in ,

დიდი ტრანსფორმაცია

ჩვენ დიდი ტრანფორმაციების საუკუნეში ვცხოვრობთ. თუმცა, ყველა ტრანსფორმაციას შორის არის ერთი, ჩემი ფავორიტი, რომელსაც უთუოდ ყველაზე შორს მიმავალი შედეგები ექნება საზოგადოებაზე, მარკეტინგზე, ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე.

მისი არგათვალისწინება კომპანიის მარკეტინგში ბაზრის წილის დაკარგვის და ბაზრიდან გასვლის წინაპირობაა. მისი არგათვალისწინება ეკონომიკურ პოლიტიკაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შემცირების და გრძელვადიანი ჩამორჩენის ტოლფასია. ეს ტრანსფორმაცია სამომხმარებლო „გამოცდილებებზე (experiences)“ დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლაა.

გასულ წელს ქართველი და უცხოელი კონსულტანტების ჯგუფმა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარების სტრატეგია შევიმუშავეთ. პროექტის ძირითადი მიგნება ის იყო, რომ საქართველო (და კონკრეტულად ის რეგიონიც) ტურისტული მიზიდვის ობიექტების ნაკლებობას არ განიცდიდა.

UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ობიექტი, დაცული ტერიტორიები, უნიკალური მღვიმეების სისტემა, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, საკვები, ღვინო – საკმარისზე მეტია, რომ ქვეყანამ საერთაშორისო დონის ტურიზმი განავითაროს. თუმცა, არ გაგიკვირდებათ, თანამედროვე ტურიზმის ღირებულების ჯაჭვში ჩართვისთვის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი – „ტურისტული გამოცდილებების“ (experiences) სისტემა ესაჭიროება, რაც ჯერ არ არსებობს. სწორედ ეს მიგნება გახდა ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების ქვაკუთხედი.

რა არის ტურისტული „გამოცდილება“? – ეს არის ის დასამახსოვრებელი აქტივობა, რასაც ტურისტი ასრულებს ან განიცდის ტურის დროს. მაგ: ერთია მოინახულო კულტურული ძეგლი და მეორე – მიიღო მონაწილეობა ფიზიკური, ინტელექტუალური, სულიერი ან ემოციური სახით საინტერესო თემატურ აქტივობაში, რომელიც დაუვიწყარ მომენტებს ტოვებს ტურისტის მეხსიერებაში.

“გამოცდილება” ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტურისტული ობიექტის დათვალიერება. თემატური ტურისტული გამოცდილებები თანამედროვე ტურისტული შეთავაზების განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ეს არის იმ დიდი ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ღრმად იდგამს ფესვებს ეკონომიკის ყველა დარგში, ცვლის ჩვენს შეხედულებას სამომხმარებლო ღირებულებაზე, მთლიანად ცვლის ეკონომიკის ფუნდამენტს, რომელიც სამომხმარებლო ღირებულების შექმნაა.

საქმე ისაა, რომ დღემდე ეკონომიკამ სამფაზიანი პროცესი გაიარა. საუკუნეების წინ აგრარული ეკონომიკის პიროებებში პირველადი აუცილებელი მოხმარების პროდუქტების (commodities) მოპოვება მთავარი ეკონომიკური ღირებულება, ხოლო ეკონომიკური იმპერატივი მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა. საზოგადოების განვითარებამ და სამომხმარებლო კულტურის ზრდამ საჭირო გახადა პირველადი მოხმარების საქონლის ადაპტირება და საქონლად გადაქცევა, რამაც სასაქონლო ეპოქამდე მიგვიყვანა.

სასაქონლო ეკონომიკაში მთავარი ეკონომიკური ღირებულება თავად საქონელი იყო, ხოლო წარმატების მთავარი განმსაზღვრელი – წარმოების ხარჯები და საქონლის საბოლოო ფასი. დროთა განმავლობაში მასიური წარმოება და მოხმარება ნელ-ნელა საქონლის ინდივიდუალურ მომხმარებელზე ადაპტაციამ შეცვალა, რაც მომსახურების პირველ პლანზე წამოწევის საფუძველი გახდა.

მომსახურების ეკონომიკაში მთავარი ეკონომკური ღირებულება თავად მომსახურება, ხოლო წარმატების განმსაზღველი ფაქტორი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო. მასიური მომსახურება ნელ-ნელა შეცვალა ინდივიდუალურ მომხმარებელზე მორგებულმა მომსახურებამ.

გასაკვირია, მაგრამ მომოსახურების ინდივიდუალურ მომხმარებელზე მორგებამაც შეიძლება მასიური ხასიათი მიიღოს და მომსახურებაც ე.წ. „კომოდიტიზაციის“ ობიექტი გახდეს. აი, სწორედ ამ დროს ლოგიკურად საჭირო ხდება თვისობრივად ახალი ეტაპი (რომლის ჩანასახის მომსწრენიც ჩვენ ვართ და რომელიც უფრო მეტად გაშლის ფრთებს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში). ეს არის „გამოცდილებების“ ეკონომიკა, რომელშიც მთავარი ეკონომიკური ღირებულება არა მომსახურება ან საქონელი, არამედ მათგან მიღებული ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური „გამოცდილებებია“.

