როგორც უკვე იცით, თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2021 წლის ფინალისტები უკვე ცნობილია. სულ მალე კი 5 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. დღეს გაგაცნობთ ნომინაცია “საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის” ნომინანტებს. ნომინაცია ეხება მათ, ვისაც საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი ჰყავს ან მასთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს ბიზნესისთვის ღირებული პროექტი, რომელიც უკეთესი ბიზნეს შედეგის მიღებაში დაეხმარებათ.
ამჯერად ფინალისტებს შორის მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა DODO Designs და SKA Juice Bar, ანემონე და ლოიალტე.
თაკო და დოდო ჩხეიძეები, DODO Designs-ის დამფუძნებლები:
ჩვენ წარმოვადგენთ დიზაინ სტუდიას DODO Designs, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების და ვიტრინების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე. 2018 წლიდან სტუდია დარეგისტრირდა როგორც კომპანია მისი დამფუძნებლების დოდო და თაკო ჩხეიძეების მიერ და 2020 წელს დაიმატა შვილობილი კომპანია, რომელიც საკუთარი დიზაინით სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.
Dodo Designs-ი სხვა სტუდიებისგან გამოირჩევა მრავალპროფილიანი დიზაინის მომსახურებით და სხვადასხვა ფერის/სტილის თამამი შერწყმით, რაც საკმაოდ დამახასიათებელ ხელწერას სძენს მას და დასამახსოვრებელია.
მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნება ჩვენი დიზაინი არის დიზაინის სფეროს გულწრფელი სიყვარული და ძალისხმევა, რომ თითოეული ნამუშევარი იყოს სასიამოვნო ემოციების მომტანი და ერთმანეთისგან გამორჩეული.
ჩვენს პორტფოლიოში შეხვდებით მრავალ პროექტს. მაგალითისთვის, გამოვყოფთ ყვავილების გასაყიდ პავილიონებს ორბელიანის მოედანზე, მანათობელი გულის ინსტალაციას “გალერია თბილისისთვის”, საახალწლო დეკორაციებს გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, ასევე შევჩენკოს სკვერში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს.
ბრენდის მიზანია ჩვენი კვალის დატოვება ამ სფეროში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენი ერთ-ერთი და უკვე მუდმივი დამკვეთი არის SKA Juice Bar -ი, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი და სწრაფი კვების კულტურის პოპულარიზაცია. მათი მთავარია იდეა დაფუძნებულია სწრაფი და ჯანსაღი კვების თანხვედრაზე და სტერეოტიპის დამსხვრევაზე რომ სწრაფი კვება არ შეიძლება იყოს სასარგებლო. ასევე, მათი პრიორიტეტია ქვეყანაში ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და სტუდენტების წახალისება.
პირველი ორი ობიექტის გახსნის შემდეგ, 2020 წელს, სკას დამფუძნებლები დაგვიკავშირდნენ შეთავაზებით, რომ ყველა სამომავლო ობიექტზე გვეთანამშრომლა და გაგვეკეთებინა ქსელის ისეთი დიზაინი, რომელიც უპასუხებდა მათ მთავარ კონცეპტს და ამავდროულად შევთავაზებდით ქალაქისთვის ახალ და განსხვავებულ დიზაინს. სტუდიისთვის საინტერესო შეთავაზება იყო და რადგან სკა ჯგუფიც ახალგაზრდა იყო ბაზარზე გადავწყვიტეთ ხელი შეგვეწყო მათთვის და შეღავათიან ფასში შევთანხმდით მათთან თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ მათ პროექტებზე მუშაობას და ერთი წლის თავზე, ამ დროისთვის ჩვენი დიზაინით გახსნილია ოთხი ობიექტი, ხოლო სამი დამუშავების პროცესშია. ჩვენი მთავარი მოტივაცია ამ პროექტზე მუშაობისას არის საზოგადოებას შევუქმნათ მიმზიდველი, კომფორტული და საინტერესო გარემო იმისათვის, რომ ესტუმრონ, ჯანსაღად იკვებონ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო SKA Juice Bar-ის კვების ობიექტებში.
ჩვენი ბრენდის ღირებულებებიდან და მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ ობიექტების ადგილმდებარეობას,მათ ისტორიას, მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელობას და სტილისტიკას. საინტერესო გამოწვევაა შევქმნათ თითოეული სივრცის ინტერიერი ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ისე, რომ ქსელის მთავარი ვიზუალური კონცეპტი არ დაიკარგოს რაც მათთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე მოვიფიქრეთ.
