in

„შარქ თენქში გამარჯვება ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს საშუალება მიეცემა თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა მიიღოს“

ჩემი სტარტაპი ქმნის ბიზნეს სიმულატორს, რომელიც სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება, რათა სიმულაციურ გარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები და მართონ ბიზნესი. სიმულატორის მონაწილეებს საშუალება აქვთ დააფუძნონ კომპანია, შეიძინონ რესურსები, დაიქირაონ ადამიანები, ბაზარს შესთავაზონ პროდუქტები, დააწესონ ფასები და მათი ამ გადაწყვეტილებების შედეგები თავად იხილონ. სიმულატორის ფარგლებში სტუდენტები გუნდურად მოქმედებენ, როგორც კომპანიები და სხვა სტუდენტების მიერ შექმნილ კომპანიებს უწევენ კონკურენციას. მთელი ამ პროცესის შედეგებს კი მათთან ერთად მენტორი აანალიზებს და ღირებულ უკუკავშირს აძლევს სტუდენტებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ეს პროცესი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც სწავლა მოქმედების გზით. ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორი სამ უპირატესობას ფლობს: ქართულენოვანია, იაფია და ქართულ ბიზნეს გარემოზეა მორგებული.

იდეის კომერციულ შესაძლებლობებში ბაზრის კვლევამ დამარწმუნა. ქართულენოვანი სიმულატორის ფასი სავსებით მისაღებია და პროდუქტი მოთხოვნადი იქნება უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების, ტრენინგცენტრების, კომპანიების და უბრალოდ ბიზნეს თამაშებით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან.

მე თენგიზ თაქთაქიშვილი გახლავართ – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში. ასევე, ვასწავლი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაქვს აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის ხუთწლიანი გამოცდილება. 4 წელია მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას ვხელმძღვანელობ, ასობით სტუდენტთან მქონია კომუნიკაცია და სასწავლო პროცესზე ჩემი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ერთი მხრივ, სტუდენტებს მოსწონთ როდესაც თამაშთ სწავლობენ და მეორე მხრივ, ბევრად უკეთესად ითვისებენ მასალას და ივითარებენ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

ბიზნესიდეა საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებისას მომივიდა. გავეცანი უცხოურ პრაქტიკას და სურვილი გამიჩნდა, რომ სიმულატორებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი საქართველოშიც ყოფილიყო. 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საცდელად დავნერგეთ სიმულატორი სტრატეგიული მენეჯმენტის სასწავლო კურსში. გაამართლა და სტუდენტებისგან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ამასთან, გამოიკვეთა რამდენიმე სირთულე: სიმულატორი იყო ინგლისურ ენაზე, არ იყო მორგებული ქართულ რეალობას და ძვირი გახლდათ. შესაბამისად, გამიჩნდა იდეა ქართულენოვანი, შედარებით იაფი და ადგილობრივ ბაზარზე მორგებული სიმულატორი შექმნილიყო. გარდა ამისა, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ჩავუტარე ვორკშოპი სიმულატორით სწავლებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება უკვე გამაჩნია.

Shark Tank-ში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემი პროექტით დამეინტერესებინა დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესმენები და ზოგადად, ერთი ნაბიჯი გადამედგა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ბიზნეს წრეებსა და აკადემიურ სფეროს შორის მჭიდრო კავშირების ნაკლებობა წარმოადგენს. მჯერა, რომ ბიზნესის ინტერესებშიცაა აკადემიურ სფეროში სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და თავის მხრივ, აკადემიურ სფეროს ძალიან მჭიდრო კონტაქტების დამყარება ესაჭიროება ბიზნესთან, რათა ძლიერი და კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები გაუშვას შრომის ბაზარზე.

Shark Tank-ში 35 000 ლარი მოვიპოვე. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს საშუალება მიეცემა თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა მიიღოს და ამასთან, უამრავი ადამიანი გაიგებს ამ პროდუქტის, ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორის შესახებ, რაც მარკეტინგულადაც ძალიან მომგებიანია. ბიზნეს სიმულატორის ლოგიკა უკვე დაწერილია. ახლა ვებგვერდი მზადდება, რომელსაც უახლოეს კვირებში დასრულებული სახით წარმოვადგენ.

თენგიზ თაქთაქიშვილი – იდეის ავტორი

 


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – ნინო ბიწაძე

„კრეატიულობა არის ის, რაც ადამიანებად გვაქცევს“ — V&A მუზეუმის კამპანია