წელს ბიზნეს დაჯილდოებას ახალი ნომინაცია დაემატა — “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში”, ამ სტატიაში სწორედ ამ ნომინაციის ფინალისტებს გაგაცნობთ.
ეს უკანასკნელი ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც მინიმუმ ერთი წელია, რაც საქართველოს რომელიმე რეგიონში ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში. ასეთი კომპანიების საქმიანობა სხვებისთვის შთამაგონებელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო უნდა იყოს — ჰქონდეს დადებითი გავლენა, ცვლიდეს მომხმარებლის ქცევას, სხვა ბიზნესებისთვის ქმნიდეს მატერიალურ და არამატერიალურ ღირებულებას.
ფინალისტებს შორის მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ლოპოტა სპა რეზორტი, კურორტი ნუნისი და ვაჩეიშვილის მარანი.
მაკა ღლიღვაშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი/ბორდის წევრი
2008 წელს კახეთის ერთ-ერთ მიყრუებულ ტბასთან სასტუმროს აშენება დასაწყისშივე განწირულ და უიმედო იდეას ჰგავდა, თუმცა, როგორღაც პროექტმა თავი გაიტანა. ნაბიჯ-ნაბიჯ, მივიწყებული გუბურა ტირიფებითა და გედებით გარშემორტყმულ, მშვენიერ ტბად იქცა, ხოლო პირველმა მოკრძალებულმა კოტეჯებმა პრემიუმ ხარისხის სერვისსა და შთამბეჭდავ ინფრასტრუქტურას დაუთმო ადგილი.
დღეს ლოპოტა სპა რეზორტი უნიკალური ადგილია. 232 ოთახით, მრავალგვარი გამაჯანსაღებელი ობიექტით, ღია და დახურული აუზებით, სპა ცენტრით, რესტორნებით, ცხენებითა და ვენახებით — იგი ნამდვილად შეუდარებელი მიკროსამყაროა. აქაური ბუნება მომაჯადოებელია ყველა სეზონზე. ტბის ზედაპირი არეკლილ სხივებს სივრცეში ფანტავს, ხოლო კავკასიონის ფონზე გაშენებული ვენახების წყალობით თვალწინ ზღაპრული სანახაობა იშლება. სასტუმროს ინფრასტრუქტურა ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას და ხაზს უსვამს მისი ლანდშაფტის მშვენიერებას.
ლოპოტას დამფუძნებლის დამსახურებით, ოჯახური სასტუმროს თბილი და სტუმართმოყვარე გარემო სასტუმროში, მისი ამჟამინდელი ზომის მიუხედავად, კვლავაც იგრძნობა. გოგა მაისურაძისთვის ლოპოტა ბევრად მეტი იყო ვიდრე ბიზნეს წამოწყება. ის დაუღალავად უვლიდა სასტუმროს და ზრუნავდა იმაზე, რომ ქვაც კი არ გდებულიყო უადგილოდ; თითოეულ შეფასებას გულისყურით კითხულობდა, რათა მისი სტუმრებისთვის უნაკლო გამოცდილება შეეთავაზებინა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გოგა კურორტის განუყოფელი ნაწილი იყო და გარემოს საკუთარი ენერგეტიკითა და სტუმართმოყვარე სულით ავსებდა. მისი გამორჩეული მემკვიდრეობა კვლავაც ცოცხალია — გოგას ოჯახის თვალქვეშ, ლოპოტა აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.
მაკა ვეზირიშვილი, Nunisi Forest Hotel @ SPA-ს დამფუძნებელი
ნუნისი არის ადგილი ტყის შუაგულში, ულამაზეს ბუნებაში, სადაც ბუნებრივი მინერალური წყლით, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგიძლიათ მიიღოთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები. მინერალური წყლის აბაზანებსა და შხაპებს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ნიშნავს კურორტის ექიმი – დერმატოლოგი.
ნუნისის წყალი უნიკალურია ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, ალერგიების, ატოპიური დერმატიტისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
2001 წელს, როდესაც ნუნისის პროექტი შემოგვთავაზეს, ჩემს მეუღლესა და მეგობრებს ხათრით ჩამოვყევი კურორტის სანახავად. წინასწარ ვიცოდი, რომ უარს ვიტყოდი ამ პროექტზე, რადგან ის ფინანსურად მომგებიანი ვერ იქნებოდა. მაგრამ, როდესაც ჩემი თვალით ვნახე ნუნისის ჯადოსნური სილამაზე, ინვესტიციის მიზანშეწონილობაზე უკვე ბევრი აღარ მიფიქრია.
ჩვენ ეს პროექტი დიდი ენთუზიაზმით და ემოციით დავიწყეთ. ტერიტორიაზე მობილური კავშირის არარსებობის გამო რაციებით დავრბოდით, რომ ხმა მიგვეწვდინა ერთმანეთისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ ამ ურთულეს საქმეში…
თანდათან გაიზარდა ნუნისის ცნობადობა. თითქოს სული ჩავბერეთ ამ კუთხეს…ვიწვევდით რეგიონის მწერლებს, მხატვრებსა და პოეტებს. ჩავატარეთ რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აღნიშნავდნენ ნუსისის წყლის უნიკალურობას კანის დაავადებათა მკურნალობისთვის.
