in ,

„ბიზნესდაჯილდოება 2016-მა“ საუკეთესო ქართული მცირე და საშუალო ბიზნესები გამოავლინა

„თიბისი ბანკმა“ და „ჯეოსელმა“ ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოება 2016-ის“ გამარჯვებულები გამოავლინეს. კონკურსის პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 523 კომპანიიდან, დამოუკიდებელმა კომისიამ თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტი შეარჩია. დაჯილდოების ცერემონიაზე კი, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში 17 ნოემბერს გაიმართა, წლის ბიზნესები და ონლაინ ხმის მიცემით გამოვლენილი „ხალხის რჩეული“ დასახელდა.

ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები არიან:

  • კინგსი საქართველო – ხალხის რჩეული;
  • ზეთა კემპინგი – წლის ბიზნესი;
  • Bpc – წლის აგრობიზნესი;
  • ბიოქიმფარმი – წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • White Studio – წლის მცირე ბიზნესი;
  • ბარბარესთან – წლის ტურისტული ბიზნესი;
  • ბადაგი – წლის ქართული პროდუქტი.

„ბიზნესდაჯილდოება 2016“ მიზნად ისახავდა ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდჭერას და დამწყები მეწარმეების წახალისებას, რომ მათაც გამოიყენონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. „თიბისი ბანკი“ და „ჯეოსელი“ საკუთარი რესურსებით ეხმარებოდნენ კომპანიებს სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში. დაჯილდოების მთავარი მიზანი სწორედ ამ კომპანიების ცნობადობის ამაღლება და მათი ბიზნესის წარმატების გაზიარება იყო.

15134620_345743079135994_6012441392745974396_n (1)

ჯეოსელის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორის, მარიკა ლორიას თქმით, მზარდი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო შესაძლებლობები: -“სწორედ აქედან გამომდინარე, “ჯეოსელმა” დააწესა პრიზი გამარჯვებულისთვის ნომინაციაში “წლის ინოვაციური ბიზნესი”. გამარჯვებული კომპანიის 2 წარმომადგენელი  დაესწრება  ევროპის უმსხვილეს ვებსამიტს, რომელიც 2017 წელს  ლისაბონში ჩატარდება. ვფიქრობთ, რომ ეს  იქნება ფანტასტიკური შესაძლებლობა გამარჯვებული კომპანიისთვის მსოფლიო გიგანტებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში, სადაც თავს მოიყრის ათასზე მეტი ინვესტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.”

თიბისი ბანკის მარკეტინგულკომუნიკაციებისა და ბიზნეს კლიენტების მომსახურების მართვის დირექტორის მოადგილ, თამარ ჟიჟილაშვილი კონკურსის შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ კონკურსი მომავალ წელს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს: -„შეიქმნა ამ კომპანიების გამაერთიანებელი პლატფორმა, სადაც მათ შეუძლიათ შეიძინონ ახალი კონტაქტები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი ღონისძიება იყო ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეძლო 523-მა კომპანიამ ერთი პლათფორმის ფარგლებში გაერთიანება და ამ გაერთიანებით თითოეული მათგანი უფრო გაძლიერდა.“

kings

გაიცანით დაჯილდოების გამარჯვებულები.

„კინგსი“ხალხის რჩეული

„კინგსი” სასკოლო ოლიმპიადებია მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით  სამ საგანში: ინგლისური, ქართული ენა და მათემატიკა. ასევე, „კინგსი“ ატარებს „ვუნდერკინგსს,“ რომელიც სრულიად ახალი მიმართულების ტესტია და ორიენტირებულია არა მოსწავლის ცოდნის შეფასებაზე, არამედ, უნარების გამოვლენაზე. „კინგსმა“ შექმნა ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც მამოტივირებელი ძალაა მოსწავლისთვის, რომ  ყოველდღიურად იმუშაოს საკუთარ განვითარებაზე და ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო იყოს.

