ბიტკოინის (BTC) აღმავალი ტრენდი, რომელიც ერთი კვირის წინ ფასის მკაფიო მატებით დაიწყო, ამ კვირაშიც ნარჩუნდება. საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 34 500 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კრიპტობაზარზე ოპტიმისტურ განწყობებს ხელს უწყობს აშშ-ში ბიტკოინის სპოტ გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) დამტკიცების მოლოდინი, რაც ჩვეულებრივ ინვესტორებს სტანდარტულ საბროკერო ანგარიშებში ბიტკოინის ფასების მოძრაობისათვის თვალის მიდევნების საშუალებას მისცემს. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი, როგორც ჩანს, ხანგრძლივი პერიოდით გეგმავს მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას. ბოლო პერიოდში აქციებისა და ობლიგაციების ბაზარზე ფასების დაცემის ფონზე კი ბიტკოინის აღმავალი ტენდენცია უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა.
CoinGlass-ის მონაცემების მიხედვით, ოქტომბერი ბიტკოინისთვის წლის ერთ-ერთი საუკეთესო თვე იყო, 28.52%-იანი ნამატით, რაც შედეგებით მხოლოდ ამ წლის იანვარს ჩამორჩება.

„ხარების“ (ფასების მატების მომლოდინე ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორების) პროგნოზით, უახლოეს პერიოდში ბიტკოინის ფასი 40 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. კრიპტოსერვისების პლატფორმა Matrixport-ის ვარაუდით კი, ბიტკოინის სპოტ გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) დამტკიცების თაობაზე ოფიციალური განცხადების შემდეგ ფასი 42 000 დოლარსაც გადააჭარბებს.
„ვეშაპები“ იღვიძებენ
როგორც ჩანს, „ხარებთან“ ერთად „ვეშაპებმაც“ გაიღვიძეს. ქსელის მონაცემები ბიტკოინის ბაზარზე არსებულ ოპტიმიზმზე მიუთითებს. კრიპტოანალიტიკური ფირმა IntoTheBlock-ის მიხედვით, გასულ კვირაში ბიტკოინის ქსელში 100 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის არაერთი მსხვილი ტრანზაქცია განხორციელდა, რითაც 2023 წლის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა.

მსხვილი ტრანზაქციების მატებასთან ერთად იზრდება ბიტკოინის ბლოკჩეინზე გადარიცხვების მთლიანი მოცულობების დოლარში ღირებულებაც. Glassnode-ის ცნობით, ამ პარამეტრის შვიდი დღის ექსპონენციურმა მოძრავმა საშუალო მონაცემმა გასულ კვირას თითქმის ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია და $32.5 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო თვეებში გაზრდილია ბიტკოინის ტრანზაქციების რაოდენობაც, რომლის შვიდი დღის ექსპონენციურმა მოძრავმა საშუალო მაჩვენებელმა 600 000-საც კი მიაღწია და ბოლო კვირებში კვლავ დასტაბილურდა.
მსგავსი დიდი რყევები, რისი მომსწრენიც ახლა ვართ, დამახასიათებელია ბიტკოინის „ხარის“ ბაზრებისათვის – რომელ ფაზაშიც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ახლა ვიმყოფებით.
კრიპტოანალიტკოსების ვარაუდებით, 2024 წელს ბიტკოინის ფასზე პოტენციურად დადებითად უნდა აისახოს როგორც ბიტკოინის სპოტ გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) ოფიციალურად დამტკიცება, ასევე ბიტკოინის გეგმური ჰალვინგი (რომელსაც ისტორიულად აღმავალი ტენდენცია ახასიათებს) და აშშ ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკისა და კონგრესის მიერ დაზუსტებული რეგულაციების მიღება.
ცხადია, დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია და მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ბიტკოინის ფასის აღმავალი ტენდენცია კრიპტოენთუზიასტებს ოპტიმისტურად განაწყობს.
წყარო: Cryptonews.com / Cointelegraph.com
ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.
[პარტნიორის კონტენტი]