24
Jul
2017

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე სტარტაპები – “ინებე” და “მიკროგრინი”

24 Jul 2017

Startauperi
Startauperi


„ჯეოსელისა“ და თიბისი ბანკის ორგანიზებით, ბიზნესნესდაჯილდოება წელს უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანია, საქართველოში, რაც შეიძლება მეტი, ახალი ბიზნესის შექმნა და უკვე არსებული მცირე მასშტაბის კომპანიების მხარდაჭერა. დაჯილდოების სლოგანია #გააზიარეწარმატება. რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება. შემოდგომაზე კი 7 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ორგანიზატორები პროექტში მონაწილეებს საშუალებას აძლევენ, საკუთარი ისტორია სოციალური ქსელის, მედიისა და სხვა პლატფორმის საშუალებით, ფართო აუდიტორიას გააცნონ. დაჯილდოების ფარგლებში, ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე კომპანია „ჯეოსელმა“ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ნომინაცია „წლის ინოვაციური ბიზნესის“ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიები წარუდგინა. „წლის ინოვაციური ბიზნესი“ ჯეოსელის ნომინაციაა, რომელიც როგორც ტექნოლოგიურ, ისე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას გულისხმობს. ღონისძიებაში 20-მდე კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო მარიტა გენებაშვილი, რომელიც სტარტაპების ინებე • Inebe – სა და მიკროგრინი • Microgreens-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მარიტა გენებაშვილი: ამჟამად გვაქვს ორი კომპანია, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ დავაარსეთ. ყოველთვის ძალიან გვაინტერესებდა კულინარია და ჯანსაღი კვება. მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებდით. შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ისეთი საქმე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა კულინარიასა და ჯანსაღ კვებასთან. ასე გაჩნდა inebe.ge და microgreen.ge

M: გვიამბეთ თქვენი სტარტაპების შესახებ . . .

ინებე • Inebe – ეს არის დიეტური კვების ადგილზე მიტანის სერვისი. გვაქვს ოთხი ერთკვირიანი დიეტის პაკეტი, რომელსაც მომხმარებელი თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევს: ექსპრეს დიეტა, პრემიერ დიეტა, ფიტნეს დიეტა და ე.წ. დუკანის დეიტა. მთელი კვირის მანძილზე, ყოველდღე მომხმარებელთან ახალმომზადებული საკვები მიგვაქვს. ეს არის შერჩეულ დიეტაში შემავალი 4-5 კვება (მთელი დღის რაციონი). მას სხვა არანაირი საკვები არ სჭირდება. „ინებე“ არის პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მსგავს სერვისს სთავაზობს – ყოველდღე გამზადებულს აწვდის კვების რაციონში შემავალ კერძებს. ეს „სტარტაპი“ უკვე 6 თვეა ფუნქციონირებს. მომსახურება გვაქვს თბილისის მასშტაბით და გათვლილია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე.

M: რაც შეეხება მეორე პროექტს . . .

მიკროგრინი • Microgreens – მიკრო მწვანილის მწარმოებელი ვერტიკალური „სათბურია“. ეს არის სხვადასხვა ბოსტნეულის მცირე ვერსია, რომელიც მიკრო მწვანილის მდგომარეობამდე 14-18 დღეში „მოდის“. იზრდება ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე და არის სუფთა, ორგანული პროდუქტი. ამ ეტაპზე, გვაქვს 5 სახეობის ბოსტნეული. ინოვაციურია ის ფერმაც, რომელშიც მიკრომწვანილი მოგვყავს. ეს არის ვერტიკალური, ანუ სტელაჟური სისტემით აწყობილი ფერმა, რაც საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, 100 მ2 – ზე გვქონდეს 700 მ2 -ის სასათბურე ფართი. არის მომავლის „სერვისი“: ზოგავ ფართს, მცირე დროში მოგყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ა.შ. ეს სტარტაპი, დაახლოებით, ერთი თვის წინ დავიწყეთ. ამ ეტაპზე, იყიდება აგროჰაბში. სექტემბრიდან ვგეგმავთ ბევრ ობიექტში შესვლას.

M: კონკურენცია თუ არის ბაზარზე?

დღეს ბაზარზე ინებე • Inebe-ს ანალოგი არ ჰყავს. არ არსებობს კომპანია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად, მზა სახით მიაწვდის დიეტაში შემავალ კერძებს. მაგრამ, ეკონომიკა ვითარდება და მომავალში, სავარაუდოდ, გაჩნდება სხვა ჩვენი მსგავსი კომპანიაც. რაც შეეხება – მიკროგრინი • Microgreens-ს, საქართველოში პირველად ჩვენ შევქმენით ვერტიკალური ფერმა. თუმცა, ეს მიმართულება ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში. ველოდებით, რომ განვითარდება საქართველოშიც და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ბაზარი თავისუფლად დაიტევს რამდენიმე მოთამაშეს. რაც შეეხება მიკრო მწვანილს, აქ კონკურენცია არსებობს, თუმცა, ძალიან დაბალია, ძირითადად, ოჯახურ პირობებში მოყვანილი ორგანული ბოსტნეულია.