ბიზნესის მთავარი იმპერატივი კი ავთენტური „გამოცდილებების“ მიწოდება ხდება. იხილეთ საინტერესო ვიდეო ამ თემაზე

http://www.ted.com/talks/joseph_pine_on_what_consumers_want.html

მართლაც, XXI  საუკუნეში ტურისტი აღარ მოგზაურობს ტურისტული ობიექტების უბრალოდ სანახავად, არამედ მაღალი ხარისხის, ავთენტური ტურისტული „გამოცდილებებისთვის“, რისიც მიღებაც ამ ადგილებში შეიძლება. ამიტომაც არის, რომ მაღალანაზღაურებადი ტურიზმის სახეობები, როგორებიცაა ბაიკინგი, სპელეოდაივინგი, სპასთან დაკავშირებული ტურისტული სახეობები სულ უფრო პოპულარული ხდება. მათში ტურისტები უფრო მეტ ფულს იხდიან. ამიტომაც უნდა იყოს ტურიზმის ასეთი სახეობები ქვეყნისთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მასიური ტურიზმის სახეობები.

ის, რაც ტურიზმზე ითქვა, თანაბრად ვალიდურია სხვა დარგებისთვისაც. „გამოცდილება“ ეკონომიკაში უფრო და უფრო მეტ სამომხმარებლო ღირებულებას ქმნის, ვიდრე თვით საქონელი ან მომსახურება. შესაბამისად, მომხმარებელი მათში უფრო მეტს იხდის, ქვეყანაც უფრო მეტ დოვლათს ქმნის და ეკონომიკაც სწრაფად იზრდება.

არ არსებობს საქონელი თუ მომსახურება, რომლისთვისაც რაიმე სამომხმარებლო გამოცდილების მოფიქრება არ შეიძლება, შეფუთვის, ფუნქციონალურობის, დისტრიბუციის ადგილის, სხვა საქონელთან/მომსახურებასთან შეწყვილების ან რაიმე სხვა საშუალებით. ყველა საქონელი/მომსახურება პირდაპირ ან არაფირდაპირ მომხმარებლის ავთენტური „გამოცდილებების“ მიღების ნაწილი უნდა იყოს და მასში წვლილი უნდა შეჰქონდეს.

ალბათ უკვე არ არის გასაკვირი, თუ რატომ გახდა Apple  ასეთი წარმატებული; თუ რატომ ღირს პოპკორნი კინოთეატრში თითქმის 10 ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე სუპერმარკეტში; ან რატომ იხდიან ტურისტები ფულს იმაში, რომ ყურძნის დაწურვაზე ამუშაონ; ამ მაგალითებიდან ყოველი მათგანი ხომ სამომხმარებლო „გამოცდილების“ ელემენტს გულისხმობს (ღვინის დაწურვა) ან მისი ნაწილია (პოპკორნი).

აქედან მორალი:

თუ თქვენ მარკეტერი ხართ ან ბიზნესს უძღვებით და გინდათ შექმნათ ღირებულება და გრძელვადიანი კონკურენტული ბრძოლა მოიგოთ, იფიქრეთ რა სამომხმარებლო „გამოცდილების“ მიწოდება შეუძლია თქვენს საქონელს/მომსახურებას მომხმარებლებისთვის; და ამასთან, რაც შეიძლება ავთენტური ფორმით! თუ ბიზნესის დაწყებას აპირებთ, უმჯობესია სწორედ ის დარგი აირჩიოთ, რომელიც დიდი დოზით შეიცავს „გამოცდილებებს“! ასეთი დარგების ზრდა მომდევნო ათწლეულებში ხომ ერთი-ორჯერ უფრო ალბათურია, ვიდრე სხვა ტრადიციული დარგების.

თუ თქვენ უმაღლეს ლიგაში – სახელმწიფო სამსახურში ხართ ან ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიის შემუშავებაზე მიგიწვდებათ ხელი, მხარი დაუჭირეთ ისეთ სექტორებს, სადაც მაღალი ხარისხის და ავთენტური გამოცდილების მიწოდება შეუძლია საქართველოს გარე სამყაროსთვის!

უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ სექტორებში იქნება საქართველო ამ და ალბათ მომდევნო საუკუნეშიც კონკურენტუნარიანი – საქართველოში ხომ, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ შემორჩენილია ავთენტურობა…

ავტორი: თენგო ლომიტაშვილი



თასი

Georgia StartUp Cup – ბიზნეს მოდელების კონკურსი

შენი “მორჩილი” ტურისტები