in

ამიერიდან, ბილეთები ონლაინ, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გამავალ მიკროავტობუსებზე

biletebi.ge-მ პირველი ელექტრონული სამარშუტო ქსელი შექმნა, რომლის მეშვეობითაც, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გამავალ ნებისმიერ ტრანსპორტზე ბილეთის შეძენას ონლაინ და მობილური აპლიკაციით შეძლებთ. პროექტის ფარგლებში, ერთი მხრივ ვებგვერდ biletebi.ge-ს დაემატა ტრანსპორტის მიმართულება, მეორე მხრივ კი, მოხერხდა ორთაჭალის სადგურზე, სამგზავრო ბილეთების გაყიდვის პროცესის ავტომატიზაცია. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მომხმარებლის გამოცდილების გამარტივების, ასევე, სადგურის ფუნქციონირების გათანამედროვების კუთხით.

როგორც მარკეტერთან საუბრისას Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელი – დავით მიზანდარი აცხადებს, აქამდე, მომხმარებელს რეისების გასარკვევად/ბილეთის შესაძენად და გასამგზავრებლად ცალ-ცალკე უწევდა ორთაჭალის სადგურში მისვლა, ან ლოდინი. დღეს კი, ყველას საკუთარი სმარტფონით შეუძლია ნახოს განრიგი და შეიძინოს ბილეთი. ამ ეტაპზე, „ბილეთები.ჯი“ მხოლოდ ორთაჭალის ავტოსადგურთან და „ჯორჯიან ბასთან“ თანამშრომლობს. კომპანიის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი დასავლეთის მარშრუტების სრულად ავტომატიზაცია იქნება.

წლების წინ, biletebi.ge იყო პირველი, ვინც დანერგა ელექტრონული ბილეთების სისტემა საქართველოში, კინოთეატრებისა და გართობის მიმართულებით და ახლაც, ჩვენ  ვართ ნოვატორები ტრანსპორტის სფეროში. ამ ეტაპზე, შესაძლებელი გავხადეთ ბილეთების ონლაინ შეძენა ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ორთაჭალის დიდი სადგურიდან გადის. რაც შეეხება თვითონ სადგურზე მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციას, აქ „ბილეთები.ჯის“ პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს, რისი მეშვეობითაც ხდება განრიგის, მარშრუტების, სალაროსა და სტატისტიკის მართვა“, – გვიყვება დავით მიზანდარი, biletebi.ge-ს თანადამფუძნებელი.

M: როგორ მოხერხდა ორთაჭალის ავტოსადგურის ავტომატიზაცია?
ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. გადავამზადეთ მოლარე ოპერატორები და გადავნომრეთ სამარშრუტო მიკროავტობუსები. ჩვენც საკმაო ინვესტიცია გავწიეთ, ისევე, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე, სასერვერო აპარატურის შეძენის კუთხით. დღეს კი, გვაქვს საკმაოდ კარგი მოცემულობა – იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ კავშირი მწყობრიდან გამოვა, ეს ავტოსადგური შეუფერხებლად გააგრძელებს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას. მთავარი კი ის არის, რომ ავტოსადგურის სისტემა გახდა გამჭვირვალე და ამასთან, გამარტივდა სტატისტიკის წარმოება. ავტოსადგურს აქვს შესაძლებლობა წინასწარ გათვალოს მოთხოვნა და ოპტიმიზაცია გაუკეთოს საკუთარ რესურსს, რაც სხვა ავტოსადგურებისთვის ჯერ კიდევ ფუფუნებაა.

M: ორთაჭალის ავტოსადგურიდან გადის ტრანსპორტი რეგიონებში და ქვეყნის გარეთ… თუ შეგიძლიათ აღგვიღწეროთ ბილეთის ონლაინ შეძენის პროცესი და ასევე, არის თუ არა მორგებული აპლიკაცია უცხოელ მომხმარებელზე?
ორთაჭალის სადგურიდან ძირითადი რეისები აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით ხორციელდება, უფრო კახეთის რეგიონისკენ. თუმცა, აქედან ასევე გადის ავტობუსები სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში და ა.შ. biletebi.ge-დან ნებისმიერი მარშრუტის ნახვა და ბილეთის შეძენაა შესაძლებელი, როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე. როგორც კი ირჩევ მიმართულებას და გასვლის თარიღს, აპლიკაციაში ჩნდება სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც ადგილების შერჩევაც შეგიძლია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბილეთის შეძენა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრეა შესაძლებელი, და ამ ყველაფრის გაკეთება Android და iOS-ის ოპერაციული სისტემების სმარტფონებით არის შესაძლებელი და ასევე ვებგვერდზე www.biletebi.ge.

როგორც დავით მიზანდარი აღნიშნავს, ახალი სერვისი როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს, გაუადვილებს ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებას.

“შენია” – ბავშვებზე მორგებული პერსონიფიცირებული წიგნები

ქართველების თვალით დანახული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია