დღესდღეობით სასურველი სამსახურის შერჩევისას, ადამიანები 3 ძირითად მახასიათებელს აქცევენ ყურადღებას: მრავალფეროვნებას; პირად და სამსახურებრივ ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას; და მენტალურ კეთილდღეობას. თავის მხრივ, პირად მოთხოვნებსა თუ საჭიროებებზე მორგებული გარემოს არსებობის სურვილი პანდემიის თანმდევმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა. ბილ გეიტსმა კი ჯერ კიდევ ათწლეულების წინ იწინასწარმეტყველა ის, რასაც ახლა ჰიბრიდულ და დისტანციურ სამუშაო გარემოში ვხედავთ.
„მომდევნო წლებში საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვაზე დიდი კონკურენცია იქნება. კომპანიებს კი, რომლებიც დამატებით მოქნილობას ანიჭებენ თანამშრომლებს, მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ“, — აღნიშნა მაიკროსოფტის თანადამფუძნებელმა.
მოქნილობა, როგორც ყველაზე სასურველი უპირატესობა
გულწრფელად თუ ვიტყვით, გეიტსი დროს უსწრებდა, გლობალურმა კრიზისმა კი მოვლენები დააჩქარა. მთავარი, რაც ამ „მოქნილობაშია“ გასათვალისწინებელი, კოვიდამდელ პერიოდში კომპანიების უმეტესობას არ სურდა ახალგაზრდა თანამშრომლების ცხოვრების წესზე მორგება. სწორედ ეს ხდებოდა ხშირ შემთხვევაში იმის მიზეზი, რომ საუკეთესო ნიჭს კარგავდნენ.
ხოლო დღევანდელ რეალობაში ყველაფერი მოქნილობის სასიკეთოდ შემოტრიალდა — ის იქცა ნორმად, რომელსაც ყველა კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. აქ სტატისტიკური მაჩვენებლების მოხმობაც შეგვიძლია: ახალგაზრდა თაობის თანამშრომლები უფრო დიდხანს რჩებიან სამსახურში, თუ უფროსები თავისუფლებას ანიჭებენ სამუშაო ადგილისა და პრეფერენციების კუთხით. Staples-ის კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა 90% მეტად მოტივირებული და შთაგონებულია, როცა სამსახურში მოქნილობას გრძნობს. 67% კი მიდის კომპანიიდან, თუ ამას ვერ იღებს.
მოქნილობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანაზღაურება
ბევრმა ჩვენგანმა პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის არსებული ბალანსის გადაფასება სულ რაღაც 3 წლის წინ დაიწყო (ანუ, პანდემიისას). Beqom-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, დასაქმებულ ამერიკელთა უმეტესობა (77%) ამჯობინებდა, რომ ნაკლები ანაზღაურების სანაცვლოდ, სამსახურში მოქნილი სამუშაო საათები შეეთავაზებინათ.
დღეისათვის კი რეალურად ასეა: სტანდარტული 10-დან 6-მდე სამუშაო საათები აღარ არსებობს. ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრები გაფერმკრთალდა. მოქნილობის შეთავაზება კი, შეიძლება, მოიცავდეს თანამშრომლებისთვის უფლების მიცემას, თავიანთი განრიგი თავადვე შეადგინონ.
წყარო: Inc.










