საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის ახალი პლატფორმა შექმნა, სახელწოდებით ბიზნეს მენეჯერი. როგორც ინოვაციურმა ბანკმა ციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები გააერთიანა, რათა თვითმომსახურების ხელსაწყოები მარტივად ხელმისაწვდომი გაეხადა ბიზნესის მფლობელებისთვის.
მართალია, პლატფორმის მახასიათებლებსა და შესაძლებლობებზე უკვე გიამბეთ, მაგრამ ახლა განსხვავებულ ჭრილში უნდა განვიხილოთ — რა დგას ბიზნეს მენეჯერის უკან, როგორ მუშაობდნენ მის შექმნაზე და რა პროცესებთანაა დაკავშირებული პლატფორმის მართვა. ამ ყველაფერზე საქართველოს ბანკის ციფრული კლასტერის პროდუქტის მფლობელი, გიორგი კობიაშვილი გვესაუბრება.
M: პირველ რიგში, საინტერესოა, რა საჭიროებას თუ პრობლემის მოგვარებას უკავშირდება ბიზნეს მენეჯერის შექმნა?
ბიზნესის სამყაროში ოპერაციების მართვა ხშირად ისეთი შეგრძნებაა, როგორც რუბიკის კუბის თვალდახუჭული ამოხსნის მცდელობა. სხვადასხვა ამოცანისთვის და მიზნისთვის სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებისას ხშირად ვკარგავთ მთავარს და ვკონცენტრირდებით მეორეხარისხოვანზე. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქნა ბიზნეს მენეჯერი, რომელიც 3 ძირითადი მოდულისგან შედგება: გადახდების მენეჯერი, Ads მენეჯერი, API მენეჯერი. თითოეული მათგანი განსხვავებული მიმართულებით უადვილებს ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს საქმიანობას.
M: რა პროცესებთან იყო დაკავშირებული ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც სრულყოფილად შეასრულებდა მომხმარებელთა მოთხოვნებს?
პლატფორმის შექმნაზე მუშაობის დაწყებისას ამოსავალი წერტილი მომხმარებლების საჭიროებები იყო. ამის საფუძველზე დავიწყეთ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ანალიზი; დეტალურად შევისწავლეთ თითოეული ნაბიჯი, რასაც ბიზნესი ამა თუ იმ ინფორმაციის მისაღებად თუ ქმედებების განსახორციელებლად გადიოდა.
ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოდულისა და ფუნქციონლალის შექმნის პროცესში აქტიურად ვხვდებოდით მომხმარებლებს და ვისმენდით მათ იდეებს. პლატფორმის შექმნაში ჩართული იყო საქართველოს ბანკის თითქმის ყველა მიმართულება — თითოეული ადამიანი ისეთი ციფრული პროცესის შესაქმნელად მუშაობდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გააქტიურონ გადახდის მეთოდები, დააინტეგრირონ საქართველოს ბანკის API სერვისები და სრულად დამოუკიდებლად შექმნან შეთავაზება მილიონზე მეტი მომხმარებლებისთვის.
M: ის, რასაც მომხმარებლები ვხედავთ, პლატფორმის მხოლოდ ნაწილია და საინტერესოა, რა დგას შესაძლებლობების უკან? რომელი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძელით სასურველი შედეგების მიღება?
პლატფორმის უკან დგას საქართველოს ბანკის შიგნით შექმნილი ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მონაცემების ანალიზს, ისე თითოეული მომხმარებლისთვის ყველაზე საინტერესო და საჭირო შეთავაზების გამოვლენას. ერთი მხრივ, ეს ბიზნესს საშუალებას აძლევს, ზუსტად სამიზნე აუდიტორიას ანახოს საკუთარი შეთავაზება; მეორე მხრივ კი, მომხმარებლები ყოველდღიურად იღებენ ყველაზე დროულ და საინტერესო შეთავაზებებს.
M: სტატისტიკურად რამდენად დიდ დატვირთვას უძლებს პლატფორმა იმისთვის, რომ ქართული ბიზნესების სრულმა ბაზარმა თანაბარი შესაძლებლობებით შეძლოს მისი გამოყენება?
პლატფორმა გათვლილია როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესის საჭიროებებზე. დატვირთვის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ყოველდღე მილიონობით ჩანაწერის დამუშავება ხდება, რათა ბიზნესს მისთვის საჭირო ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ.
M: რა პრინციპით გადაანაწილეთ ფუნქციონალები? რატომ შეარჩიეთ კონკრეტული მახასიათებლები და როგორ ფარავს ისინი ბიზნესების მართვის საჭიროებებს?
