17
Nov
2019

მოგზაურობის ინტერაქტიული გზამკვლევი, ანუ ქართული აპლიკაცია „ბილიკი“

17 Nov 2019

Startauperi
Startauperi


„ციფრული გამოცდილება“ ეს ის სინტაქსური წყვილია (იგივე სინტაგმა), რომელსაც ბოლო დროს, თანამედროვე ბიზნესსერვისების აღსაწერად ყველაზე ხშირად ვიყენებთ ხოლმე. როგორც წესი, ამაში ვგულისხმობთ კონკრეტულ სფეროში არსებული გამოწვევის ციფრულ გადაწყვეტას, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად.

ლაშქრობა, Off-road, ეკოტური, ქალაქის ტური, შოპინგი, კულტურული ღირსშესანიშნაობები თუ რელიგიური დაწესებულებები და სხვა – „ბილიკი“ ქართული აპლიკაციაა, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ტურის დაგეგმვაში გვეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, უფასოდ, ასევე, Offline და ჯერჯერობით, მხოლოდ Android-ის ოპერაციული სისტემის საშუალებით. დეკემბრიდან, უკვე iOS-ზეც ხელმისაწვდომი იქნება.

აპლიკაცია მუშობს შემდეგნაირად: იწერ, ინტერესის მიხედვით, ტურს ირჩევ, რომლის შესახებაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასთან ერთად, შესაბამის რჩევებსაც იღებ.

 

რა იგულისხმება ტურში? – ესაა მზა მარშრუტი, მის შესახებ, რუკაზე დატანილი სრული ინფორმაციით, მათ შორის, ფოტომასალით: მანძილი, გზის ტიპი (ასფალტი, გრუნტი, ბილიკი), რაც გეხმარება, შესაბამისი ეკიპირებითა თუ ტრანსპორტით იყო წარმოდგენილი კონკრეტულ მარშრუტზე, ან გაიგო, სად შეგიძლია მანქანის ქირაობა და როგორ შეიძლება დანიშნულების ადგილამდე მისვლა; მარშრუტის გავლისას, რუკაზე საკუთარ თავს ხედავ და სულ რომ ვერ ხვდებოდე, სად მიდიხარ, GPS ლოკაცია ჩართული თუ გაქვს, იმას მაინც გაარკვევ, სწორ გზას ადგახარ, თუ არა; ასევე, აპლიკაციაში ინტეგრირებულია ინფორმაცია ისტორიული თუ კომერციული ობიექტის შესახებ, პირობითად, შეიძლება, ეს იყოს გელათის სამონასტრო კომპლექსის ისტორია ან მიმდებარედ არსებულ სასტუმროებში ჯავშნის შესახებ დეტალები და სხვა. რაც მნიშვნელოვანია, აპლიკაციას სხვადასხვა ტიპის რჩევა, ტურიდან გამომდინარე, ემატება.

დამფუძნებელი ცირამუების ოჯახია: მამა – სერგო ცირამუა და ძმები – გიორგი და თორნიკე ცირამუები. კომპანიის შპს-ც ასე დაარეგისტრირეს: „ძმების ბილიკი“, რომლის დაფუძნების ისტორიაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის, სერგო ცირამუას ინიციატივას უკავშირდება.უნდოდა, გეოინფორმაციული სისტემები (GIS), ანუ ელექტრონული რუკები და მათზე დატანილი მონაცემთა ბაზა (ისტორია, ფოტოები) ტურიზმის სფეროში გამოეყენებინა. შვილებთან ერთად, კვლევითი ორგანიზაცია, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც, აპლიკაცია TravelGIS შეიქმნა. 2011 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, ექსპედიციებით, ტურისტული რესურსები იკვლიეს და დაახლოებით, 3000-ზე მეტი არქეოლოგიური, ისტორიული ობიექტი შეისწავლეს. შედეგად კი, ცენტრალიზებული გეომონაცემთა ბაზა შეიქმნა.

