4
Mar
2019

„ბიზკოჩო“ – ერთი კონდიტერის პერფორმანსი

4 Mar 2019

Startauperi
Startauperi


„ბიზკოჩო“ მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოჩნდა. მისი შემქმნელი მარიამ გაბაშვილი, განათლებით, სამართალმცოდნეა. იურისტად 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, საქმიანობის სფერო შეეცვალა.

„მივხვდი, რომ საოფისე სამუშაო ჩემი არ იყო. კულინარია ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მათ შორის საკონდიტრო საქმე. ერთ დღესაც გადავყვიტე, ლამაზი და გემრიელი ტარტების ბრენდი შემექმნა და სამსახურიდან წამოვედი. ასე გაჩნდა „ბიზკოჩო“. ყველაფერი თავად გავაკეთე – შეფუთვა, სახელი, ლოგო. ახლაც ყველაფერი ჩემზეა – პროდუქტის მოტანა, კლიენტებთან ურთიერთობა, დიზაინი და რა თქმა უნდა, ცხობა.

M: „ბიზკოჩო“ მხოლოდ ინტერნეტით იყიდება?

მარიამ გაბაშვილი: ახლა „ონლაინ“ გაყიდვა ძალიან პოპულარულია. თანაც, ფართის ქირაობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, გადავწყვიტე, მთავარი კონცეფცია ასეთი ყოფილიყო – გვიკვეთავენ Facebook-ით, ვისაც სურვილი აქვს, თავად მიაქვს, თუ არა და გვაქვს მიტანის სერვისი, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში. სიმართლე გითხრათ, აქამდე, არც გვქონია სხვა ქალაქიდან შეკვეთა. თუმცა, თუ საჭირო იქნება, შესაძლოა, ქალაქგარეთაც წავიღოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს მოვარგოთ ჩვენი მომსახურება.  მაგალითად, წასაღებად რომ მოდიან, მანქანაშივე ვაწვდით შეკვეთას, რომ პარკინგზე დრო არ დახაჯოს და თითოეულმა მათგანმა კომფორტულად იგრძნოს თავი.

M: რაც შეეხება თქვენს პროდუქციას და რეცეპტებს . . .

მ.გ. : ამ ეტაპზეგ ვაქვს ტარტები, კექსები. ჩვენთან სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი არჩევანია. ახლა დაემატება ღვეზელები – ხორცის, ტარხუნის და სოკოსი. ინტერნეტში ტარტის ცომის უამრავი რეცეპტია, მაგრამ პირდაპირ იქიდან არ მაქვს აღებული, დიდი ხანი ვამუშავებდი, სხვადასხვა დოზებს ვცდიდი და საბოლოოდ, მივიღე ჩემი, უნიკალური რეცეპტი როგორც ცომის, ისე შიგთავსის შემთხვევაში.

M: ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. „ბიზკოჩო“ რითია გამორჩეული?

მ.გ. : პირველ რიგში, ეს არის ფასი. გარდა ამისა, ასეთი ვიზუალის და გემოს ტარტები, ნამცხვრები და თან ამდენი სახეობის, ერთად არსად მინახავს. მომხმარებლის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ინდივიდუალურად ვმუშაობ თითოეულ დამკვეთთან, ყველას ვთხოვ, აუცილებლად მოგვწეროს შენიშვნები, რომ მომავალში გავითავლსიწინო. სიმართლე გითხრათ, ძირითადად, მოწონთ ხოლმე „ბიზკოჩოს“ ტარტები, კექსები. ვთვლი, რომ ეს ჩვენი უპირატესობაა.  კონკურენტუნარიანები შეიძლება დღეს არ ვართ, რადგან ბაზარზე არც ისე ბევრი იცნობს ბრენდს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ესეც შეიცვლება, რადგან დღითიდღე იზრდება  მომხამრებლების რაოდენობა.

M: რა სირთულეებს ხვდებით, როგორც სტარტაპერი?

მ.გ. :  ამ საქმეს რომ ვიწყებდი და საკურიერო მომსახურების დიდ კომპანიებს ვუკავშირდებოდი, ხშირ შემთხვევაში, პასუხსაც არ მდემდნენ. მათთვის, როგორც პატარა ბიზნესი, უინტერესო ვიყავი. თუმცა, ეს საკითხი მალე მოვაგვარე. ასევე, იყო ცნობადობის პრობლემა, ვისაც ტარტებს ვთავაზობდი, იქნებოდა ეს კორპორატიული კლიენტები თუ საცალო გაყიდვები, თავს იკავებდნენ. ნელ-ნელა ესე საკითხიც გვარდება.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

მ.გ. :  სამომავლოდ ვფიქრობ გაფართოებას, რაც პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება მომხმარებლის რაოდენობის ზრდას. მინდა, უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი მქონდეს. ვმუშაობ ახალ რეცეპტებზე, რომ პროდუქციის სხვა ნაირსახეობები დავამატო.

 

განხილვა