შვედურმა “მაკდონალდსმა”, ადგილობრივი ფუტკრების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო. ამჯერად, McDonald’s-ის გუნდმა ჩათვალა, რომ ფუტკრებს სკები არ ჰყოფნით, ამიტომ ბილბორდში მათთვის სასტუმრო მოაწყო. საქმე ისაა, რომ ფუტკრების რაოდენობამ შვედეთში, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად იკლო. შემცირების მიზეზი კი აგროჰოლდინგების მიერ, პესტიციდების ჭარბი გამოყენებაა, რაც პატარა ფუსფუსა მწერებს სიცოცხლეს უსპობს. პრობლემის გადაჭრის გზად ფუტკრებისთვის დამატებითი საცხოვრებლების შექმნა დაინახეს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ბილბორდი, რომელიც ერთი მხრივ, ჩვეულებრივ რეკლამას ჰგავს, თუმცა თუ დააკვირდებით, დაინახავთ მინიატურულ შესასვლელებს ფუტკრებისთვის. ამ უჩვეულო “სასტუმროში” ფუტკრები, ხის სპეციალურ პატარა სახლებში იდებენ ბინას.