მას შემდეგ რაც ვთანამშრომლობთ SKA Juice Bar -ის ყველა ობიექტი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული სივრცე გახდა განსაკუთრებით ახალგაზრდა სეგმენტისთვის, მიუხედავად რთული პანდემიის პერიოდისა.
ანი არველაძე, ანემონეს დამფუძნებელი:
ოთხი წლის წინ შეიქმნა მცენარეების მაღაზია-სალონი “ანემონე” სივრცე, სადაც ადამიანები და მცენარეები ერთმანეთს უმეგობრდებიან. გარდა იმისა, რომ ანემონეში ადამიანებს შეუძლიათ როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მცენარეების შეძენა, ამასთანვე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. როგორებიცაა: სკოლის მოსწავლეებისთვის “შემეცნებითი გაკვეთილები ანემონეში”, პოდკასტების სერია “მწვანე საუბრები”, “აჩუქე მცენარე ქოთნით” და სხვა. ანემონეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას. ხშირად ვცდილობთ თავად ვიყოთ სიახლის ავტორები, ან უკვე არსებულ გამოწვევებში ჩავერთოთ და საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ასევე, ვცდილობთ, სივრცე, რომელსაც მოიცავს ანემონე იყოს მუდმივად საინტერესო, გამორჩეული, მყუდრო და მშვიდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსულ მომხმარებელს ადგილზე სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. ვფიქრობ, სივრცე, რომელსაც ამ დროის მანძილზე ვქმნიდით, ასევე გამორჩეული და განსაკუთრებულია დღესდღეობით ქართულ რეალობაში.
ჩვენი პარტნიორი კომპანია არის “Green wall”, რომელთან ერთადაც ბოლო ორი წლის მანძილზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ვერტიკალური გამწვანების სახით. “Green wall”-ის, შექმნის მთავარი მიზანი იყო, საქართველოში, იქ სადაც ძალიან გვჭირდება მწვანე სივრცეები და ჯანსაღი გარემო, გაკეთებულიყო მეტი მწვანე კედელი, რომელიც გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი, გამოჰყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს, აქვს თბოიზოლაციის უნარი. გარდა აღნიშნული ბენეფიტებისა, მწვანე კედელი მსოფლიოში ძალიან ტრენდულია, როგორც ინტერიერში ასევე ექსტერიერში. გრინ ვოლმა შექმნის დღიდან ანემონესთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ამ ეტაპზეც რამდენიმე მიმდინარე პროექტზე ვმუშაობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კომპანიის მიზანი და მოტივაცია არის, რომ ქართულ მომხმარებელს მაქსიმალურად მისაღებ ფასში შესთავაზონ პროდუქცია.იმისათვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მწვანე კედელი ქართული საზოგადოებისთვის, ვგეგმავთ, სამომავლოდ საქართველოში ვაწარმოოთ კედლის ტექნიკური მხარე. (ამ დროისთვის კედლის კონსტრუქცია ჩამოგვაქვს უცხოეთიდან) ამ ეტაპისთვის ჩვენი გამოწვევაა, რაც შეიძლება მეტ მრავალფეროვან სივრცეში ვიხილოთ ვერტიკალური გამწვანება.
გიგა ფაიქიძე, ლოიალტეს თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი:
ლოიალტე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანია შეიქმნა იდეით, რომ გახდეს ქართული ბრენდი, რომელიც საწყის ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მიაღწევს წარმატებას, ხოლო შემდეგ ქვეყნის გარეთ მოახდენს პროფესიული სერვისების ექსპორტს.
კომპანია სულ რაღაც 3.5 წლისაა, თუმცა სიამაყით ვუყურებთ განვლილ გზას და მიღწეულ შედეგებს – 3 ფილიალი (თბილისსა და ბათუმში), 4 შვილობილი ბრენდი, 55-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომელი და 1 000-ზე მეტი კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მთავარი წარმატებები წინ არის!
დაარსებიდან მეორე წლის ბოლოსათვის უკვე გადავწყვიტეთ გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რაც მომსახურების პროცესს და მომხმარებლების მიერ არჩევანის გაკეთებას კიდე უფრო მარტივს და მოსახერხებელს გახდიდა და დავიწყეთ სერვისების დივერსიფიკაცია და შვილობილი ბრენდების განვითარება. დღეის მდგომარეობით ლოიალტეს შვილობილ ბრენდებს წარმოადგენს: erudio, www.hiro.ge, contractor და altera. 2022 წლის დასაწყისში კიდევ ერთ შვილობილ ბრენდს წარვუდგენთ საზოგადოებას.
