მსოფლიოს #1 კრიპტოვალუტა იუბილარია! ბიტკოინი 15 წლის გახდა!
კრიპტოვალუტის „წელთაღრიცხვა“, შეიძლება ითქვას, სწორედ ბიტკოინის დაბადების დღიდან – 3 იანვრიდან, აითვლება.
ეს დღე ორმაგად საზეიმოა იმ იღბლიანთათვის, რომელთაც ბიტკოინის პოტენციალი ადრევე შენიშნეს. 2009 წლის ოქტომბერში, როცა ბიტკოინის ფასი 0.01 დოლარსაც ვერ აღწევდა, 1 დოლარის ინვესტიციით დღეს მილიონერთა რიგებში იქნებოდი. ალბათ ფიქრობ, 2011 წლის თებერვალში მაინც ჩამედო ის გადადებული 100 დოლარი, ბიტკოინი 1 დოლარი რომ ღირდაო. თუ ეს დაგამშვიდებს, მარტო არ ხარ, მეგობარო. წარმოიდგინე, რას განიცდის ლასლო ჰანიეჩი, რომელმაც 2010 წლის 22 მაისს Papa John’s-ის 2 პიცაში 10 000 BTC – დღევანდელი ღირებულებით, დაახლოებით, $ 420 მილიონი – გადაიხადა (!)
2009 წლის 3 იანვარს, როცა სატოში ნაკამოტომ ბიტკოინის პირველი – ე.წ. „გენზის“ – ბლოკი მოიპოვა, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რა მასშტაბის გარღვევას მოახდენდა ბლოკჩეინტექნოლოგია ფინანსური ინსტრუმენტების, დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. მოკრძალებული სტარტის მქონე ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 889 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საინტერესოა ის, რომ ბიტკოინი პირველი კრიპტოვალუტა არ გახლავთ. პირველი კრიპტოვალუტაა eCash, რომლის ავტორიც ამერიკელი კრიპტოგრაფი დევიდ ჩაუმია. კომპანია DigiCash-ის გამოშვებულ eCash-ს მართალია დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ ციფრული ვალუტების შთაგონების წყაროდ იქცა.
DigiCash-ს გაკოტრებიდან 10 წლის შემდეგ, 2008 წელს, ბიტკოინის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა „თეთრი ფურცელი“ სათაურით: „ბიტკოინი – თანაბარუფლებიანი ელექტრონული ფულის სისტემა“. მასში საუბარი იყო დეცენტრალიზებული ვალუტის შექმნაზე, რომელიც მთავრობებისა და ფინანსური ინსტიტუციების კონტროლს არ დაექვემდებარებოდა. სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად ბიტკოინის შექმნას და როგორც იტყვიან, დანარჩენი ისტორიაა.
ბიტკოინის ფასმა $1000 დოლარს მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში გადააჭარბა, რასაც ფასის დაღმასვლა მოჰყვა და ოთხნიშნა ნიშნულს ბიტკოინი მხოლოდ 2017 წლის თებერვალში დაუბრუნდა. ამავე წელს ბიტკოინის ფასმა უპრეცედენტოდ იმატა და 20 000 დოლარსაც მიაღწია. ბიტკოინის პიკური ფასი 2021 წელს დაფიქსირდა და 68 000 დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის ბოლოს დაწყებული აღმავალი ტენდენციისა და 2024 წლის გაზაფხულზე მოსალოდნელი ჰალვინგის დადებითი განწყობების პირობებში, ვნახოთ, გააუმჯობესებს, თუ არა რეკორდს ბიტკოინი წელს.
ბიტკოინის ფასი 2024 წლის 3 იანვრისთვის $45 000-ს აჭარბებს, ბოლო ათი წლის „საიუბილეო“ ფასები კი ასე გამოიყურებოდა:
ბიტკოინმა და კრიპტოსამყარომ მცირე დროში დიდი გზა განვლო. ბიტკოინის გამოცდილებით შეიქმნა ახალი ბლოკჩეინები, კრიპტოგრაფიული პროტოკოლები, 23 ათასამდე კრიპტოვალუტა, დეცენტრალიზებული ციფრული აქტივები, კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ 1.74 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და რაც მთავარია, გაჩნდა ახალი კულტურული და ტექნიკური ფენომენი – Web3. სატოში ნაკამოტოს გამოქვეყნებული ბიტკოინის „თეთრი ფურცლით“ ტექნოლოგიების ისტორიაში ახალი თავი გაჩნდა, რომელიც 15 წელია საინტერესო გვერდებით ივსება და მომავალშიც არაერთ სიახლეს გვპირდება.
ასე რომ, სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა, ბიტკოინ!
[პარტნიორის კონტენტი]