ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებას მალე უკეთ შევძლებთ… ჩვენი ჩვეული ასაკი თუ იმით იზომება, რამდენ წელსაც ვცხოვრობთ, ბიოლოგიური ასაკი, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ორგანოებისა და უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოითვლება. შესაბამისად, იგი დაავადებების რისკის განსაზღვრაში და უკეთესი მკურნალობის მეთოდების შერჩევაში დაგვეხმარება. ახლა კი კარგი ამბავი გვაქვს: პიტსბურგის უნივერსიტეტის ჯგუფმა კვლევაში სისხლზე დაფუძნებული ისეთი მარკერები აღმოაჩინეს, რომლებსაც ადამიანის ბიოლოგიური ასაკის გამოვლენა შეუძლია.
„წარმოიდგინეთ ორი 65 წლის ადამიანი, ერთი ველოსიპედით დადის სამსახურში და შაბათ-კვირას მთაში სასრიალოდ მიდის, ხოლო მეორეს თვითმფრინავის კიბეზე ასვლაც კი არ შეუძლია. მათ ერთი და იგივე ქრონოლოგიური ასაკი აქვთ, თუმცა ბიოლოგიური ასაკით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. და რატომ ბერდებიან ისინი სხვადასხვანაირად?!“, — ამბობს ადიტი გურკარი, მკვლევარი.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლევა 196 ასაკოვან ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც 2 ჯგუფად დაჰყვეს – ერთში 75+ ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჯანმრთელ ხანდაზმულებად მიიჩნეოდნენ, ხოლო მეორეში 65-75 წლამდე მოხალისეები, რომლებიც სწრაფი დაბერების პროცესის მქონედ კლასიფიცირდებოდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ჯანმრთელ ხანდაზმულებს კიბეზე ასვლა და 15 წუთი გავლა, დასვენების გარეშე, შეეძლოთ, როცა სწრაფი დაბერების მქონე ინდივიდებს თითოეულ აქტივობაზე სჭირდებოდათ შესვენება. ამ განსხვავებამ კი მკვლევრებს საშუალება მისცა, ჯგუფებს შორის სხვაობებს მოლეკულურ დონეზე დაჰკვირვებოდნენ. უფრო ზუსტად, მკვლევრები განსხვავებულ მეტაბოლიტებს ეძებდნენ, პატარა მოლეკულებს, რომლებიც სხეულში ბიოლოგიური პროცესების შედეგად დარჩა — სწორედ ასე შეუძლიათ, გაიგონ, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სხეულში.
ჯამში 25 მეტაბოლიტს მიაგნეს და Healthy Aging Metabolic (HAM) Index უწოდეს, რომლებმაც მრავალი სხვაობა აჩვენა ამ ორ ჯგუფს შორის. მათ შორის სამი ისეთი მეტაბოლიტიც აღმოაჩინეს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბიოლოგიური დაბერების პროცესში.
„ჩვენ მეტაბოლიტებზე დაკვირვება მათი დინამიკურობის გამო გადავწყვიტეთ. რეალურ დროში იცვლება, რათა ჩვენი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასახოს, ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, ჩვენ კი გვაქვს ძალა ვიმოქმედოთ მათზე ჩვენი ცხოვრების წესით, კვების რაციონითა და გარემოთი, რომელშიც ვცხოვრობთ“, — განმარტავს გურკარი.
HAM-ის ინდექსმა 68%-იანი სიზუსტე აჩვენა ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრისას. დამატებითი კვლევებით კი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პირდაპირ სისხლის ანალიზს განავითარებენ ისე, რომ იგი ბიოლოგიური ასაკის სწრაფი და მარტივი შეფასების ხელსაწყოდ იქცეს. შემდგომში ეს ანალიზი ადამიანებს ადრეულ ასაკში ჩაუტარდებათ, როცა მოლეკულურ პროცესებში მიმდინარე ცვლილებების გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად 30 წლის ადამიანში, რომლის ბიოლოგიური ასაკი აღნიშნულზე ბევრად მეტია…
„ამ ადამიანმა შემდგომში ცხოვრების სტილის მრავალი ასპექტის შეცვლაზე უნდა იფიქროს, იქნება ეს ძილისა და კვების რაციონის გამოსწორება თუ ვარჯიშის დაწყება, რითაც, მოსალოდნელია, რომ ბიოლოგიური ასაკი თავისთვის სასიკეთოდ შემოაბრუნონ“, — აცხადებს გურკარი.