იდეა?ამ საქმიანობაში რამდენიმე ადამიანი ვართ ჩართული, სულ ოთხნი, დამფუძნებლები მე, რეზი პეტრიაშვილი, ნიკუშა კვირიკაძე, ბაჩო ძაძუა, ნიკო მამულაშვილი. HoReCa სფეროში ჩვენ-ჩვენი მიმართულებით მიღებული გამოცდილებით, მივხვდით, რომ ქართულ ბაზარს აკლია ჰოთ-დოგების, სენდვიჩებისა და გრილზე მოსამზადებელი პროდუქტების სწრაფი კვების რესტორნების ქსელი. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ადამიანებისთვის მხიარულებასა და კარგ განწყობასთან ასოცირდება. ხშირად ნახშირის გრილი ჩვენი გარე ღონისძიებების მთავარი ატრიბუტია რომელთანაც დასვენება, მეგობრები, მხიარულება ასოცირდება, რასაც თავისი განსხვავებული განწყობა შემოაქვს.
რაც შეეხება ბრენდს, გვინდოდა, გამორჩეული და თანამედროვე ყოფილიყო, ამიტომ შევარჩიეთ საქმის ერთერთი ყველაზე კარგი შემსრულებელი და გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი გიორგი პოპიაშვილი, რომელიც ჩვენს ხედვას, ზუსტად გამოსახავდა. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ, განსხვავებული, დახვეწილი, მხიარული და თანამედროვე განწყობა.
M: რა არის ბრენდის კონცეფცია?
ბრენდის კონცეფცია თანამედროვე სწრაფი კვების რესტორანია, რომელიც მომხმარებელს, გარდა გემრიელი საკვებისა, მუდმივ სიახლესა და ექსპერიმენტებს სთავაზობს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის გემრიელი ჰოთ-დოგი და სენდვიჩი, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევდა, ჩვენს ბრენდსა და პროდუქციასთან ასოცირდებოდეს.
M: რას მოიცავს Big L’s Grill&Bar-ის მენიუ?
6 სახის ჰოთ-დოგი გვაქვს, როგორც ჩვენ ვეძახით გრილ-დოგი, გრილზე დამზადებული ჰოთ-დოგი და და ორი სახის სენდვიჩი. შაბათ-კვირას მენიუ კი ცვალებადია. შეიძლება, იყოს შემწვარი ბეკონი განსხვავებული გარნირებით, ბურგერები, სოსისების ფართო არჩევანი, ხორცპროდუქტების საკმაოდ მოზრდილი პორციები ხორცის მოყვარულთათვის.
ყველა წერტილში, სადაც კი გვექნება შესაძლებლობა, ვგეგმავთ, ბარიც გვქონდეს. ამ ეტაპზე ჩვენი ბარი სრული მენიუთია წარმოდგენილი, არაერთი ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმლით. მომხმარებელს აქ ლუდის, ჩამოსასხმელი შუშხუნა ღვინის „ჟუჟუნა“, მრავალფეროვანი კოქტეილების, სხვადასხვა სახის ჭაჭისა და ბარმენების მიერ მომზადებული ლიმონათისა და “ქალაქში საუკეთესო ცივი ყავის” დაგემოვნება შეუძლიათ – ასე აფასებენ ამ სასმელს..
M: მოგვიყევით წარმოებისა და მზადების პროცესის შესახებ..
ჩვენი კერძები უბრალოდ სტანდარტული პურის, სოსისისა და სოუსისგან დამზადებული ჰოთ-დოგები არაა. ჩვენი მზარეულები, რომლებიც რთული შესარჩევი პროცესის შედეგად გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები, პროდუქციის შექმნისთვის განსხვავებულ ინგრედიენტებსა და იმპროვიზირებულ ტექნიკებს იყენებენ. გამორჩეულად გემრიელი და ხარისხიანი პური გვაქვს, რაც ქართულ ბაზარზე რთული მოსაპოვებელია. მალე რამდენიმე განსხვავებული სახის პური გვექნება, არჩევანიც უფრო დიდი იქნება. რაც ეხება უშუალოდ ხორცპროდუქტებს, ვაკის ხორცპროდუქტების ხორცეულზე ვმუშაობთ, ვინაიდან ერთ-ერთი მოწინავე და დიდი ტრადიციების მქონე კომპანიაა. შეიძლება ითქვას, ჩვენი ბრენდი სწორედ ამ კომპანიის ბაზაზე აღმოცენდა.
M: რითია გამორჩეული Big L’s Grill&Bar სხვა სწრაფი კვების რესტორნებისგან?
ბრენდის შემქმნელებს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დროსა და სივრცეში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. მაგალითად, მე კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ, ჩემი მეორე პარტნიორი ფინანსებს უძღვება, სხვა – ოპერაციულ ნაწილს… ვფიქრობთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა. ამასთან, ვაწარმოეთ ბაზრის სიღრმისეული კვლევა, რა სურდა მომხმარებელს და რისი მიღების შესაძლებლობას აძლევდა ბაზარი. რაც მთავარია, როგორც გითხარით, ჩვენი ჰოთ-დოგები უბრალოდ კერძი არაა, მრავალფეროვანი გემოვნური ნაზავი ჩვენს პროდუქციას განსაკუთრებულს ხდის. ამ ყველაფრის შექმნაში ჩვენი მთელი ენერგია, განწყობები, ენთუზიაზმი ჩავდეთ.
M: როგორია Big L’s Grill&Bar-ის გუნდის სამომვალო გეგმები?
ჯერჯერობით, თბილისის მასშტაბით გაფართოებას ვგეგმავთ. პირველი სკვები ობიექტი გავხსენით პეტრიაშვილის ქარხნის ტერიტორიაზე. ზამთრის სეზონზე გვინდა, გუდაური-ბაკურიანი ავითვისოთ, ზაფხულში – საზაფხულო კურორტები, ჩვენს პროდუქციას მომხმარებელს ფესტივალებზეც შევთავაზებთ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ბრენდი ყველგან და ყველასთვის ცნობადი და ხელმისაწვდომი იყოს, ასევე, განწყობა, რომელიც ამ ბრენდის შექმნაში ჩავდეთ, გვინდა, ჩვენი სტუმრებისთვის მირთმეულ პროდუქტში აისახოს.
[R]