in

შექმნეს ბირთვული ბატარეა, რომელსაც 50 წელი დამუხტვა არ სჭირდება

ჩინურმა სტარტაპმა ახალი ბატარეა შეიმუშავა, რომელსაც, დამუხტვის გარეშე, ელექტროენერგიის შენარჩუნება 50 წლის განმავლობაში შეუძლია. როგორც პეკინში დაფუძნებული Betavolt-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ელემენტის საპილოტე ტესტირება მიმდინარეობს, შემდგომში კი მისი მასობრივი წარმოება დაიწყება.

„ბეტავოლტის ატომური ენერგიის ბატარეებს გრძელვადიანი ელექტრომომარაგება შეუძლია. თანაც მათი გამოყენების არეალი შეზღუდული არ იქნება — აერონავტიკა, AI მოწყობილობები, სამედიცინო აღჭურვილობა, სმარტფონები, მიკროპროცესორები, მოწინავე სენსორები, მცირე დრონები და მიკრორობოტები. ეს ენერგეტიკული ინოვაცია ჩინეთს საშუალებას მისცემს, AI რევოლუციაში მოწინავე ადგილი დაიკავოს“, — ნათქვამია სტარტაპის პრესრელიზში.

ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, ბატარეა იზოტოპების დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნით მუშაობს. ეს პროცესი კი პირველად მე-20 საუკუნეში გამოიკვლიეს — მეცნიერებმა ტექნოლოგიის გამოყენება შეძლეს კოსმოსურ ხომალდებში, წყალქვეშა სისტემებსა და დისტანციურ სამეცნიერო სადგურებში. უბრალოდ, თერმობირთვული ბატარეები მეტისმეტად ძვირი და მოცულობითი იყო.

ხოლო ბირთვული ბატარეების მინიატურიზაციისა და კომერციალიზაციის მიზანი ჩინეთის მე-14 ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრეს, რაც 2021-2025 ვადას მოიცავს. შედეგად მიღებული მოდელი კი დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა ქვეყნისთვის. თანაც Betavolt-ის განცხადებით, სათანადოდ იზრუნეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვაზეც.

„ბეტავოლტის მიერ შემუშავებული ატომური ენერგიის ბატარეა აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ გააჩნია გარე გამოსხივება და შესაფერისია ისეთი სამედიცინო მოწყობილობებისთვის, როგორებიცაა კარდიოსტიმულატორები, ხელოვნური გული და კოხლეები ადამიანის სხეულში. ამავდროულად, ატომური ენერგიის ბატარეები ეკოლოგიურად სუფთაა. დაშლის პერიოდის შემდეგ 63 იზოტოპი გადაიქცევა სპილენძის სტაბილურ იზოტოპად, რომელიც არარადიოაქტიურია და არ წარმოადგენს საფრთხეს“, — აცხადებენ კომპანიაში.

Cadbury 200 წლის იუბილეს ნოსტალგიური ვიდეორგოლით აღნიშნავს

ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი და UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პარტნიორები გახდნენ