Microsoft-მა გადაწყვიტა, საძიებო სისტემის პლატფორმების „ომში“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას თავის სასარგებლოდ. ვსაუბრობთ ტექნოლოგიური გიგანტის მიერ შემოთავაზებულ განახლებაზე, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებს შეეძლებათ, Bing-ის გამოყენებისას აირჩიონ, როგორი პერსონალობის ჩეტბოტი უპასუხებთ.
პასუხების კრეატიულობისა და სიდიდის მიხედვით, მომხმარებლებს 3 არჩევანი ექნებათ: უფრო კრეატიული; უფრო დაბალანსებული; უფრო ზუსტი. კატეგორიების სახელწოდებების შესაბამისად, აშკარაა, რომ ჩეტბოტს შეუძლია, ან უბრალოდ მშრალი ფაქტები მოგვაწოდოს, ან მეტად კრეატიულად და ვრცლად გვესაუბროს საინტერესო საკითხებზე.
დეტალურად რომ განვიხილოთ, „უფრო კრეატიული“ კატეგორია ორიგინალურ, წარმოსახვით და სახალისო პასუხებს უზრუნველყოფს. ხოლო „უფრო დაბალანსებული“ გონივრულ, გაწონასწორებულ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებლებს, სადაც კრეატიულობა და სიზუსტე სინთეზში იქნება. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, ის ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაარეგულირებს Bing-ის ჩეტბოტი პერსონალობის ცვლილებებს, მაგრამ კონცეფცია უკვე საკმაოდ კარგად ჟღერს.