9
Sep
2019

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მარათონები

9 Sep 2019

მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი მარათონი იმართება. ბევრ ქვეყანას უკვე ტრადიციად ექცა სხვადასხვა მიზნობრიობის მარათონები ჩაატაროს და მისი კულტურა საზოგადოებაში დაამკვიდროს. მართლაც, როგორც კვლევები აჩვენებს, მარათონის მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.. ადამიანები პოულობენ ძალას, შეუდგნენ ამ რთულ გზას და თავიანთი შესაძლებლობები მარათონის ბილიკზე გამოსცადონ.

 

და მაინც, როგორია მისი ტენდენცია დღესდღეობით? 2019 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2008-დან 2018 წლამდე, მთელ მსოფლიოში მარათონის მონაწილეთა რიცხვი 49.43%-ით გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში ზუსტად 1,298,725-მა ადამიანმა მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა. ეს კი, ძირითადად, შემდეგი ქვეყნების ხარჯზე მოხდა: ინდოეთი, პორტუგალია, ირლანდია.. დღესდღეობით მარათონის დასრულების საშუალო დროს 4 საათი და 29 წუთი შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მარათონს ქალები უფრო მალე ასრულებენ, ვიდრე კაცები, რაც მათ მაჩვენებლებში გამოიხატება: თუკი მარათონის დასრულების საშუალო დროდ კაცებში 4 საათი და 48 წუთია დადგენილი, ქალები საშუალოდ 4 საათსა და 21 წუთს ანდომებენ მას.

დღეის მდგომარეობით, მათი სამეული, ვინც მარათონის სტანდარტული მანძილი – 42 კმ და 195 მეტრი რეკორდულ დროში დაფარა, ამგვარია:

Eliud Klipochge კენიიდან, რომელმაც ბერლინის მარათონი 2018 წელს 2 საათსა და 1 წუთში დაფარა

Mosinet Geremew ეთიოპიიდან – მან ლონდონის მარათონი 2019 წელს 2 საათში, 3 წუთსა და 55 წამში გაირბინა

Dennis Kimetto კენიიდან, რომელმაც ბერლინის მარათონი 2014 წელს 2 საათში, 3 წუთსა და 57 წამში გაირბინა

დღესდღეობით მსოფლიოში მარათონში მონაწილეობის მაღალი ხვედრითი წილით ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ისლანდია ლიდერობენ. რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ერებს მარათონში, მათ შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი წარმოადგენენ. ფაქტია, რომ მარათონებში ევროპა აქტიურადაა ჩართული. თუმცა, დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი მარათონებით კონკრეტული ქალაქები ლიდერობენ. აი ისინიც:

ნიუ-იორკის მარათონი

ნიუ იორკის მარათონი პირველად 1970 წელს ჩატარდა და მას მერე ყოველი წლის ნოემბრის პირველ კვირა დღეს ტარდება ხოლმე. გამონაკლისი მხოლოდ 2012 წელია, ამ წელს “ქარიშხალი სენდის” გამო მარათონი არ ჩატარებულა. მასში პროფესიონალი თუ მოყვარული ათლეტები იღებენ მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. შეჯიბრს ორგანიზებას უწევს კლუბი NYRR (New York Road Runners). შეჯიბრის დიდი პოპულარობის გამო, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 37.000-ით, რომლებსაც ლატარიის სისტემით ირჩევენ და უპირატესობას წინა მონაწილეებს ანიჭებენ. ნიუ იორკის მარათონის გრანდიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ იგი 2018 წელს 52 812-მა ადამიანმა დაასრულა, 2017 წელს კი მას 98 247 მონაწილე ჰყავდა. მარათონზე მონაწილეები, ძირითადად, ონლაინ რეგისტრირდებიან – ავსებენ სპეციალურ ფორმას და იხდიან მარათონის საფასურს – 11 დოლარს. 18 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მასში მონაწილეობა მიიღოს.

ჩიკაგოს მარათონი

ჩიკაგოს მარათონი პირველად 1977 წელს ჩატარდა და მასში 4 200 აპლიკანტი მონაწილეობდა. მას შემდეგ მარათონი ყოველ წელს, ოქტომბერში იმართება, თუმცა, გამონაკლისია 1987 წელი, როდესაც მხოლოდ ნახევარ მარათონი შედგა. ოფიციალური დრო მის დასაფარად 6 საათი და 30 წუთია. აღსანიშნავია, რომ მასზე დარეგისტრირება წყდება მაშინ, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს. მასში მონაწილეობის მსურველი მინიმუმ 16 წლის უნდა იყოს. 2008 წლიდან მარათონის ოფიციალური სპონსორი ამერიკის ბანკია, რის გამოც შეჯიბრს ამერიკის ბანკის ჩიკაგოს მარათონი ეწოდება.

პარიზის მარათონი

პარიზის მარათონი პირველად 1896 წელს ჩატარდა და მასში 191 ადამიანი მონაწილეობდა. მარათონის სიგრძე, დაახლოებით, 40 კილომეტრს შეადგენდა. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი დაეჯილდოვებინათ, ვინც ამ მანძილს 4 საათზე ნაკლებ დროში დაფარავდნენ. იმისთვის, რომ დღეს ამ მარათონში მიიღონ მონაწილეობა, მსურველებს ჯანმრთელობის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა ჰქონდეთ. მასში მონაწილეობა 18 წლიდან შეიძლება.

ლონდონის მარათონი

ლონდონის მარათონი პირველად 1981 წელს ჩატარდა. სწორედ ამ პერიოდიდან დღემდე ამ ღონისძიებამ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდისთვის 450 მილიონ  ფუნტ სტერლინგზე მეტი შეაგროვა. მარათონში 37 ათასზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობს. თითოეული მონაწილე გარკვეული საქველმოქმედო მიზნით ცდილობს 42 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვას.

ბერლინის მარათონი

ბერლინის მარათონი 1974 წლიდან იღებს სათავეს და 2000 წლის გარდა იგი ყოველწლიურად ტარდება. მისი ოფიციალური სიგრძე 42.195 კილომეტრია. მონაწილეების რიცხვი მკაცრად არის განსაზღვრული და 40 000-ს შეადგენს. აქ დარეგისტრირება მხოლოდ და მხოლოდ ტურ ოპერატორების მეშვეობითაა შესაძლებელი. ბერლინის მარათონი German Athletics Organization-ის მიერაა ორგანიზებული. მასში მონაწილეობა 18 წლიდანაა შესაძლებელი.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა