5
Dec
2019

მექსიკელი ენტრეპრენერების მიერ შექმნილი ბიოდეგრადირებადი ვეგანური ტყავი

5 Dec 2019

ახალგაზრდა მექსიკელმა ენტრეპრენერებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ ალტერნატიული, ბიოდეგრადირებადი ვეგანური ტყავი იმისთვის, რათა ჩაენაცვლებინათ პლასტმასადან დაწყებული სამშენებლო მასალებით დამთავრებული სხვადასხვა მასალა. მათ შორისაა ცხოველის ტყავი, რომელსაც დღევანდელი მოდის, ავეჯის, საავტომობილო ინდუსტრიებში, სამწუხაროდ, აქტიურად იყენებენ.

ადრიან ლოპეზ ველარდემ და მარტე ცეზარესმა შექმნეს ბრენდი, სახელწოდებით Desserto, რომლის ფარგლებშიც ორგანულ ტყავს სრულად კაქტუსისგან ამზადებენ. მათი მიზანია, შექმნან მდგრადი ნაწარმი, რომელიც ბუნებრივად დაშლადი იქნება. მასალა არის მოქნილი, “მსუნთქავი” ტექსტურის და, რაც მთავარია, გამძლეა – ძლებს დაახლოებით 10 წელი.

ამ ამბავს რომ ცოტა უფრო ანალიტიკურად შევხედოთ, ბიოდეგრადირებადი ვეგანური ტყავი გარემოსთვის ორი მხრივ არის სასარგებლო: პირველ რიგში, რაც დღემდე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს – ცხოველის ტყავის გამოყენება შემცირდება. მეორე მხრივ კი, ტყავი ეკომეგობრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარემოში მოხვედრის შემდეგ, ადვილად დაიშლება – მარტივად რომ ვთქვათ, პოტენციურ დაშლად ნარჩენს წარმოადგენს.

“ორი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, ჩვენ შევძელით შეგვექმნა იმ ინდუსტრიების მოთხოვნების შესაფერისი ნაწარმი, რომლებიც იყენებენ ცხოველების ან სინთეზურ ტყავს,” – აცხადებს ლოპეზ ველარდე – ”ასევე, ორგანული შემადგენლობის წყალობით, ის სუნთქავს, რაც კაქტუსს ან ნოპალურ ვეგანურ ტყავს ცხოველური ტყავის მსგავსს ხდის.”

სულ ახლახან ბრენდი მილანში გამართულ ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა. შემქმნელები უკვე მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან აქტიურ თანამშრომლობაზე. ვინ იცის, იქნებ ვეგანური ტყავი მომავალში ბევრგან ვიხილოთ..

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა