დღეს, როცა ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ძალიან ბევრი მომსახურება დიჯიტალიზაციისკენ მიდის, ბუნებრივია, გამონაკლისი არც სარეკლამო ინდუსტრიაა. გარე რეკლამა (OOH), აქტუალობას არ კარგავს და კონკრეტულ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება. ამიტომ მასზე მოთხოვნაც არის და მიმწოდებელი კომპანიებიც ცდილობენ, სულ უფრო დახვეწონ „აუთდორ“ რეკლამის სერვისი. მაგალითად, Billboards.ge-ში ამბობენ, რომ ახლა თავისუფლად შეიძლება OOH-ის შედეგების გაზომვა და სანდო ანალიტიკის მიღება. OOH კამპანიის შედეგების გაზომვა მათთვისაც სიახლეა სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ კომპანიის გენერალურ მენეჯერს თეა თაბაგარს:
„Billboards.ge „ონლაინ“ პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია გარე რეკლამის დაგეგმვა სამიზნე აუდიტორიის მიხედვით (ასაკი, სქესი, შემოსავლები), დაჯავშნა და ახლა უკვე კვალიფიციური, სანდო ანალიტიკის მიღება. პირველად, როდესაც Billboards.ge ფართო საზოგადოებას წარვუდგინეთ, მაშინვე დავაანონსეთ, რომ მომხმარებელს შევთავაზებდით იმაზე მეტს, ვიდრე ვებგვერდზე გარე რეკლამის შერჩევა და დაჯავშნა იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით დღისთვის, როდესაც გვექნებოდა შესაძლებლობა, გვეთქვა – ჩვენ ეს შევძელით და ახლა უკვე პირველად ქართულ ბაზარზე, შესაძლებელია OOH კამპანიის გაზომვა იმ მედია პარამეტრებით, რომელითაც ვზომავთ ტელევიზიას. როდესაც ვახსენებთ მედია პარამეტრებს, ვგულისხმობთ OTS, Unique Reach, Frequency, Reach 1+ , GRP , CPP , CPT, Target OTS-ს“.
და ეს უკვე შესაძლებელია?
თეა თაბაგარი: მაგალითს გეტყვით. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გავზომეთ თიბისი ბანკის კამპანია, რომელსაც ცაბაძის ქუჩაზე, უშველებელი კორპუსის კედლებზე ვუმასპინძლეთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი გახლდათ ჩვენთვისაც, მაგრამ ვთვლით, რომ საკმაოდ ღირსეულად გავართვით თავი. თიბისის კი მადლობა გვინდა გადავუხადოთ, ნდობისთვის.
უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, როგორ ზომავთ ყველა ამ პარამეტრით „აუთდორ“ კამპანიას?
ძალიან გრძელი გზა გავიარეთ. რადგანაც, ერთი უნიფიცირებული კვლევის ტექნოლოგია მსოფლიოში ჯერ არ არსებობს. ჩვენი კვლევა, მეტწილად, დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გავლენიან ორგანიზაცია ESOMAR-ის მეთოდოლოგიაზე და დამატებული აქვს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილება. შევეცდებით კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნათ, რა ტიპის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიღებთ ანალიტიკას – თბილისი, რუკაზე, დაყოფილია 33 უბნად. ამ უბნებში რეგისტრირებული მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაცია ასაკის, სქესისა და შემოსავლების მიხედვით გამოვითხოვეთ სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დამკვეთ ორგანიზაციას შეუძლია, წინასწარ ნახოს ის უბანი, სადაც მისთვის საინტერესო სამიზნე აუდიტორია უფრო დიდი რაოდენობით არის რეგისტრირებული. 112-თან კოლაბორაციით, ქალაქის მასშტაბით, მივიღეთ ინფორმაცია ტრანსპორტის მობილობის/ გადაადგილების შესახებ და თითოეული ბილბორდის სექციას მივანიჭეთ კონკრეტული კამერის აიდი, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ინფორმაცია, თუ რამხელა ნაკადი ფიქსირდება კონკრეტულ გარე რეკლამასთან.