საბოლოოდ, გიორგისა და თორნიკეს ინიციატივით, კვლევითი ორგანიზაცია კომერციულ პროექტ – აპლიკაცია „ბილიკად“ იქცა.

„ბილიკის“ მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ მომხმარებელს დაეხმაროს საქართველოში მოგზაურობაში – იქნება ის უცხოელი თუ ქართველი“, – გვიხსნის გიორგი ცირამუა და იმასაც ამატებს, რომ აპლიკაციაში ინტეგრირებულია გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომერი 112, რომელზე დარეკვაც პირდაპირ რუკიდან, ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი. მისი აპლიკაციაში ჩაშენების საჭიროებას კი ასე განმარტავს: „როდესაც იბნევი, დიდი შანსია, საერთოდ არ გახსოვდეს ეს ნომერი, ანდაც, უცხოელი ტურისტი თუ ხარ, შეიძლება, უბრალოდ, არ იცოდე“, შესაბამისად, ეს ფუნქციონალი მოგზაურის უსაფრთხოებას, გარკვეულწილად, უზრუნველყოფს.რაც შეეხება მარშრუტის შესახებ ინფორმაციის განახლებას, გიორგი ამბობს, რომ ჯერჯერობით, „ბილიკის“ აპლიკაციაში ინფორმაცია ექსპედიციების საშუალებით ახლდება, თუმცა, სამომავლოდ, აპირებენ, რომ კომუნიკაცია გზების დეპარტამენტთანაც ჰქონდეთ და მათგან ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მიიღონ ხოლმე.

M: გიორგი, როგორც ვიცით, აპლიკაცია უფასოა… რას ნიშნავს „ბილიკი“, როგორც კომერციული პროექტი?
აპლიკაციის ბიზნესმოდელში რეკლამირებისა და სპონსორობის მოდელი გვიდევს, რაც გულისხმობს შემდეგს: თითოეულ ტურს შეიძლება, თითო სპონსორი ჰყავდეს, რითაც კომპანიის პიარის ერთგვარ პლატფორმადაც შეიძლება, განვიხილოთ ჩვენი აპლიკაცია.

გარდა ამისა, „ბილიკზე“, ვთქვათ, რესტორნის, მაღაზიის და სხვა კომერციული ობიექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება ფასიანია.

კომპანიებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ, რომელიმე რჩევის წარმდგენები გახდნენ და პირობითად, სალაშქრო აღჭურვილობის მაღაზია თუა წარმდგენი, მას საშუალება აქვს მომხმარებელს, მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტზე მორგებული ბათინკი ურჩიოს, რაც ფლეისმენტად შეგვიძლია, გადმოვთარგმნოთ.

ინტეგრაცია გვაქვს Booking.com-თან, რის ხარჯზეც, მომხმარებლებს სასტუმროს დასაჯავშნად, სხვა სისტემაში გადასვლა აღარ უწევთ. ესეც, თავის მხრივ, დამატებითი მონეტიზაციის საშუალებაა.

M: სჭირდება, თუ არა თქვენს სამიზნე სეგმენტს ქცევის შეცვლა?
ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ბაზარზე პროდუქტი არ არსებობდა მათთვის, ვისაც არა ტურისტულებთან ერთად, არამედ დამოუკიდებლად უყვარს მოგზაურობა. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, „გუგლში“ იძიებენ ყველანაირ ინფორმაციას. ჩვენ გვინდა, მათ ვასწავლოთ, რომ ერთ სივრცეში, ტურის დაგეგმვასთან დაკავშირებული, ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია.

M: საით მიდის თქვენი „ბილიკი“… როგორია თქვენი პერსპექტივები ბიზნესის განვითარების კუთხით?
ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ ტურები ნებისმიერი ქვეყნისთვის დავგეგმოთ. რამდენიმე ტური უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანში გვაქვს და მომავალ წელს, მათ „ბილიკზე“ განვათავსებთ. ჯერ გვინდა, საქართველო მოვიცვათ, შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზეც შევიდეთ და მერე უკვე სხვა ქვეყნებსაც მოვედოთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა