22
Sep
2019

ქართული სტარტაპი, რომელმაც ნავთობის მჭამელი ბაქტერიების სწრაფი გამრავლების მეთოდს მიაგნო

22 Sep 2019

Startauperi
Startauperi


„იდეა შობა აღშფოთებამ და განცვიფრებამ! ეს ტექნოლოგია რამდენიმე წელია, არსებობს და გამოიყენება საქართველოში, თუმცა ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ არ ვიყენებდით მას გლობალურ ბაზარზე. ბოლო წვეთი Deepwater Horizon-ის დაღვრის გაწმენდის შედეგების სტატისტიკა გახდა. მექსიკის ყურეში რამდენიმე ათეული მილიარდი დაიხარჯა, რომ ქიმიური საშუალებით გაეწმინდათ, თუმცა საბოლოოდ, ყურე ქიმიისგან გახდა გასაწმენდი“, – თემო რუხაია

თემო რუხაია სტარტაპ „ბაიოქიურიზე“ საუბრობს, რომელიც 2019 წელს, სოსო ცაბაძესთან ერთად დააფუძნა. როგორც ამბობს, სოსო ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ეკოლოგია საქართველოში, მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს ეკოლოგიური პროექტების მართვასა და დაგეგმვაში. თავად კი, სერიული მეწარმე, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების „მუსუსია“.

რაც შეეხება თვითონ სტარტაპს, „ბაიოქიური“ ნავთობდაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიური მეთოდია და დამფუძნებლებს თუ დავუჯერებთ, ამავდროს, ძალიან ეფექტური და იაფი გაწმენდის საშუალებაც.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე ეკოლოგიური გაწმენდის გზა ბუნებრივი დეგრადაციაა, ანუ დაბინძურებულ ადგილზე მრავლდებიან ბაქტერიები, რომლებიც ნავთობით იკვებებიან და ათწლეულების განმავლობაში, ტოქსინებს ანეიტრალებენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ ნავთობის მჭამელი ადგილობრივი ბაქტერიების სწრაფი გამოყოფის მეთოდი. ამ ბაქტერიებს ბიორეაქტორებში ვამრავლებთ და თხევადი საშუალების სახით, დაბინძურებულ ადგილზე ვასხამთ. შედეგად, ბუნებრივ დეგრადაციას ვაჩქარებთ და ათწლეულების მაგივრად, ნავთობი თვეებში, წყალში კი – კვირებში იშლება, – თემო რუხაია

M: თემო, რატომ გადაწყვიტეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და რა კომპეტენციით ჩაუდექით სათავეში ამ საქმიანობას?
მივხვდი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ „ამხანაგების“ უმრავლესობას ეკოლოგია არ ადარდებს და სხვა გზის პოვნა იყო საჭირო. ამ საქმეში ჩავერთე და ვინაიდან, არც მეცნიერი ვარ და არც ბიოლოგი, დაახლოებით, ერთი წელი დავხარჯე თვითონ ტექნოლოგიასა და ამ სფეროში გარკვევაზე. შემდეგ, კიდევ ერთი წელი დაგვჭირდა, ბიზნესმოდელი ისე შეგვეცვალა, რომ სტარტაპის მთავარი კრიტერიუმი – ზრდადობა და მასშტაბირება დაგვეკმაყოფილებინა.