ლოიალტეს შედეგებზე საუბრისას აუცილებლად ხაზგასასმელია პანდემიური 2020 წელი და ის სირთულეები თუ შესაძლებლობები, რაც ამ წელმა მოიტანა და რასთან გამკლავებაც კომპანიას ფაქტობრივად სტარტაპ რეჟიმში მოუწია.
ვამაყობთ, რომ პანდემიის პროცესში შევძელით და ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კრიზისი შესაძლებლობად ვაქციეთ, რისი დასტურიცაა ის, რომ 2020 წლის განმავლობაში ლოიალტე დაახლოებით 30%-ით გაიზარდა როგორც შემოსავლებით და მომხმარებლების რაოდენობით, ასევე, გუნდის მოცულობით და ინფრასტრუქტურით.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რეგიონებში ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების განვითარება (Loialte Strategy), რაც ასევე შესაძლებლობას გვაძლევს გარკვეულწილად წვლილი შევიტანოთ რეგიონებში ბიზნესის უფრო ეფექტურად წარმოების თვალსაზრისით. აღნიშნულის დასტურია ლოიალტეს აჭარის ფილიალი, რომელიც 2019 წელს გავხსენით და დღეს უკვე საკმაოდ დიდი პორტფელითაა წარმოდგენილი.
სწორედ აჭარაში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესთან (სასურსათო მაღაზიათა ქსელი “ნაზილბე”) შედგა ლოიალტეს კოლაბორაცია, რომელიც ფაქტობრივად უნიკალურია როგორც ლოიალტეს პორტფელში, ასევე მსგავსი ტიპის თანამშრომლობა უნიკალურია ქართულ საკონსულტაციო ბაზარზე.
კერძოდ, “ნაზილბეს” დამფუძნებლებთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომელიც გულისხმობს კომპანიის ფაქტობრივად ყველა საოპერაციო მიმართულების მართვაში გადაცემას აუთსორსერი კომპანიისთვის (ამ შემთხვევაში ჩვენთვის). გამოწვევა საკმაოდ დიდი იყო, კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტი, თუმცა მიზანი დავისახეთ და დავიჯერეთ, რომ მსგავსი მომსახურების შეთავაზება და პრაქტიკაში განხორციელება შესაძლებელია. მოლაპარაკებების ეტაპზე კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო ამრავლებდა კომუნიკაციის ფორმატი – ლოიალტეს წამყვანი კონსულტანტები უმეტესწილად განთავსებული არიან თბილისში. თუმცა, რისკი გავზომეთ, “ნაზილბესთან” ერთად შევაფასეთ და გადაწყვეტის გზებიც მოიძებნა – შედეგად მივიღეთ კომპანიაში დისტანციურად საქმის წარმოების ეფექტური სისტემა, რომელიც კომპანიაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდება.
თანამშრომლობის შედეგად კომპანიის დამფუძნებლებს/მენეჯმენტს შესაძლებლობა მიეცათ და ჩამოშორდნენ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას და საკუთარი რესურსი მიმართონ კომპანიის სტრატეგიული განვითარებისკენ. ასევე, მიიღონ კორპორაციული მართვის დახვეწილი მოდელი, რომელიც აისახება ბიზნესის ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს (რაც უკვე სახეზე).
გვჯერა, რომ “ნაზილბე”-სთან ლოიალტეს თანამშრომლობას მაგალითის ძალა ექნება სხვა კომპანიებისთვის როგორც აჭარაში, ასევე სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში და შევძლებთ, რომ მსგავსი თანამშრომლობის მოდელი ბევრ სხვა სექტორში გავავრცელოთ.
კომპანიის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტად ციფრული სერვისების განვითარებაა, რისთვისაც შევქმენით altera (by loialte), რომელიც მომხმარებელს უკვე სთავაზობს ბაზრისთვის ინოვაციურ და ისეთ საჭირო პროდუქტს, როგორიცაა – ფინანსური ანგარიშგებების ავტომატიზაცია მე-4 კატეგორიის კომპანიებისთვის. ასევე, უახლოეს მომავალში altera ფინანსებთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო და ბაზრისთვის აქტუალურ მოდულს შესთავაზებს მომხმარებელს.
პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება Loialte Strategy – ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების განვითარება, რომლის საჭიროებაც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა.
საშუალო ვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ საქართველოს გარეთ ექსპანსიას. ამისთვის სტრატეგია უკვე გაწერილია, სამიზნე ქვეყნები შერჩეულია და მოსამზადებელი სამუშაოებიც გარკვეულწილად დაწყებული.