უამრავი ახალაზრდა დასაქმდა, რომლებმაც ჩვენთან შეძენილი გამოცდილების საფუძველზე განაგრძეს განვითარება. ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია მოქმედი გახდა, დღეს მამაოს დაუღალავი შრომით ამ ეკლესიას უამრავი მრევლი და მომლოცველი ჰყავს.
ახლა გზის მშენებლობა მთავრდება, რაც ნუნისს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ახალი ინვესტიცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ფინანსურადაც საინტერესო გახდება.
განვითარება, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს, ნუნისსაც და ხარაგაულის ულამაზეს რაიონსაც აუცილებლად შეეხება.
ნუნისის ორგანულად განვითარების გენერალური გეგმა დამუშავების პროცესშია. უკვე შეძენილი გამოცდილების საფუძველზე მის სისრულეში მოყვანასაც შევძლებთ. ბევრად მეტი ადამიანი გვეწვევა და ნახავს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მდებარეობს საოცარი ადგილი ნუნისი, რომელსაც აქვს მისტიკური მიზიდულობა – ერთხელ, რომ მიხვალ მუდამ გინდა უკან დაბრუნდე.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, “ვაჩეიშვილის მარანის” დამფუძნებელი
სოფელ ატენში 2010 წელს დავსახლდით. აქაური ტერუარი – გამორჩეული ისტორია, სიძველეები, ღვინის ხარისხი და გამორჩეული ბუნება – ბუნებრივად განსაზღვრავს აქაურ ცხოვრების წესს. ატენში ცხოვრობდე და ვენახი არ გქონდეს – შეუძლებელია. ღვინის დაყენების წესიც ძალიან თავისებურია, მსგავსი რამ აღწერილია მე-12 საუკუნის წმინდა მიწაზე, ცნობილი ისტორიული პირების – რიჩარდ ლომგულისა და სალადინთან მიმართებაში. მარნებსაც გამორჩეული თავისებურება აქვს. ამ ტრადიციამ განაპირობა ჩვენი სურვილიც…
ჩვენს ღვინოებს გამოარჩევს თავად ვენახები, სადაც ყურძენი იზრდება – ტრადიციულ სავენახე ალაგებზე – ტერასებზე, მზვარე ბექობებზე, კლდოვან ადგილებზე, ტერიტორიაზე, რომლებიც დიდი არაა და თავისებურ ხასიათს იძლევა.
როცა ეს საქმე დავიწყე, გამოცდილება არ მქონდა. ყველაფერი დროსთან ერთად მოვიდა. რაც მთავარია, ჩემი ახლობლები გვერდში მიდგანან და გამოცდილებას მიზიარებენ. 50 წლის, მოვლილი ვენახი შევიძინე. პარალელურად, ახალი ვენახი ჩავყარეთ. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, გეგმებს ასე ვალაგებდი – აი, ორშაბათიდან, ან შაბათიდან, ახლა სხვა ციკლში ვარ გადართული და ვამბობ, შემოდგომიდან, გაზაფხულიდან, აი ზამთარში კი… – ანუ გლობალურ, ბუნების ციკლში ჩავერთე.
ჩემი აზრით, ეს საქმე რომ აკეთო, აუცილებელია ბუნების სიყვარული. ნარგავები ბავშვებივითაა, ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება. თავიდან, როცა დარგავ, ვერც ხვდები, რომ გაიზრდება. მექანიკურად რწყავ, უვლი. მერე ხვდები, რომ იზრდება. დიდი გასაჭირი გამოიარა, როცა არ რწყავდი, გაუძლო და დაგელოდა. ყველა ნარგავი ინდივიდუალურია.ჩემი ვენახის ლამის თითოეულ ძირს ვიცნობ. ბუნების სიყვარული რომ არა, ეს საქმე ჩემთვის უინტერესო იქნებოდა. მხოლოდ ბიზნესის სახით ამ საქმის წამოწყება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი გზა სხვანაირად წავიდა, მე ისტორიულ სივრცეში ვარ, ჩემი წინაპრების ნასახლარში. აქ ბუნებისა და ადამიანის საუკუნოვანი ურთიერთობაა. ატენის სიონის გამოსახულებები, ვაზი, რომელიც ჩემს ვენახში იზრდება ჩემი ცხოვრების წესია, თუნდაც შემოსავალი არ ჰქონდეს. ჯერჯერობით, მთელი ოჯახი მხოლოდ ვხარჯავთ. თუმცა, ბიზნესიც უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ადამიანი უკუგების გარეშე ხარჯავდეს.
მარანი ატენური კირისგან ავაშენე. ტემპერატურის ცვალებადობაზე სუფთა ღვინო რეაგირებს და ფუჭდება. კირით აშენებულ შენობაში კი სტაბილური ტემპერატურაა. ზამთარში თბილია, ზაფხულში – გრილი. როცა იატაკის დაგებაზე მიდგა საქმე, ადგილობრივი თიხა დავაგეთ.