12
Jul
2019

BIRD – ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილი კრეატიული სააგენტო და მისი “თანამედროვე გმირები”

12 Jul 2019

Startauperi
Startauperi


მოულოდნელი კრიზისის დროს, წამიერად სრული გაურკვევლობა რომ ისადგურებს, გონებაში ყველაფერი ირევა და ერთი შეხედვით, გამოსავალიც არ ჩანს, ქართული საზოგადოება ტურისტულ ემბარგოსთან გასამკლავებლად ერთიან ფუსფუსს იწყებს. ქართულ ფეისბუკ სივრცეში სპონტანურად იქმნება ჯგუფი, რომელიც ტურისტებს 2019 წლის (და კიდევ ბევრი ბევრი) ზაფხულის საქართველოში გასატარებლად ეპატიჟება… – ასე დაიწყო კამპანია #spendyoursummeringeorgia. ამავე სახელწოდების ჯგუფი კი, რომელსაც რამდენიმე საათში ათიათასობით შემოუერთდა, ამ დროისთვის, 262 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. კამპანიის დაწყების პარალელურად, არაერთმა ადამიანმა და კომპანიამ გამოთქვა ინიციატივა, თავიანთი წვლილი შეეტანათ ქართული ტურიზმის განვითარებაში. ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად, უსასყიდლოდ დახმარების ინიციატივა გამოთქვა ახალგაზრდა გრაფიკოსმა დიზაინერმა, დიანა ტევანიანმა. შემდეგ კი, ერთი იდეის გარშემო სხვებიც გააერთიანა და ასე შეიქმნა BIRD (Birth of Inspirational Responsible Designers) – სააგენტო, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება ტურიზმზე ორიენტირებულ კომპანიებს ვიზუალური ბრენდინგის შექმნაში. სააგენტო აერთიანებს ათობით კრეატორს, რომელიც სამსახურისა და ოჯახის შეთავსების გარდა, ყოველდღიურად მუშაობს უფასოდ, ტურისტული სექტორის დასახმარებლად. როგორც BIRD-ის იდეის ავტორი, დიანა ტევანიანი ამბობს, სააგენტოს მთავარი მიზანია დაეხმაროს მცირე კომპანიებს განვითარებაში, გაალამაზოს და წაახალისოს ახალდაბადებული ბიზნესი:

“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დავეხმარე კამპანია Spend your summer in Georgia-ს ლოგოს შექმნაში და იმ დღესვე მივხვდი, რამდენად სწორად შემიძლია წავმართო ჩემი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. BIRD-ის შექმნის ინიციატორი მე ვარ. ამჟამად კი, სააგენტოს მართვაში ვარ ჩართული ჩემს პარტნიორთან და BIRD-ის თანამფლობელთან, მიქაელ გოგლიჩიძესთან ერთად”.

M: სერვისს უფასოდ აწვდით ტურიზმის სფეროს ბიზნესმენებს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოდან თანამშრომლები ანაზღაურებას არ იღებენ და გამოდის, რომ არც ვალდებულება აკისრიათ – რამდენად რთულია/მარტივია ასეთი საქმიანობის მართვა?

ძალიან გამიმართლა! ეს ხალხი, ჩვენი მოხალისეები, არიან გმირები და ამას ხშირად ვუმეორებ მათ. ძალიან გამიმართლა, რომ ეს ადამიანები სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით უდგებიან საქმეს. იმდენად ჩართულები არიან იმ პროექტში, რომელსაც თავადვე ირჩევენ, რომ უეჭველ ვალდებულებასაც იღებენ თავის თავზე. პროცესების მართვა კი ნამდვილად რთულია. სააგენტოში შემოღებულია ხარისხის კონტროლი. მაგალითად, დაკვეთთან გაგზავნამდე ყველა ფაილი მოწმდება ჩემ მიერ. ეს ეხება როგორც კონცეპტუალურ/ვიზუალურ შესაბამისობას ბრიფთან, ასევე, ფაილის ტექნიკურ გამართულობას.

