12
თებ
2018

Birdie-ს #შეცდომები, რომელიც ნაწარმის საბაზრო ღირებულებასა და რისკის შიშს უკავშირდება

12 თებ 2018



მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. დღეს, ახალი ბრენდის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები გაგვიზიარა სახლის ხელნაკეთი დეკორის – Birdie-ს ავტორმა და შემსრულებელმა, მაგდა სოლოღაშვილმა:
ორწლიანი არსებობის მანძილზე, ალბათ, როგორც სხვა გამოუცდელ სტარტაპერებს, შეცდომები მეც დამიშვია. ერთ-ერთი პირველი შეცდომა ის იყო, რომ  ჩემი ხელნაკეთი ნივთების საბაზრო ღირებულება, თავიდანვე საშუალოზე დაბალი იყო. საწყის ეტაპზე, სანამ ბევრ მომხმარებელს მოვიზიდავდი, სატესტო რეჟიმში ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნივთებმა, ფასითაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილები იყვნენ და შესაბამისად, მოთხოვნაც მზარდი იყო. გამოცდილებამ და მუშაობამ კი დამანახა, რომ ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა თითოეული ნივთის შექმნას, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, დიდად მაინც ვერ შევძელი ფასის მომატება, უკმაყოფილო რომ არავინ დარჩენილიყო.მეორე და ესეც არანაკლებ დიდი შეცდომა ისაა, რომ ამ დრომდე, Birdie ონლაინ რეჟიმში მუშაობს და ჩემი  სამუშაო სივრცეც სახლშია. არადა, საჭიროა მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი, მათი სურვილების, რჩევების გათვალისწინება, ცოცხალი ურთიერთობა. ჩემი დიდი სურვილი იყო, თავიდანვე პატარა მაღაზია-სახელოსნო მქონოდა, იქვე მეხატა ეს ნივთები, თუმცა ვერ გავრისკე და ფართიც ვერ ვიქირავე. გარდა ამისა, ჯერჯერობით, სხვა თანამშრომელიც არ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დღის დიდი ნაწილის სახელოსნოში გატარება, ამაში კი ხელს სხვა სამსახურში მუშაობა მიშლიდა, საქმე სხვას ვერ გადავაბარე, თუნდაც იმიტომ, რომ მინდა, ზუსტად ის ნივთი შევქმნა ხოლმე, რაც თავად  მაქვს ჩაფიქრებული. კიდევ ერთი-ორი ფაქტორია, თუმცა შეცდომას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, ჩემი პოზიციაა: მაგალითად, ის, რომ არ ვახტავ კონკრეტული დღესასწაულების თემატიკაზე, მაგალითად, ვალენტინობაზე, დედის დღეზე, 8 მარტზე… ძველი თბილისის ხედებზე…  თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ამაზეცაა.   

BOG PLUS

განხილვა