ბილ გეიტსმა 2024 წელთან დაკავშირებული პროგნოზები საჯაროდ გაანდო საზოგადოებას. გასულ წელს მაიკროსოფტის დამფუძნებელი ხელოვნური ინტელექტის დრამატულ მიღწევებზე საუბრობდა და ტექნოლოგიის პოტენციურ გავლენას განიხილავდა ჯანმრთელობაზე, კლიმატსა და გლობალურ განვითარებაზე. ამჟამად კი კიდევ უფრო მეტად დაფიქრდა ინოვაციებზე.
„სულ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, თუ რას მიიღებს ჩემი შვილიშვილი მემკვიდრეობით და რა იქნება ათწლეულების შემდეგ, როცა მისი თაობის ხელში გადავა მთელი პასუხისმგებლობა“, — აღნიშნავს გეიტსი.
ხელოვნური ინტელექტი
როგორც ჩანს, ბოლო დროს გეიტსმა განსაკუთრებით დააფასა დასვენების კულტურა, რაშიც ხელოვნური ინტელექტის როლსაც ხედავს. მისი თქმით, AI-ის ტრანსფორმაციულ ძალას გლობალური უთანასწორობის მოგვარება შეუძლია, ჩვენ კი ჯერ მხოლოდ ამ გარდამავალი ეტაპის საწყის ნაბიჯებს გავდივართ. „ახლა უკეთესი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებ, თუ რა სახის სამუშაოების შესრულებას შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სისტემები. ასევე, გაცილებით ნათელია, როგორ შეიძლება მისი განათლების თუ მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით გამოყენება“, — განმარტავს ბილ გეიტსი.

აქვე დასძენს, რომ ეს ყველაფერი მისთვის მოტივაციად იქცევა, რადგან ტექნოლოგია საშინელი უთანასწორობის შემცირებას უწყობს ხელს.
ყოველთვის მტკიცედ მჯეროდა ინოვაციის ძალის
ისიც საინტერესოა, რომ ტექნოლოგიური მაგნატი პარალელებს ავლებს ინტერნეტის გაჩენასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამჟამინდელ ეტაპს შორის. აცნობიერებს აღფრთოვანებისა და შეშფოთების ტალღებს AI-ის შესაძლებლობებთან მიმართებით — თავადაც აღიარებს პირვანდელ დისკომფორტს, რაც ტრადიციული მეთოდების გარდაქმნას მოჰყვება. „ვფიქრობდი, რომ AI ინსტრუმენტებს მარტივად გამოვიყენებდი ფონდის სტრატეგიის მიმოხილვისთვის, რომელიც ასობით გვერდის გაანალიზებას გულისხმობს. სისტემას კი ზუსტად შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ძველი ჩვევებისგან თავის დაღწევა ძნელი აღმოჩნდა“.
მიუხედავად ამისა, შეზღუდული რესურსების სამყაროში გეიტსი ხელოვნურ ინტელექტს მთავარ იარაღად აღიქვამს. მისი თქმით, ინოვაციაა გასაღები, რათა ყოველი დახარჯული დოლარიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.
ექიმი რობოტები
ბუნებრივია, ერთი ტექნოლოგიის განვითარება ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება ბევრ სფეროზე. მედიცინა კი ერთ-ერთი მათგანია, ვინაიდან AI საშუალებას იძლევა, მონაცემთა დიდი ნაკრები ძალიან მოკლე დროში გააანალიზონ. შესაბამისად, ისეთი დაავადებების მკურნალობაც გაცილებით ადვილი გახდება, როგორებიცაა კიბო, შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია.
ბირთვული ენერგიის შეცვლა
გეიტსი ენერგეტიკის სექტორშიც ელის ინოვაციურ წინსვლას — განსაკუთრებით ისეთ რთულ სფეროებში, როგორიცაა ბირთვული ენერგია. გარემოსთან დაკავშირებით, ქარის და მზის ენერგიის მიღმა გადის და სოფლის მეურნეობას უკავშირდება… კერძოდ, ბირთვული ენერგიის მზარდ მიღებას აკვირდება. „ეს არის ნახშირბადისგან თავისუფალი ერთადერთი ენერგიის წყარო, რომელსაც უწყვეტად შეუძლია ჩვენი მომარაგება“.