M: მეორე მხრივ, როცა სერვისი უფასოა, შეიძლება ამით ვინმემ ბოროტად ისარგებლოს. ასეთ გამოწვევას როგორ უმკლავდებით?

აქაც გვაქვს შიდა რეგულაციები. მე და ჩემი პარტნიორი მიქაელი წინასწარ ვაანალიზებთ, რამდენად მონდომებული, პერსპექტიული და თვალგახელილი პროექტი შემოდის ჩვენთან. ამის დაახლოებით ანალიზს შემდეგნაირად ვაკეთებთ: ყოველ შემოსულ მოთხოვნაზე იგზავნება უნივერსალური ბრიფის ფორმა, რომელსაც ავსებენ პოტენციური დამკვეთები. კითხვარი შედგენილია იმ ლოგიკით, რომ მეტი გავიგოთ კომპანიისა და მისი გეგმების შესახებ. ასევე, კითხვარი ძალიან ეხმარება დიზაინერული სამუშაოს შესრულებას.

M: თქვენი მომსახურება რას მოიცავს?

იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად, ახალ კომპანიებს ვემსახურებით, ჩვენი საპროფილო სერვისი არის ლოგოს შექმნა. ვიზუალური ბრენდინგი იწყება სწორად აქ, ლოგოს დიზაინიდან. შემდგომ ეტაპებზე, ვუკეთებთ ფლაერის, ბანერის, სტიკერის, მაისურის ან ნებისმიერი რამის (რისი კომპეტენციაც გააჩნიათ ჩვენი გუნდის წევრებს) დიზაინს.

 

M: ფასიანი სერვისების დამატებას და BIRD-ის კომერციალიზაციას თუ გეგმავთ?

აუცილებლად! და აქვე მინდა დავამატო, რომ ამის მიუხედავად, ჩვენი დახმარება ტურისტულ სექტორს ისევ უსასყიდლოდ ექნება. ხოლო ამ პროექტის სააგენტოდ გარდაქმნა აუცილებლობას რამდენიმე მიზეზის გამო წარმოადგენს: ჩვენი მოხალისეების გუნდი მუშაობს ძალიან შეკრულად და წარმატებულად, ამიტომ  გვინდა მივცეთ ამ თანამშრომლობას პერმანენტული და სტაბილური ხასიათი. პლუს, უკვე გვაქვს მოთხოვნა არატურისტული ბიზნეს სექტორიდან, რომლის დაკმაყოფილების რესურსიც გაგვაჩნია. და რაც მთავარია, ერთმანეთი შეგვიყვარდა.

M: გუნდზე ვისაუბროთ. ვის აერთიანებს BIRD და რას აძლევს ეს პროექტი ამ ადამიანებს?

BIRD-ის თანამშრომლები სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები არიან. ჯერჯერობით, ყველა შესრულებული პროექტი დიზაინის მოთხოვნით იყო, მაგრამ ჩვენს რიგებში ბევრია სოციალური მედია მენეჯერი, ქოფირაითერი და  ვებდეველოპერი. ეს პროექტი აერთიანებს თანამედროვე გმირებს. ადამიანი, რომელიც სამსახურის მერე მიდის მეორე სამსახურში, ბავშვს აძინებს და მერე უსასყიდლოდ მუშაობს 2 საათი, რადგან სურს და სწამს ქვეყნის კეთილდღეობა – ჩემთვის გმირია.
BIRD-ში მიღებული გამოცდილება მათ აძლევს თვითრეალიზაციას, როგორც პიროვნულს, ასევე პროფესიულს. სააგენტო კი ყველანაირად ცდილობს გამოაჩინოს ეს ხალხი, გააცნოს ქვეყანას და აჩვენოს მათი ნამუშევრები.

M: როგორც ჩანაფიქრის ავტორი, როგორ ხედავ, პროექტის განვითარების პერსპექტივას?

არაფერს გამოვრიცხავ. BIRD-ის სლოგანი არის “ავფრინდებით!”. და კი, ავფრინდებით. ისე, ჩემი აზრით, პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ და ავფრინდით. ხოლო რაც მოხდება მომავალში, დრო გვიჩვენებს.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა