30
Apr
2018

რა გეგმებით შემოდის კრიპტოვალუტის ბაზარზე ახალი ქართული კომპანია “Bixtrim“?

30 Apr 2018

კომპანია “Bixtrim“ კრიპტოვალუტის ბაზარზე ოპერირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. დამფუძნებლების თქმით, მათ სამოქმედო გეგმაში, სხვადასხვა ეტაპზე, ICO-ს და „იქსჩეინჯ“ პლატფორმის შექმნა, ახალი, უნიკალური კრიპტოვალუტის გამოშვება და მისი საშუალებით, „რითეილში“ გადახდების განხორციელება შედის.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

კონკრეტულად რას სთავაზობენ მომხმარებელს, როგორ განვითარდება კომპანია და ზოგადად, კრიპტოვალუტის ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე?! ამ და სხვა საკითხებზე, „მარკეტერი“ Bixtrim-ის დამფუძნებელს, არტურ არაბიანს ესაუბრა:

არტურ არაბიანი, “Bixtrim“-ის დამფუძნებელი

„დღეს, საქართველოში, კრიპტოვალუტის ბიზნესში საკმაოდ საინტერესო პერიოდია. მართლაც უნიკალური ვითარებაა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, „მაინინგით“, სულადობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილს ვიკავებთ. ბევრი ადამიანი აბანდებს ფულს ამ ბიზნესში. დიდია უცხოური ინვესტიციაც. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც – ჯერჯერობით, არ მოქმედებს ყველა საჭირო რეგულაცია. იმედი გვაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება. ჩვენ გვსურს, კრიპტოვალუტის ბიზნესს მივცეთ სწორი მიმართულება. გვინდა, საქართველოში, კრიპტო ვაჭრობის სფეროში, იყოს მეგობრული, ჯანსაღი ბიზნეს გარემო და რაც შეიძლება ბევრი კომპანია, რომელიც ქართველსა თუ უცხოელ მომხმარებლებსა და ინვესტორებს სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს შესთავაზებს.

კომპანია  “Bixtrim“ რა მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს?

ჩვენი პირველი ნაბიჯი ICO (initial coin offering) იქნება, რაც ინდუსტრიაში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ამას მოჰყვება კრიპტოვალუტის გაცვლის, ე.წ. „იქსჩეინჯ“ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი შეიძენს ან გაცვლის ნებისმიერ კრიპტოვალუტას. რა თქმა უნდა, ექნება ძალიან მარტივი და მაქსიმალურად კომფორტული „ინტერფეისი“. მას გამოიყენებენ, როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები. შემდეგი ეტაპი იქნება კრიპტო ლომბარდი, რომელიც, „მაინერებზე“ იმუშავებს. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი ტექნიკა და გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას. იქიდან გამომდინარე, რომ „მაინინგიც“ ჩვეულებრივი ბიზნესია, მას რეინვესტიცია სჭირდება. რეინვესტიციისთვის, ამ პიროვნებამ უნდა გაყიდოს ან გაცვალოს კრიპტოვალუტა, რომ დამატებითი ტექნიკა იყიდოს და გააფართოოს ბიზნესი. ზოგადი ტენდენციით, კრიპტოვალუტა ძვირდება, ამიტომ, ყოველთვის დგება საკითხი, ახლა გაყიდოს, პირობითად, 1000 დოლარად, თუ ერთ თვეში – 1200 დოლარად. ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს. შეუძლია, კრიპტოვალუტა, ვთქვათ, 1050 დოლარად დაალომბარდოს, მიღებული თანხა ჩადოს ბიზნესში, განვითარდეს და ერთ თვეში, როდესაც 1200 დოლარი ეღირება, გაყიდოს. ამით კურსში სხვაობასაც არ დაკარგავს, მთელი თვის მანძილზე მოგებასაც მიიღებს და ბიზნესსაც განავითარებს. მოგებულები დავრჩებით ჩვენც – მივიღებთ საკომისიოს და თან ხელს შევუწყობთ სფეროს განვითარებას. ლომბარდის შემდეგ, ვგეგმავთ უნიკალური კრიპტოვალუტის გამოშვებას, რომელიც არ იქნება უკვე არსებულის კლონი: მომხმარებელს აბსოლუტურად განსხვავებულ კრიპტოვალუტას წარვუდგენთ. ეს ყველაფერი კი, კიდევ უფრო ამბიციურ გეგმას უკავშირდება – ჩვენი ოცნებაა, „რითეილშიკრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი გახდეს. როგორც დოლარისა და ლარის ანგარიშზე დარიცხულ თანხას ვიხდით ბარათის საშუალებით, გვინდა, ასე იყოს კრიპტო ფულის შემთხვევაშიც. შესაძლოა, ტექნიკურად კონვერტაცია მოხდეს, მაგრამ, ანგარიშზე ძირითადი მაინც კრიპტოვალუტა იქნება.

მომხმარებლისთვისრითეილშიკრიპტოვალუტით გადახდის შეთავაზება, ალბათ, გარკვეულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. . .

სწორედ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ფინანსურ ინსტიტუტებთან. ეს სფერო ძალიან მკაცრად რეგულირდება და ასეც უნდა იყოს, რადგან უსაფრთხოების საკითხებთან მჭიდრო კავშირშია. ამიტომ, გარკვეული დრო დაგვჭირდება. საბოლოოდ, გვინდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მაღაზიაში, კინოში, სალონში – ყველგან, სადაც ფულს ვიხდით, ანგარიშსწორება კრიპტოვალუტის ანგარიშიდან, ბარათის საშუალებით მოხდეს. ეს სერვისი მხოლოდ ამ ახალ კრიპტოვალუტაზე გავრცელდება. თავიდან, ციფრული ფული რომ შეიქმნა, მსგავს სერვისზე მისი გამოყენება გათვლილი არ იყო და შესაბამისად, დღეს არსებული კრიპტოვალუტების ტრანზაქციების გამტარიანობა ძალიან დაბალია. ამიტომ, ტექნიკურად ვერ ხერხდება მათი დროულად დადასტურება. აქედან მარტივი გამოსავალი არსებობს – თუ ჩვენ მომხარებელს მოუნდება, კრიპტოვალუტით გადახდა, შეუძლია ის „იქსჩეინჯ“ პლატფორმაზე გადაახურდაოს ახალ კრიპტოვალუტაზე და ისე მოახდინოს ანგარიშსწორება. აი, ასეთი გეგმები გვაქვს, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, უსაფრთხოების ყველა წესისა და პროცედურის დაცვით ვახორციელებთ. როგორც უკვე აღვნიშნე, კრიპტოვალუტის ბიზნესი დღეს საკმაოდ პოპულარულია. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ცდილობს, იოლი ფულის შოვნას, თაღლითობის გზით. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ თითოეული კლიენტის უსაფრთხოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებში გვიწევენ კონსულტაციებს.

რა არის დღეს ამ ბაზარზე  მთავარი პრობლემა

მთავარი პრობლემა არასაკმარისი რეგულაციებია. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს კრიპტოვალუტის ბიზნესი ძალიან პოპულარულია. თუმცა, დეტალებში ყველა ვერ ერკვევა. შესაბამისად, ძალიან მარტივია ხალხის მოტყუება. ვიღაცამ შეიძლება, დაიწყოს ეს ბიზნესი, და, იქიდან გამომდინარე, რომ სფერო ისე მკაცრად არ რეგულირდება, როგორც მაგალითად, საბანკო სექტორი, ხალხი მოატყუოს, თან ისე რომ კანონის ჩარჩოებს არც გასცდეს. არ გვინდა, ყველაფერი ამ გზით წავიდეს. გვსურს, თითოეული ჩვენი სერვისი მაქსიმალურად უსაფრთხო და სანდო იყოს. ამისთვის მზად ვართ, ყველა საჭირო პროცედურა გავიაროთ, მივიღოთ სერტიფიცირება და ა.შ. საკუთარ ბიზნესთან ერთად, ვქმნით ტექნიკურ საშუალებას, რომ ჩვენი ბაზა სხვა კომპანიებმაც გამოიყენონ. ეს იქნება პრეცედენტი, მაგალითი სწორი ბიზნეს მოდელისა. გვინდა, რეგულაციები გახდეს კანონმდებლობის ჩარჩო, რომ ბიზნესი სისტემური და სანდო იყოს.

დამატებითი რეგულაციები  ბიზნესის განვითარებას ხომ არ შეაფერხებს

რეგულაცია უნდა იყოს ადეკვატური, ზედმეტად მკაცრი რეგულაცია ყოველთვის აფერხებს ბიზნესს. მაგრამ მისი ნაკლებობა ან არარსებობა მოიტანს ქაოსს, რაც ძალიან ცუდია კეთილსინდისიერი ბიზნესისათვის. ქაოსში თავს კარგად გრძნობს მხოლოდ ის, ვინც მომხარებელს ატყუებს, რადგან პასუხისმგებლობა არ ეკისრება. როგორც კი რეგულაცია წესდება, ყველაფერი ლაგდება. რასაკვირველია, ამას არ უნდა არეგულირებდეს სისხლის სამართლის კოდექსი, მაგრამ ადეკვატური საკანონმდებლო ჩარჩო რომ უნდა არსებობდეს, ეს ფაქტია.

რა მომავალი აქვს კრიპტობიზნესს? 

კრიპტვალუტა მსოფლიო ბაზარზე და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აუცილებლად დარჩება. თუმცა, რთულია იმის პროგნოზირება, ზუსტად რა სახით იარსებებს. დღეს ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მალე „მაინინგი“ აღარც მომგებიანი და შესაბამისად, აღარც ასეთი პოპულარული არ იქნება. კრიპტოვალუტასა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებში ფულის ჩადება აუცილებლად იქნება და მოგებასაც მოიტანს, მაგრამ ახლა ცოტა რთულია იმაზე საუბარი, კონკრეტულად რა ფორმა ექნება ამ ყველაფერს.

თქვენ ახსენეთ, რომ ამ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა. “Bixtrim“ რით გაუწევთ მათ კონკურენციას

არ გვინდა, ჩვენი კომპანიის მომსახურება ან ზოგადად, ეს სფერო, დამატებით შიშთან ან რისკთან ასოცირდებოდეს. რაც შეეხება კონკურენციას, მოთხოვნა იმდენად დიდია, კონკურენცია პრობლემა აღარც არის. მე უფრო მგონია, რომ ბაზარზე ყველა მოთამაშე ერთსა და იმავე რაღაცას აკეთებს, ერთი მეორეს არ „ძირავს“, უფრო ცოდნასა და ინფორმაციას ცვლიან, ვიდრე, პირდაპირი გაგებით, კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ამ კუთხით ძალიან კარგი გარემოა. რაც შეეხება უპირატესობას, მგონია, რომ ყველა კომპანია რაღაცით უნიკალურია. მაგალითად, ჩვენ ძალიან ფართო გამოცდილება გვაქვს. ყველა დამფუძნებელი სხვადასხვა სექტორში მუშაობდა. ამიტომ, ყველა საკითხს განსხვავებულად აღვიქვამთ და ვაფასებთ. თითოეული სხვა წერტილიდან ვხედავთ პრობლემას, ვისმენთ ერთმანეთის აზრს, არგუმენტებს და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ყველა რომ ერთნაირად ვფიქრობდეთ, რა მნიშვნელობა ექნება, 1 ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ – 5? ჩვენთვის, შესაძლოა, ეს დამატებითი სტრესი იყოს, რადგან მუდმივად ვკამათობთ, საკუთარ მოსაზრებებს ვამტკიცებთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ჩვენგანი ადეკვატური ადამიანი და პროფესიონალია, საბოლოოდ, სწორ გადაწყვეტილებამდე მივდივართ.

[R]

განხილვა