M: როგორ ბიზნესი, რამდენად მომგებიანია ინებე • Inebe და მიკროგრინი • Microgreens?

მიკროგრინი • Microgreens-ის მაგალითზე ცოტა გამიჭირდება ამაზე საუბარი, რადგან ეს კომპანია ახალი შექმნილია. მაგრამ ერთი რამ ნათელია – ამ ერთთვიანი არსებობის მანძილზე, იმ მცირე დატვირთვითაც კი, როგორც ვმუშაობთ, დაინტერესება ნამდვილად არსებობს – რასაც ვაწარმოებთ, სრულად ვყიდით იმ პროდუქციას. რაც შეეხება ინებე • Inebe-ს, იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ვვარაუდობდით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ახალი სერვისი, ბაზარზე არანაირი ცოდნა არ არსებობდა, რომ რამეზე დაგვეფუძნებინა ჩვენი გეგმა მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. თუმცა, ვთვლით, საკმაოდ ნორმალური რაოდენობის სამომხმარებლო ბაზა გვაქვს. რა თქმა უნდა, დღევანდელი მდგომარეობა და მონაცემები არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ამ ბიზნესში, ჩვენი კომპანია, საქართველოში ყველაზე დიდი და წარმატებული იქნება. მაგრამ „სტარტაპის“ არსიც ის არის, რომ საწყის ეტაპზე მაქსიმალური რესურსი „ჩავდოთ“ სამიზნე აუდიტორიისათვის ჩვენი პროდუქციის გაცნობაში, უნდა ავამაღლოთ ცნობადობა, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, შეიტყოს ჩვენ შესახებ და შემდეგ შევქმნათ და დავხვეწოთ ისეთი პროდუქტი, რომ ახალი მომხმარებლები მოვიზიდოთ და ძველები შევინარჩუნოთ.

M: მომავალ წელს თუ გეგმავთ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობას და რას გაძლევთ ეს პროექტი?

ზოგადად, გვაქვს ბევრი იდეა. არ ვიცი ზუსტად, მომავალ წელს იმავე კომპანიებით წარვსდგებით ამ პროექტში, თუ ახალ სტარტაპს წარვადგენთ, რომელიც კიდევ სხვა მიმართულების იქნება. ყოველ შემთხვევაში, პროექტი ძალიან მომწონს. უკვე ძალიან ბევრი სარგებელი მივიღეთ – დიდი დოზით გაშუქდა ჩვენი სტარტაპები მედიაში, დაგვითმეს ტელეეთერი. ამ ორი ბიზნესისთვის ეს პროექტი უკვე ძალიან მომგებიანია.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ხელშეწყობა?

ამ პროექტის საშუალებით ხდება ჩვენი ბიზნესის პოპულარიზაცია. საზოგადოებამ, „ჯეოსელისა“ და „თიბისი“-ის უკვე შეიტყო და მომავალშიც მიიღებს ინფორმაციას ინებე • Inebe-სა და მიკროგრინი • Microgreens-ის შესახებ. ის მხარდაჭერა, რომელიც კონკურსის პირობებში გვაქვს, – მედია მხარდაჭერა და „ივენთები“, რომლის საშუალებითაც ჩვენ შესახებ ინფორმაცია ვრცელდება – ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპისთვის. ასეთი მასშტაბის პლატფორმა არის ძალიან სერიოზული ხელშეწყობა ჩვენთვის და ჩვენი მსგავსი დამწყები კომპანიებისათვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი, საჭიროც კი არის „ბიზნესდაჯილდოებასა“ და მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა. სტარტაპებს არასოდეს აქვთ იმის საშუალება, რომ ასეთ დიდ აუდიტორიაზე გავიდნენ და, განსაკუთრებით, თავისი საქმიანობის საწყის ეტაპზე, მსგავსი რესურსის რამ გააკეთოს. როდესაც „ჯეოსელისა“ და „თიბისის“ მსგავსი დიდი კომპანიები ქმნიან პლატფორმას, სადაც დამწყებ მოთამაშეებს შეგვიძლია, წავრსდგეთ მედიის, აუდიტორიისა და მომხმარებლების წინაშე, ჩვენნაირი პატარა კომპანიების ზრდისა და განვითარებისათვის დიდი ხელშეწყობაა.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] მ.გ.: ორივე მათგანი განვითარების აქტიურ ფაზაშია, „ინებე“ წელს 2 წლის გახდა, „მიკროგრინი“ კი – 1-ის. „ინებეს“ აქვს თავისი პროექტები – გავაფართოეთ სამზარეულო და ვიმატებთ ახალ მიმართულებებს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების ჭრილში. „მიკროგრინში“, ამ ეტაპზე, ორიენტირებული ვართ ექსპორტზე კავკასიის, რეგიონში. […]