 „კინგსის“ მარკეტინგის პროექტების მენეჯერი თამთა რუაძე: -„ „ბიზნეს დაჯილდოების“ საშუალებით გავეცანით უამრავ ახალ ბიზნესს, შევიძინეთ ახალი კავშირები  და გაჩნდა შესაძლებლობა მათთან საქმიანი თანამშრომლობის. „კინგსი საქართველო“ წარმოდგენილი იყო  ორ ნომინაციაში: წლის ქართული პროდუქტი და ხალხის რჩეული. ძალიან ღირებული იყო ჩვენთვის წლის ქართული პროდუქტის სამეულში მოხვედრა, ვინაიდან პროდუქტის აღქმა, როგორც  სერვისი და არა ნაწარმი, ხალხისთვის რთულია. ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვება კი, უდიდეს მოტივაციას და ენერგიას გვაძლევს.“

ზეთა

„ზეთა კემპინგი– წლის ბიზნესი

„ზეთა“ ტურისტული ბანაკია, რომელიც ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, თბილისიდან 180 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე, ჭაუხების ძირში მდებარეობს. 2008 წელს მიუვალ ადგილას, კარვებითა და მარტივი ინფრასტრუქტურით დაწყებული ბანაკი წლიდან წლამდე განვითარდა. თუკი „ზეთას“ პირველ წელს 200 ვიზიტორი ჰყავდა, წელს ეს რიცხვი 8000-მდე გაიზარდა. ბანაკი სეზონურია და მხოლოდ ზაფულში მუშაობს, თუმცა რამდენიმე ტურის გაკეთება ზამთარშიც იგეგმება.

ანანო დარგული, ტურისტული ბანაკი ზეთას დამფუძნებელი: -„ჩვენ  ტურიზმის ნომინაციაში ვიყავით ფინალისტები და აღმოჩნდა, რომ წლის ბიზნესად დაგვასახელეს. ეს ძალიან დიდი სიხარული და საკუთარი შრომის დაფასებაა. ამასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან დღეიდან ორმაგად უნდა ვიმუშაოთ ამ სტატუსის ღირსეულად შენარჩუნებისთვის.“

14910353_340298316347137_3366428701729082114_n

 

„ბიოქიმფარმი“ – წლის ინოვაციური ბიზნესი

„ბიოქიმფარმი“ ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც უსაფრთხო და ბუნებრივ პრეპარატებს აწარმოებს ბაქტერიოფაგის, ანუ ფაგის ტექნოლოგიით. ბაქტერიების ბუნებრივ მტრებს „ბიოქიმფარმი“ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციის მიზნით იყენებს.

რატი
რატი ღოლიჯაშვილი

„ბიოქიმფარმის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი, რატი ღოლიჯაშვილი: -„კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო. აპლიკაციის შევსებიდან მოყოლებული, მუდმივი კონტაქტი გვქონდა ორგანიზატორებთან. ასევე, ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისითაც, ძალიან კარგი მხარდაჭერა იყო ჩვენი კომპანიისთვის. ეს გამარჯვება დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ უფრო მეტი ახალი პროდუქტი მივიტანოთ ბაზრამდე, პროდუქცია გავიტანოთ უფრო მეტ ქვეყანაში და გავხდეთ გლობალური კომპანია.“

14963257_337186826658286_22718536655474228_n

BPCწლის აგრობიზნესი

BPC ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2010 წლიდან დაიწყო და სპეციალიზირებულია ველური ტყის პროდუქტის წარმოებაში. დამფუძნებლების მიზანი იყო, შეექმნათ ბიო-სერთიფიცირებული პროდუქტი, რისთვისაც მცირე ფინანსები, მაგრამ დიდი მოტივაცია ჰქონდათ. სახელმწიფოს დახმარებით და მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამების ხელშეწყობით, კომპანიამ ასკილის ნაყენის, ე.წ. „ასკილის წვენის“ წარმოება დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ტყეებში მოგროვებული ველური ასკილის წვენის წარმოების ტექნოლოგია ძველ ქართულ ტრადიციულ ოჯახურ მეთოდებზეა დაფუძნებული.

BPC-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, გიორგი (გაგა) აბაშიძე: -„ეს კონკურსი ფულადი დახმარების, ან სხვა რაიმეს გარანტი არ ყოფილა. ეს ჩვენ დაგვეხმარება ბრენდის აღქმადობის გაუმჯობესებაში, ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციაში და როგორც ადგილობრივ, ასევე  უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის. ის, რომ 523 კომპანიიდან 15 ფინალისტში დაგვასახელეს უკვე დიდი წარმატება იყო, რადგან კონკურსში ღირსეული კონკურენტები იღებდნენ მონაწილეობას. ამ კონკურსის საშუალებით, მცირე და საშუალო ბიზნესებმა ერთმანეთი გაიცნეს. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა, გამოცდილებისა და იდეების გაცვლა უმნიშვნელოვანესია ამ სექტორის განვითარებისთვის.“

14925653_336000586776910_7776754690192608798_n
White Studio – ნატა ერისთავი

White Studio  – წლის მცირე ბიზნესი

White studio-ს შემოქმედებითი სახელოსნო და კერამიკის გალერეა „ვორქშოპი“ უკვე მესამე წელია არსებობს და წარმოადგენს პროფესიონალი კერამიკოსებისა და მხატვრების 8 კაციანი ჯგუფის მიერ შექმნილ კერამიკულ ნამუშევრებს. ქართული ფაიფურით, ფაიანსითა და წითელი თიხით შექმნილი მოხატული სანათები, სარკეები, კედლის პანოები, უჩვეულო ჭურჭელი, არტ ობიექტები, დეკორატიული ლარნაკები, თუ სკულპტურული ნამუშევრები ექსკლუზიურია და არ მეორდება.

ნატა ერისთავითქმით,  ეს სამუშაო საკმაოდ შრომატევადია და კარგია, როდესაც გაწეული შრომა ფასდება: -„მას შემდეგ, რაც „ბიზნესდაჯილდოებამ“ ჩვენი ვიდეო გააზიარა, გაკვირვებული დავრჩით, თუ რამდენად დიდი ინტერესი მივიღეთ საზოგადოებისგან. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე გაავრცელეს ინფორმაცია და ამდენი საინტერესო კომპანია გახდა ბევრად უფრო ცნობადი, ვიდრე იყო.“

14938199_336495840060718_5888985508132122111_n

 „ბარბარესთან“ – წლის ტურისტული ბიზნესი

რესტორანი “ბარბარესთან“ ქურასბედიანების 10 შვილიანი ოჯახის ბიზნესია. რესტორანი  ქართული კერძის და ღვინის რესტორანია, რომლის კონცეფციაც კომპანია „გასტრონავტმა“ შეიმუშავა. ბრენდ-შეფმა ლევან კობიაშვილმა კი, ქართველი კნეინისა და საზოგადო მოღვაწის, ბარბარე ჯორჯაძის 1914 წელს გამეცუმული წიგნის “სრული სამზარეულოს” მიხედვით აღადგინა და დაამუშავა კერძები. მაკა ჯიბუტის თქმით, გამარჯვებამ მთელ გუნდს მოტივაცია შესძინა, რომ კიდევ ახალი სიტყვა თქვან ქართულ კულინარიაში და საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცენ.

badagi

„ბადაგი“ – წლის ქართული პროდუქტი

კომპანია ბადაგი 2011 წლიდან ნატურალურ ჩურჩხელებს აწარმოებს. ჩურჩხელა 100%-ით ნატურალური ბადაგით, ქართული ნიგვზითა და თხილით მზადდება. კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო, შეექმნათ ქართული ტრადიციული და ხარისხიანი პროდუქტი და არსებული შედეგისთვის წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ.

 „ბადაგის“ დირექტორი ინგა ყაჯრიშვილი აღნიშნავს, რომ „ბიზნეს დაჯილდოება“ კომპანიისთვის პირველი კონკურსი და პირველივე წარმატება იყო: -„კონურსში გამარჯვება დიდი სტიმული გახდა, რათა ვიმუშაოთ კიდევ უფრო მეტი, ვაკეთოთ ჩვენი საქმე მეტი მონდომებითა და სიყვარულით. წლის ქართულ პროდუქტად აღიარება დიდი პასუხისმგებლობა, გამოწვევა და მოტივაციაა, რომ  გავამართლოთ ქართველი და უცხოელი მომხმარებლების იმედები. ეს აღიარება გვაძლევს ძალას, განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი და მომხმარებელს მეტი სიახლე შევთავაზოთ.“

ლიკა ქარდავა – #პირველისამსახური

მარკეტერის რჩეული #MannequinChallenge-ები!