ჯერ კიდევ წინა წელს, როდესაც პანდემია როგორც ყველა სფეროს, ისე მარკეტინგსაც მძაფრად შეეხო, ორმა მეგობარმა – მირიან ჯუღელმა და გიგა ხურცილავამ გადაწყვიტა, შეექმნა მოძრავი დიზაინის სტუდია “Biliki Studio”, რომელიც ბრენდებს საკუთარი სათქმელის გადმოცემაში დაეხმარებოდა. თუ რატომ აირჩიეს კომუნიკაციის ამ გზაზე მუშაობა და როგორ მიდის დღეს ეს საქმიანობა, ამაზე მირიან ჯუღელს გავესაუბრეთ:
M: პირველ რიგში, საიდან გაჩნდა იდეა, Motion Design Studio შეგექმნათ – ვინ და ვინ შექმენით და როდის?
Biliki Studio ორმა მეგობარმა, მირიან ჯუღელმა და გიგა ხურცილავამ შევქმენით, ჩვენ ერთმანეთი წლების წინ, საქართველოს ბანკში მუშაობის დროს გავიცანით, ჯერ კიდევ მაშინ საკმაოდ კარგად ავაწყეთ სამუშაო პროცესი და ერთად 100-ზე მეტი საკომუნიკაციო მასალა შევქმენით. 2020-ში, როდესაც Covid-B19-ის პანდემიამ ყველაზე უფრო მარკეტინგულ ბიუჯეტებზე იქონია ზეგავლენა, მივხვდით, რომ ბრენდებს აღარ ჰქონდათ ისეთივე შესაძლებლობა მაღალბიუჯეტიანი კამპანიების წარმოებისა, როგორც ადრე. გარდა ამისა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ბევრი ახალი ციფრული ბიზნესი გაჩნდა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ დიდი კომუნიკაციის წარმოების რესურსები, ამიტომაც მათთვის რაიმე უფრო ეფექტური უნდა შეგვეთავაზებინა. ასე დაიბადა Biliki Studio-ს იდეა, რომელიც სრულად დისტანციურად შევქმენით და 2020-ის დეკემბერში, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარვდექით.
M: რას მოიცავს კონკრეტულად თქვენი საქმიანობა?
Motion Design-ი, იგივე მოძრავი დიზაინი, ბრენდებს შესაძლებობას აძლევს, სუფთა ფურცლიდან შექმნან ისეთი ვიდეო ან ანიმაცია, რომელიც მათ სათქმელს რეალურ კადრებზე ნაკლებად თუ არა, მეტადაც გადმოსცემს. დღემდე, ისეთი დიდი ბრენდების კომუნიკაციის უდიდესი ნაწილი, როგორიცაა Google, Facebook, Netflix, Nickelodeon და ა.შ. Motion Design-ით კეთდება, რადგანაც ის შესაძლებლობას იძლევა, ბრენდის სათქმელი ყველაზე საინტერესოდ და მარტივად გადმოსცე. Motion Design-ს ხშირად იყენებენ ახალი აპლიკაციის, ფუნქციონალის, რეგულაციის ან რაიმე სხვა სიახლის ასახსნელად.
M: გლობალურ ბაზარზე გახვედით – როგორ მიხვედით აქამდე, რა გზა გაიარეთ და რა წარმატებებს მიაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში?
გამომდინარე იქიდან, რომ Motion Design-ში ფიზიკური, რეალური კადრების გადაღება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ასევე არაა აუცილებელი ერთ რომელიმე ლოკაციაზე ყოფნა, აქედან გამომდინარე, თავიდანვე დავისახეთ მიზნად გლობალურ ბაზარს საქართველოდან შევჭიდებოდით, რისი გამოცდილებაც გვაქვს. საქართველოში წარმატებით დასრულებული პროექტების შემდეგ, გავიხედეთ საზღვრებს გარეთ, დავუკავშირდით რამდენიმე უცხოურ Motion Design სტუდიას და კოლაბორაცია შევთავაზეთ.
M: ახლახან დიდი შეკვეთაც დაასრულეთ – რას მოიცავდა, რამდენად მასშტაბური იყო და საერთოდ როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?
სულ ახლახან დავასრულეთ ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელზეც ბოლო თვეები ვმუშაობდით. კლიენტი – European Partnership for Democracy (EPD) ბრიუსელში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. EPD-ს სურდა, შეგვექმნა ისეთი ვიდეო, რომელიც ყველა კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, ყველაზე მარტივად მოყვებოდა მათი მუშაობის სპეციფიკას. პროექტი საკმაოდ რთული იყო, რადგანაც ვიდეო 5 ენაზე უნდა შეგვექმნა და მასში 9 ქვეყნიდან იყვნენ ადამიანები ჩართული. პროექტი სუფთა ფურცლიდან მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ, სრულად დისტანციურად ვმართეთ და ძალიან გვიხარია, რომ ორგანიზაციას დავეხმარეთ, მისი სათქმელი კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანა. გარდა ამისა, ახლა გვაქვს მოლაპარაკება და მალე დავიწყებთ გრძელვადიან თანამშრომლობას ამერიკულ საგანმანათლებლო სტარტაპთან, რომელთან აქამდეც გვიმუშავია.
M: თქვენი ამჟამინდელი ინიციატივაა, რომ დამწყებები აიყვანოთ – გვიამბეთ ამაზე სრულად..
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ, როგორც ამ ინდუსტრიაში, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების საქართველოდან დაკმაყოფილებაში, ამიტომაც ჩვენი გეგმაა, შევქმნათ Motion Design-ის სკოლა, სადაც ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს და დამწყებებს ამ პროფესიას შევასწავლით და შემდგომ საერთაშორისო პროექტებზე წვდომას გავუხსნით.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ზოგადად?
Motion Design-ის ინდუსტრიაში, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია, ამიტომაც ახლა აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო კოლაბორაციებზე, რათა საქართველოც გახდეს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც Motion Design-ის ხსენების დროს ადამიანებს გაახსენდებათ.