2023 წლის 14 მაისი. შეხვედრის ადგილი სასტუმრო Radisson. შეხვედრის მიზანი – Spotlight! ღონისძიების თემა – Tech. დამსწრე საზოგადოება – ტექნოლოგიებით დაინტერესებული რამდენიმე ასეული ადამიანი. თემა – Big tech თუ ტორტი? სპიკერები: ტექნოლოგიების ევანგელისტი – ნინუცა ნანიტაშვილი, Google – ის კონტრაქტორი, პროგრამების მენეჯერი სტარტაპ მიმართულებით; თამუნა პაპავა – Glovo-ს ლაივ ოპერაციების მენეჯერი და Amazon-ის პროდუქტის ყოფილი უფროსი მენეჯერი; დემეტრე შანშიაშვილი – Microsoft-ის პროგრამის უფროსი მენეჯერი; დავით თვალჭრელიძე – პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – Google-ში.
ეს სახელები ალბათ უკვე გეუბნებათ იმას, თუ რა საინტერესო იყო Spotlight Tech, თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ერთი პანელური დისკუსია იყო და ამას გარდა, 20-მდე სხვადასხვა სპიკერის/სპიკერების გამოსვლა მოვისმინეთ. Google-ის, Microsoft-ის, Amazon-ის ქართველმა წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილებები გაგვიზიარეს. ამ კომპანიებს უმეტესობა ჩვენგანი პატარა ქვეყნიდან ნატვრით შეჰყურებს და აქ მუშაობაზე ყველა ჩვენგანი იოცნებებდა. კარგი იქნება, გავიგოთ, როგორია გლობალურ კომპანიებში მუშაობის რეალური გამოცდილება?
თამუნა პაპავა:
„როცა საქართველოდან Amazon-ში წავედი, პირველი, რაც დავინახე, იყო მასშტაბი. აქ თუ ვახერხებდი, რომ ვიწრო გარემოში ვყოფილიყავი გამორჩეული, იქ ხვდები, რომ ხარ ერთ-ერთი ამ დიდ მასშტაბში.
ბევრი რამ არის ისეთი, რაც სხვანაირად გგონია და სხვანაირად გვხვდება. მაგალითად, როცა შორიდან უყურებ დიდ კომპანიებს, გვგონია, რომ ყველაფერი საათივით არის აწყობილი, მაგრამ იქ მისული ხვდები, რომ მთლად ასეც არაა. გგონია, რომ მიხვალ და ყველაფერი გამზადებული დაგხვდება, თუმცა რეალურად, სტრუქტურა ხშირად შენი შესამუშავებელი ხდება, შენ უნდა მოიფიქრო და დაგეგმო, როგორ იმუშაო ამა თუ იმ პროექტზე”.
თავისი გამოცდილებები გააზიარეს დემეტრე შანშიაშვილმა და დავით თვალჭრელიძემაც. როგორც დემეტრემ გვითხრა, დიდ კომპანიაში მისვლისას მაინც სტარტაპული კულტურა დახვდა, რადგან გუნდები მცირე, 6-7 კაციან ჯგუფებადაა დაყოფილი. მისი მოლოდინი, რომ მივიდოდა კომპანიაში და ექნებოდა კონკრეტული როლი, არ გამართლდა. Microsoft-შიც სტარტაპულად მუშაობს – პატარა გუნდში, რომელიც დიდ საქმეებს აკეთებს. რაც შეეხება დავითს, მას სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში და გაგვიზიარა, რომ ეს ორი კულტურა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. ამერიკული გლობალური კომპანიები, როგორიცაა Google, შორ პერსპექტივაში უყურებენ ნებისმიერ წამოწყებას. მათ აინტერესებთ, როგორ იმუშავებს პროექტი წლების შემდეგ.
„ასეთ გლობალურ კომპანიაში მუშაობის ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ გუნდები შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგალითად, ჩვენ თუ ვართ აშშ-ში, მეორე გუნდი შეიძლება იაპონიიდან გვერთვებოდეს, რომელთანაც 13-საათიანი განსხვავებაა. ამ დროს ჭირს კოლაბორაცია, თუმცა მაინც ვახერხებთ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ყველა ასეთ კომპანიას საერთო ენა აქვს. მიუხედავად ამდენი სხვადასხვა გუნდისა, ყველამ იცის, რაზე ლაპარაკობს ერთი გუნდი”, – დემეტრე შანშიაშვილი.

რაზე გავამახვილოთ ყურადღება, თუ ტექში ახლა ვიდგამთ ფეხს?
დავით თვალჭრელიძე:
„დიდი დრო უნდა დახარჯო ყველა საბაზისო საგნისა და უნარის ათვისებაზე, სანამ ახალგაზრდა ხარ, რომ მერე შეგეძლოს უფრო დიდი რაღაცების სწრაფად სწავლა და სიახლეებზე მყისიერად გადაწყობა. მაგალითად, უნდა ისწავლო მათემატიკა, რადგან ის არ იცვლება და მოგვიანებით მასზე დროის ხარჯვა შეგაფერხებს. არის საგნები, საკითხები, რაზეც შეიძლება თქვა, რომ ამას მე არასოდეს გამოიყენებ, მაგრამ შენს საქმეში ერთ მშვენიერ დღეს დაგჭირდება”.
დემეტრე შანშიაშვილი:
„ყველგან ყურადღება ექცევა იმას, რომ შედეგებზე ხარ ორიენტირებული. ტალანტებს ყველგან ეძებენ. მთავარია, შეძლო იმის ჩვენება, რომ რაღაც პატარა აქციე დიდად. მე პირადად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც თავის დროზე მირჩია ან, თუნდაც, დამცინა, რადგან ამით ბევრი ვისწავლე”.
თამუნა პაპავა:
„ყველაზე მთავარი რჩევაა, რომ როცა რეზიუმეს გაგზავნით სადმე, აღწერეთ არა მხოლოდ სამუშაო პოზიცია და ის, რაც გევალებოდათ, არამედ რას მიაღწიეთ ამ მოვალეობის შესრულებით”.
და ბოლოს კითხვაზე – Big tech თუ ტორტი? ყველა სპიკერმა ერთხმად გვიპასუხა: რა თქმა უნდა, ტორტი!