თუმცა, ბილბორდთან გამვლელი ავტომობილი არ ნიშნავს, რომ მისი მგზავრები აუცილებლად ამჩნევენ რეკლამას . . .
რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გარე რეკლამის მხარეებისთვის კონკრეტული კოეფიციენტების მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ ვითვლით OTS -ს (Opportunity to see), ხოლო თავად ბილბორდის მხარის შეფასებას ვაკეთებთ შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით: გარე რეკლამის განათების ტიპი, ბილბორდის მხარე, ზომა, როგორია ხედვითი დერეფანი (ეფარება თუ არა რაიმე ბილბორდს), რა დროის განმავლობაში ჩანს დაახლოებით რეკლამა, სავალი ნაწილიდან რა დახრის კუთხეზე მდებარეობს, 100 მეტრის რადიუსში, არის თუ არა სხვა გარე რეკლამის ტიპი და რამდენი. ასევე შეფასებული გვაქვს პირველ ხარისხოვანი და მეორე ხარისხოვანი ქუჩები. სწორედ ამ შეფასების პარამეტრების მეშვეობით დგება გარე რეკლამის მხარის კოეფიციენტი, რომელიც შემდგომ მონაწილეობას იღებს OTS-ის (opportunity to see) დათვლაში. იმისათვის, რომ შერჩევის პროცესი გაგვემარტივებინა დამკვეთი ორგანიზაციისთვის, OTS-ისა და REACH მონაცემები არის ნებისმიერი ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ვებგვერდზე და თითოეული ბილბორდისთვის ნახოთ ეს მონაცემი.
რაც შეეხება ანალიტიკას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთისთვის. რას მოიცავს და რამდენად რეალისტურია ეს მაჩვენებლები?
რეპორტინგის ნაწილი, ბუნებრივია, მხოლოდ OTS-ს და Reach-ს არ მოიცავს. ანალიტიკაში შეგიძლიათ, მიიღოთ ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: ბილბორდის მხარეების ნახვის სიხშირე (Frequency), ასევე Reach 1+ , GRP , CPP , CPT, Target OTS. ამ მონაცემების დათვლა Billboards Base-ს შეუძლია არა მხოლოდ Billboards.ge–ზე განთავსებულ გარე რეკლამებზე, არამედ ქალაქში არსებულ სხვა სტატიკურ სარეკლამო საშუალებებზეც.
თუმცა, გარე რეკლამის კვლევის მეთოდოლოგია, მთელ მსოფლიოში, მაინც ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, სხვა მედიებთან შედარებით . . .
რა თქმა უნდა და გვესმის, რომ თვისობრივი და რაოდენობრივი ცდომილებებიც საგრძნობია. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ OOH ბაზარი კიდევ უფრო მეტად განვითარდება და ამ ცდომილებასაც, დროთა განმავლობაში, მინიმალურ ზღვარზე მივიყვანთ.
როდესაც დამკვეთი ვერ იღებს ინფორმაციას თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კონკრეტული მედია კომპანიისთვის, რთულია ასეთ პროდუქტში თანხის გადახდა.წარმოიდგინეთ, ბიუჯეტს გამოყოფ, კამპანიას ათავსებ, მაგრამ რა შედეგს იღებდი არ იცოდი. ანუ, ბრმად იხდიდი თანხას იმ მომსახურებაში, რაც მხოლოდ თეორიულად იცოდი, რომ კარგი და საჭირო იყო. ახლა ასე აღარ არის, დამკვეთს უკვე შეუძლია, რეალურად გაზომოს გარე რეკლამის შედეგები და შეადაროს ისეთ მედიებს, როგორიცაა: ტელევიზია და დიჯითალი.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
Billboards.ge მხოლოდ ამ სიახლით არ შემოიფარგლება და მუდმივად შეეცდება ინოვაციური მიდგომებითა და მეთოდოლოგიით გაანებივროს დამკვეთი ორგანიზაციები და კიდევ უფრო მარტივი გახადოს გარე რეკლამის შერჩევისა და დაჯავშნის პროცესი.
[R]