16
Mar
2017

Birdie – ხის დაფებზე შესრულებული ქართული ხელნაკეთი სტარტაპი

16 Mar 2017

Startauperi
Startauperi


„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიტუნას მანუფაქტურაში, სადაც სიყვარულით იქმნება თითოეული კედლის დეკორი, ხელნაკეთი ნივთი თუ ნახატი“, – Birdie ქართული სტარტაპია, რომელიც 2 წლის წინ, პროფესიით ფიზიკოსმა მაგდა სოლოღაშვილმა დააარსა და თავადვე მუშაობს Birdie-ს პროდუქციაზე. „ხის დაფებზე და არამარტო, ვხატავ კედელზე საკიდებს, დეკორაციულ სარკეებს, გასაღებებისა და სამზარეულოს აქსესუარების საკიდებს. მასალა, ძირითადად, ხეა. მაქვს საბავშვო ხაზიც, რაც ეკოლოგიურად სუფთაა და შეგვიძლია, საძინებელში დავუკიდოთ. თემატიკა, ძირითადად, ჩიტები და ყვავილებია, რაც ბუნებასთან ახლოა. თუმცა სხვა შინაარსის შეკვეთებიც მქონია“, – მარკეტერს საკუთარ გამოცდილებასა და საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრა მაგდა სოლოღაშვილი.

M: მაგდა, რა გამოცდილებით დაიწყეთ Birdie-ს პროდუქციზე მუშაობა?
ბავშვობაში ხატვისადმი  დიდი ინტერესი მქონდა, თუმცა არ მივლია ხატვის წრეზე. რამდენიმე წლის წინ საეკლესიო ხელოვნებით დავინტერესდი და ცოტა ხანს ხატწერის სკოლაში ვისწავლე, სადაც პირველად მქონდა ფუნჯთან შეხება. ახლაც ვწერ ხატებს, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და მუშაობის პროცესში მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მას შემდეგ კი, რაც Birdie დავაარსე, საქმესთან ერთად განტვირთვასაც ვიღებ, ენერგიას მთლიანად გარდავსახავ ჩემს ნამუშევრებში.

M: ხის მასალას საიდან იღებთ?
ჩემი საქმიანობა ერთგვარად ეხმაურება გამოწვევას #აწარმოესაქართველოში და #იყიდექართული. უკვე მზა ხის დაფებს ადგილობრივი, ქართველი მწარმოებლებისგან ვყიდულობ. როდესაც რაიმე კონკრეტული ფორმა მინდა, ხის საამქროში ვუკვეთ. M: როგორია შეკვეთის პროცესი და რამდენ ხანში ამზადებთ?
შეკვეთებს, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით ვიღებ. დამზადების პროცესი დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე. ვცდილობ, 10 დღეს არ გადავაცილო –  ხან ერთ დღეშიც დამიმზადებია. იდეებს რაც შეეხება, ხშირად მომხმარებელი თავად მეუბნება, რა სურს, ან  უკვე შექმნილი ნამუშევრის მსგავსს მიკვეთენ. როდესაც საჩუქრად სურთ, მეუბნებიან, ზოგადად, იმ ადამიანის ინტერესებსა და გემოვნებას  და დახატვისას ამას ვითვალისწინებ.

M: სად არის თქვენი სამუშაო სივრცე?
ჩემი სამუშაო სივრცე სახლშია, სულ რაღაც 2 კვადრატულ მეტრი და ჩემი დიდი სურვილია სულ ციცქნა სახელოსნო-სალონის გახსნა თბილისის რომელიმე ცოცხალ და ხალხმრავალ უბანში, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული.


განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] სახლის ხელნაკეთი დეკორის – Birdie-ს ავტორმა და შემსრულებელმა, მაგდა […]