M: თქვენ ამბობთ, რომ ნავთობპროდუქტების დაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა და უნივერსალურ ტექნოლოგიამდე მიხვედით… რას გულისხმობთ, როცა იყენებთ სიტყვას „უნივერსალური“?
ვინაიდან, ჩვენ ბუნებრივ პროცესს ვაჩქარებთ, ჩვენი ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ყველგან, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგალითად: პირდაპირ დაბინძურების ადგილზე (ინ-სიტუ), ასევე, უკვე გატანილი ნიადაგის ან წყლის უტილიზაციის ველზე (ექს-სიტუ). „ბაიოქიური“ ეფექტურია გრუნტის, ქვიშის, წყლის, გრუნტის წყლის, ზღვის გაწმენდაში, მოკლედ, სადაც გამოვცადეთ, ყველგან მუშაობს. ასევე, ეფექტურია ნედლი ნავთობის, ბენზინის, დიზელის, საავტომობილო და ტრანსფორმატორის ზეთების გაწმენდისას. მარტივად რომ ვთქვათ, თითქმის ყველგან მუშაობს და თითქმის ყველა ტიპის ნავთობპროდუქტით დაბინძურებას წმენდს. „თითქმის“ პირობითი დანამატია, რადგან ჯერ არ გვინახავს, რომ „ბაიოქიურს“ არ ემუშაოს.M: როგორც ამბობთ, თქვენი მისია პლამეტის გადარჩენაა! ვისი ჩართულობა და მხარდაჭერა გჭირდებათ, რომ მიზანს მიაღწიოთ?
ყველანი უნდა ჩავერთოთ, რომ პირველ რიგში, ჩვენი საერთო სახლი არ დააბინძურონ. როგორც ბიზნესი, ჩვენ ზრდის ეტაპის დასაწყისში ვართ და ახლა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, რომ ყველამ გაიგოს ამ არაჩვეულებრივი ტექნოლოგიის შესახებ.

M: და ვინ არიან „ბაიოქიურის “ მომხმარებლები?
ჩვენ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) მოდელით ვმუშაობთ. მომხმარებლები დაბინძურების გამწმენდი კომპანიები, ნავთობის მწარმოებელი, ნავთობის მომპოვებელი და სატრანსპორტო კომპანიები არიან. ურთიერთობის ფორმა კი ასეთია: მომხმარებელი დაბინძურების სინჯებს გვიგზავნის. ჩვენ ბაქტერიებს ვპოულობთ, ვამრავლებთ და მათ თხევად საშუალებას ვაწვდით. დაბინძურების ადგილს მომხმარებელი თავად წმენდს. 
M: „ბაიოქიური“ სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულია… მოგვიყევით კონკურსში თქვენს მონაწილეობაზე…
სტარტაპ საქართველოს ფინალში, როგორც „აუთსაიდერები“, ბოლო ადგილზე გავედით. თუმცა, „ჯიტას“ მენტორები ჩვენი იდეის დავარცხნა-გალამაზებაში ძალიან მოგვეხმარნენ და შედეგად, ბოლო ადგილიდან, ორ ძალიან მაგარ სტარტაპთან, „ქვევრი“ და „ერენ სიდთან“ ერთად, პირველ ადგილზე გავედით.

M: როგორ შეაფასებთ GITA-ს კონკურსში თქვენი ჩართულობის ღირებულებას? და როგორ გამოიყენებთ იმ ბენეფიტებს, რაც მასში მონაწილეობამ მოგცათ?
პირველ რიგში, საქმე მხოლოდ გრანტში არ არის, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, ისეთ ხალხს შეხვდე, რომელზეც წვდომა დამწყებ სტარტაპებს არ აქვთ.

ფულად გრანტს რაც შეეხება, მის ძირითად ნაწილს პოტენციური მომხმარებლების მოძიებაზე დავხარჯავთ, ასევე, „ბაიოქიურის“ ციფრული ცხოვრების გაჯანსაღებისთვის, საიტისა და რამდენიმე სტარტაპზე ორიენტირებულ პლატფორმაზე ანგარიშების გასამართად.

M: როგორ ხედავთ სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს?
განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თანადაფინანსების გრანტის კონკურსზე, სადაც მენტორები, ძალიან გამოცდილი ინვესტორები და სტარტაპერები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ჩვენც გვჯერა, რომ „ბაიოქიური“ რამდენიმე წელიწადში, ნავთობდაბინძურების გაწმენდის სტანდარტი და პირველი ქართული „იუნიქორნი“ გახდება.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა