11
Sep
2018

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2018 იწყება!

11 Sep 2018

„თიბისის“ „ბიზნეს დაჯილდოება 2018“, რომლის მიზანიც საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესების მხარდაჭერაა, წელს, უკვე მესამედ გაიმართება, უფრო მეტი ნომინაციითა და სხვადასხვა პრიზით – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელდა. 

უკვე მესამე წელია ბიზნესდაჯილდოება არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ეს პროექტი წარმატებულია. ამ ხნის განამვლობაში ჩვენ უამრავი ახალგაზრდა ბიზნესმენი აღმოვაჩინეთ, რომლებიც წარმატებულად უძღვებიან თავიანთ კომპანიებს. წელს, ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო დიდი შემართებით ვაპირებთ ბიზნეს დაჯილდოების ჩატარებას, რაც გამოიხატება ნომინაციებისა და ჯილდოების სიახლეშიც. ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ჩვენგან დიდ მხარდაჭერას მიიღებენ, – ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ბიზნეს დაჯილდოება 2018-ზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 17 სექტემბერს დაიწყება, ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. პროექტის პარტნიორები არიან: „აწარმოე საქართველოში“, EBRD, Impact Hub, EFSE, თითოეული მათგანი კი ერთ ნომინაციას წარმოადგენს.

წელს, უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად, კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“, ერთ კომპანიას კი 6 ნომინაციიდან მხოლოდ ერთ-ერთში შეეძლება დარეგისტრირება.

2018 წლის ნომინაციებია:

  • წლის ბიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის ქალი მეწარმე;
  • წლის სტარტაპი;
  • ბიზნესი დადებითი გავლენისთვის;

ნომინაცია „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით  გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, წვლილი შეაქვთ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა: განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა. რაც შეეხება ნომინაციას „წლის ქალი მეწარმე“ – მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ კომპანიას, რომლის წილის მფლობელია ქალი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალების ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში და მიგვაჩნია, რომ მათი ინიციატივები წახალისებული უნდა იყოს. EBRD ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გენდერულ თანასწორობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა შეძლონ ტრადიციებისა და სტერეოტიპების დაძლევა, რათა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ ბიზნესის სფეროში. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტნიორობა თიბისისთან ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საკუთარი პოლიტიკის წასახალისებლად, – ბრუნო ბალვანერა, EBRD-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი.

რაც შეეხება პრიზს, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული და ერთ-ერთს, საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე აირჩევენ გამარჯვებულები:ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი
თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაიგეგმება და ახალი ვებგვერდი მომზადდება.

ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია
იმისათვის, რომ ბიზნესის ღირებულებები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა)
ბიზნესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება  და მისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებსერვისი შეირჩევა.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება უკვე მესამე წელია იმართება საქართველოში. ღონისძიება საზოგადოებას, ყოველწლიურად, აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართველოში. 2 წლის მანძილზე თიბისის ბიზნეს დაჯილდოების პლატფორმამ 1200-მდე წევრი გააერთიანა.

განხილვა