1
Apr
2019

მთაწმინდაზე “Bike Fest 2019” გაიმართება

1 Apr 2019

20 აპრილს, მთაწმინდის პარკში, “Bike Fest” 2019 გაიმართება. ღონისძიება აერთიანებს შეჯიბრს ველოსპორტის ექსტრემალურ სახეობებში, თამაშებს, მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენასა და ა.შ. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში ველოკულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 

ველორბოლა მოიცავს ორი კატეგორიის შეჯიბრს – Downhill (სწრაფი დაშვება) და Cross Country (სამთო რბოლა).

„ორივე კატეგორიის შეჯიბრი გაიმართება „მთაწმინდის პარკში“. ბილიკის შესახებ დეტალების ნახვა ფესტივალის Facebook-ის გვერდზეა შესაძლებელი. ზუსტი მონაცემები ცნობილი, ფესტივალამდე, 1 კვირით ადრე გახდება, რომ თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად: ბილიკის დაზიანება, წინასწარ შესწავლა და ა.შ.“

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება გასართობი თამაშები ველომოყვარულებისათვის, რომელში მონაწილეობასაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებსა და გამორჩეულად აქტიურ მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

„ფესტივალზე ჩატარდება სერვისის მასტერკლასიც. სტუმრებს, სრულიად უსასყიდლოდ, მოემსახურებიან პროფესიონალი მექანიკოსები და რჩევებს მისცემენ – დაინტერესებულ პირებს, სპეციალისტები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ, ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ“.

ასევე, მოეწყობა ველოსიპედების გამოფენა. ორგანიზატორების თქმით, ექსკლუზიურად, Bike Fest-ის ​სტუმრებისთვის, წარმოდგენილი იქნება GHOST Bikes • Georgia-ს მოდელები ახალი, 2019 წლის კოლექციიდან. 

„ფესტივალის ფარგლებში,  გაიმართება „GHOST ტესტ რაიდი“. ცნობილი მოდელების „გატესტვას“ ნებისმიერი მსურველი, სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს“.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, სტუმრებს, ადგილზე, კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდება.

„ დაგხვდებათ ჯანსაღი, სასიამოვნო და გასართობი გარემო ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს, საქართველოში ველოკულტურის განვითარებას და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, ფესტივალის წინა დღეს კი, მონაწილეებს, სპეციალური ნომრები გადაეცემათ. “.

განხილვა