8
Dec
2017

„წლის სტარტაპერი“ ცნობილია! ბიზნეს დაჯილდოება 2017 დასასრულს უახლოვდება

8 Dec 2017

ბიზნეს დაჯილდოება 2017 -ის გამარჯვებული, ნომინაციაში „წლის სტარტაპერი“ Hippie • ჰიპი გახდა – „გამარჯვებულის გამოვლენა მოხდა ხმების გადამოწმებისა და ანალიზის შედეგად, თუ რამდენად შეესაბამებოდა თითოეული დაგროვებული ხმა ფეისბუკის რეალურ მომხმარებელს. ყველა მონაწილეს, რომელსაც დაუფიქსირდა ყალბი ხმების რაოდენობა, გაუნულდა შესაბამისი ოდენობით. ხმების ანალიზის პროცესს ახორციელებდა დამოუკიდებელი კომისია“.

დღეს, 8 დეკემბერს, ბიზნესდაჯილდოება 2017-ის დასკვნით ღონისძიებაზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ 661 აპლიკანტი ბიზნეს კომპანიიდან შერჩეული უკვე 15 ფინალისტიდან გამოვლინდება თითო გამარჯვებული კომპანია, 6 სხვადასხვა კატეგორიაში. რაც შეეხება მეშვიდე, „წლის სტარტაპერის“ ნომინაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვებული ელექტრონულად, საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომელიც სოციალურ ქსელში 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტზე, წელს განსაკუთრებული აქცენტი კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა. მარკეტერი გთავაზობთ თიბისი ბანკის პროექტების მენეჯერ რუსკა ქურდოვანიძის, ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის კოორდინატორ ანი კვარაცხელიასა და ჟიურის წევრების კომენტარებს:

M: რა არის ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების მთავარი ღირებულება?
რუსკა ქურდოვანიძე: პროექტის მთავარი კონცეფცია არ არის უბრალოდ კონკურსის, ეს რეალურად პლატფორმაა, რომელიც ქმნის ბიზნეს სოციუმს, სადაც კომპანიები საკუთარი წარმატების გაზიარებით ხდებიან ინსპირაცია სხვებისთვის, სლოგანიც სწორედ ამიტომ გვაქვს შერჩეული – #გააზიარეწარმატება. 2 წლის მონაცემებით, უკვე 1200 წევრი ჰყავს ბიზნესდაჯილდოებას. ბიზნესდაჯილდოება შვიდთვიანი აქტიური პროექტია, რომელიც გარდა აპლიკანტების მიღწევების შეფასებისა, გულისხმობს მათ ცნობადობასა და პრომოუშენზე ზრუნვას.
M: წელს რა აქცენტები დასვით და რა ცვლილებებს მოიცავს ღონისძიება?
რუსკა ქურდოვანიძე: ბიზნესდაჯილდოება 2017 -ში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ კვლავ 7 ნომინაციაშიწელს, განსაკუთრებული აქცენტი კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა, რადგან ვფიქრობთ, რომ წარმატებული ბიზნესი ფინანსურ შედეგებთან ერთად საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმეს უნდა აკეთებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჯეოსელის პატრონაჟით, სპეციალური ჯილდო სოციალურ საწარმოსაც გადაეცემა. რაც შეეხება ნომინაციების გამარჯვებულებს, ისინი მიიღებენ ცნობილი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილ ჯილდოს, რომელიც განუსაზღვრელი შესაძლებლობების სიმბოლოა. ასევე, მნიშვნელოვანია ის დიდი პიარ მხარდაჭერა, რომელსაც ფინალისტები და გამარჯვებულები პროექტის მანძილზე იღებენ.

M: როგორ შეირჩა ჟიური, რა კომპეტენციების მიხედვით?
ანი კვარაცხელია: კომისია დაკომპლექტდა იმ ადამიანებით, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ბიზნესსა თუ საჯარო საქმიანობას, გამოირჩევიან მაღალი ბიზნეს ეთიკითა და მოტივაციით, უკეთესობისკენ შეცვალონ ბიზნეს გარემო და საკუთარი საქმით სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას. ჟიურის შეფასების კრიტერიუმების მხრივ, წინა წელთან შედარებით, ცვლილებები თითქმის არ გვქონდა, მათ შეფასებისას, განსაკუთრებული აქცენტი საზოგადოებისთვის მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მოტანის პოტენციალზე, ბიზნეს სულისკვეთების ამაღლების მცდელობებსა და ინოვაციურობაზე გააკეთეს.

რაც შეეხება ჟიურის წევრების კომენტარებს:

ივანე ლექვთაძე, Investment Analyst Finance in Motion GmbH: წლის მცირე და აგრო ბიზნესების შეფასებაში ვიყავი ჩართული და საბედნიეროდ, ბაზარზე ტრენდი არის დადებითი. უფრო მეტი და მეტი ახალი კომპანია არის ბაზარზე, რაც ძალიან კარგია. აგრო ბიზნესი, მიმდინარე პერიოდში, არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული, ბიზნეს სექტორში და ორმაგად სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციებია. რთული იყო ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საუკეთესოები გამოვავლინეთ

მაგდა მაღრაძე, აღმასრულებელი დირექტორი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო: სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი კონკურსების დროს, აპლიკანტებს საკმაოდ ზედაპირული ინფორმაცია შემოაქვთ და რა თქმა უნდა, კომისიას უჭირს გადაწყვეტილების მიღება. უკეთესი იქნება, თუ უფრო ჩაუღრმავდებიან შეკითხვებს, შეეცდებიან, რომ დეტალურად მოგვაწოდონ ინფორმაცია, ამა თუ იმ კრიტერიუმს ორგანიზაცია როგორ აკმაყოფილებს. საბოლოო ჯამში, არ გაგვჭირვებია გადაწყვეტილების მიღება.

გვანცა მელაძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი: მონაწილეებს ვაფასებდი აგრო და ტურიზმის მიმართულებით. ვფიქრობ, წელს უფრო გაგვიჭირდა, რადგან შარშან უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება გვქონდა. ეს ხომ წლის ბიზნესია, წლის ნომინაცია და სასურველია, რომ განმცხადებელმა გაამახვილოს ყურადღება, კონკრეტულად, ამ წელს რა დამატებითი ღირებულება შექმნა და არა, ვთქვათ, 10 წლის წინ, ზოგადად.

რუსლან ხოსროშვილი, Country Managing Partner / EY Georgia LLC: წლის ბიზნესი, მცირე და ინოვაციური ბიზნესები – ამ სამ კატეგორაში მომიწია მონაწილეების შეფასება. განსაკუთრებით, წლის ინოვაციური ბიზნესის კატეგორიაში გაგვიჭირდა შერჩევა, სხვაგან, შედარებით, უფრო ფართო იყო სპექტრი. ასეთი კონკურსების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის. მსგავსი ღონისძიებები ბიზნესს მოუხსნის ფულის კეთების საბჭოურ კლიშეს, რომ ეს რატომღაც ცუდია და ადამიანებს წაახალისებს, რომ ბიზნესის კეთებას ნაცნობობა არ სჭირდება და ყველა ბიზნესი ყოველთვის შეზღუდული რესურსით იწყება, შემდეგ კი აღწევს წარმატებას.

#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეორედ იმართება. ბიზნესდაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის მეშვეობით მთელს საქართველოს გაუზიარონ.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] რომ დღეს დილით, ცნობილი გახდა „წლის სტარტაპერის“ ვინაობა, რომელიც […]