in ,

სტუდენტების გამოგონება, რომელიც პლასტმასას ბიოდეგრადირებად ნივთიერებებად აქცევს

დღეისათვის, მსოფლიოს მასშტაბით, პლასტმასის მხოლოდ 10% გადამუშავდება, დანარჩენი კი ოკეანეებში იყრის თავს. პროგნოზებს თუ დავეყრდნობით, 2050 წლისთვის, ოკეანეში მეტი პლასტმასა იქნება, ვიდრე თევზი. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მეცნიერი მუშაობს ამ პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად. კალიფორნიელი სტუდენტები – მირანდა ვანგი და ჯენი იაო აპირებენ ეს სტატისტიკა რადიკალურად შეცვალონ. მათ ნარჩენების გადამუშავების ქიმიური ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც გადაუმუშავებად პლასტმასას გამოსადეგ ქიმიურ ნივთიერებებად აქცევს. სტარტაპი, სახელად BioCellection გარდაქმნის პლასტიკური ნარჩენების თითოეულ ტონას 2500 დოლარის ღირებულების ქიმიურ ნივთიერებებად და ამასთან, გვერდს უვლის ამ მოცულობის ნარჩენების გადამუშავებისას, 20 ტონა ნახშირორჟანგის ემისიას.

სტუდენტებმა პროექტზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყეს. დღეისათვის კი,  BioCellection-მა უკვე მოიპოვა 400 000 დოლარიანი დაფინანსება, იმისათვის, რომ პროექტის განხორციელება გახდეს შესაძლებელი. მათი ტექნოლოგიის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება პლასტმასას გარდაქმნა, შესაბამისად, ერთი მხრივ, ოკეანეში არსებული ნაგვის გადამუშავება და მეორე მხრივ, ახალი ქიმიური ნაერთების მიღება, რომელიც სამშენებლო მასალებისა თუ ტანსაცმლის საწარმოებლად გამოსადეგია.

„შეუძლებელია ადამიანებს შევაწყვეტინოთ პლასტმასას მოხმარება. ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგია, რომელიც ამ მასალას ბიოდეგრადირებადად აქცევს“, – ამბობს მირანდა ვანგი.

როგორც BioCellection-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, უშუალოდ, პლასტმასას გადამუშავების პროცესი ორი ნაწილისგან შედგება: პირველ რიგში, პლასტმასა სპეციალურ კატალიზატორში იხსნება და მუშავდება, რის შემდეგაც, მისი კომპონენტები გაივლიან ბიოსადგურს, სადაც პლასტმასა აღწევს ისეთ მდგომარეობას, თითქოს ორგანული საკვების ნარჩენია. ერთ ჯერზე, ნარჩენების გადასამუშავებლად 24 საათია საჭირო. ამ ეტაპზე, ეს პროცესი ძირითადად ორიენტირებულია პოლიეთილენზე, რომელიც გლობალურად წარმოებული პლასტმასას მესამედია. პროექტი ფოკუსირებულია LDPE და HDPE ტიპის პლასტმასაზე, როგორიცაა სასურსათო პარკები, ნაგვის ჩანთები, პროდუქტების შეფუთვები და ა.შ.

ბაქტერიის დახმარებით, პლასტმასას გადამუშავების შედეგად, ქარვის, გლურატის, ადიპინის, პიმელინის, აზელაინური და სხვა მჟავების მიღებაა შესაძლებელი. ისინი გამოიყენება ნავთობპროდუქტების, საიზოლაციო ქსოვილებისა თუ სხვა პროდუქტების წარმოებაში. რაც ნიშნავს, რომ გადამუშავებული პლასტმასასგან ახალი პროდუქტების მიღება იქნება შესაძლებელი. პროექტი ჯერ კიდევ ვითარდება და სტარტაპი BioCellection, შესაძლოა, სამომავლოდ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების ავტორადაც მოგვევლინოს.

Tesla Model 3, თბილისში, „ქარშეარინგით“ შემოდის

აფთარი, როგორც ბულინგის მსხვერპლის შიშის ვიზუალური მეტაფორა