ბიზნეს მენეჯერი შედგება შემდეგი მოდულებისგან:
გადახდების მენეჯერი
გადახდების მენეჯერის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ:
- გაიარონ მარტივი სრულად ციფრული ონბორდინგი; შეავსონ 6 ველი და იმავე დღეს დაიწყონ ონლაინ ან ფიზიკური პოსით გადახდების მიღება.
- ან სულაც უბრალოდ უშუალოდ დეშბორდიდან დააგენერირონ ლინკი და პირდაპირ გაუზიარონ მომხმარებელს საკუთარი სოციალური ქსელების ან სხვა არხების მეშვეობით.
- გადახდების მენეჯერის განახლებული გადახდების გვერდიდან მარტივი ინტეგრაციის შემდგომ აგრეგირებულად შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს ბანკში არსებული ყველა გადახდის მეთოდი — იქნება ეს ბარათით, განვადებით ან სულაც გუგლ ფეით თუ ნაწილ-ნაწილ გადახდა.
- გადახდების მენეჯერზე მუშაობისას მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ბიზნესის საოპერაციო ნაწილის გამარტივებაზე და ამიტომ, უშუალოდ ჩვენი დეშბორდიდანვე შესაძლებლობას ვაძლევთ მომხმარებლებს, მართონ გადახდის მეთოდები. ისინი ყოველგვარი დამატებითი ინტეგრაციის გარეშე შეძლებენ, დაამატონ ან გამოაკლონ უკვე არსებულ მეთოდებს რომელიმე, რაც მყისიერად აისახება მათ ვებგვერდზე ინტეგრირებულ გადახდების ველზე.
- გადახდის მიღების შემდგომ შეძლებენ, ამოიღონ დეტალური რეპორტი.
- მიიღონ ზუსტი ინფორმაცია დღის დახურვების და ტრანზაქციების სტატუსების შესახებ.
- ამის შემდგომ კი მყისიერად დაუბრუნონ მომხმარებელს თანხა ან გააუქმონ დამტკიცებული განვადება.
Ads მენეჯერი
მისი საშუალებით, ჩვენი მომხმარებლები აირჩევენ სასურველი შეთავაზების ტიპს, ვადას, სეგმენტს ატვირთავენ ვიზუალურ მასალას… ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, შექმნიან მათთვის სასურველ შეთავაზებებს, რომლებსაც შემდგომ ჩვენი BOG APP-ის, offers.bog.ge-სა და sCool APP-ის საშუალებით მილიონზე მეტ მომხმარებელს მიაწვდიან.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს გააკეთებენ სრულად ციფრულად და დამოუკიდებლად. თანაც, შეთავაზებების მიწოდება არ იქნება ქაოსური და მის სწორ მომხმარებლამდე მიტანას ბანკის რეკომენდერ ენჯინი ითავებს — ეს კი საშუალებას მოგვცემს, არა მარტო ბიზნესს, არამედ უშუალოდ ყველა მომხმარებელს შევუქმნათ მეტი ღირებულება.
გარდა ამისა, თითოეული შეთავაზებისთვის ვაჩვენებთ დეტალური ანალიტიკის გვერდს, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ დროში ნახონ მათი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია: რამდენი ნახვა ჰქონდა ამ შეთავაზებას, რამდენმა მომხმარებელმა დაკლიკა და გაეცნო უფრო დეტალურად ინფორმაციას, რამდენმა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე შეიძინა მისი პროდუქტი. აქვე ნახავენ ამ შეთავაზების ფარგლებში რამდენი იყო ჯამური რეალიზაცია და ასევე, რა იყო ამ შეთავაზების ხარჯი.
API მენეჯერი
ჩვენი API მენეჯერი აერთიანებს როგორც Open Banking-ის ფარგლებში შექმნილ, ისე დამატებით არსებულ პრემიუმ API სერვისებს. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათ საყვარელ სისტემაში მოახდინონ ჩვენი ინტეგრირება და მარტივად მართონ ბიზნესი.
API მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია BOG ID, რომლის საშუალებითაც, ბიზნესები შეძლებენ, საკუთარ მომხმარებლებს რეგისტრაცია, ავტორიზაცია და ვერიფიკაციაც კი გაუამარტივონ.
M: სამომავლოდ თუ გეგმავთ სხვა ფუნქციების დამატებას?
რა თქმა უნდა, ბიზნეს მენეჯერის პლატფორმა მუდმივად განვითარდება და მომხმარებლებისთვის საჭირო ფუნქციონალები ყოველდღიურად დაემატება.