თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!
გთავაზობთ ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში ფინალში გასულ 3 კომპანიას.
მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა და შედეგად, ალტერნატიული ბაზრის მოძიება გახდა საჭირო. კომპანიამ მიზნად დაისახა 5000 ფერმერის კონსოლიდაცია და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ევროპისთვის შეთავაზება. ევროპული ბაზარი მალევე დაინტერესდა ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი, მაღალი ხარისხის მწვანილეულით, თუმცა დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მათ მოთხოვნას – დიდი რაოდენობით პროდუქციის უწყვეტ მიწოდებას კომპანია იმ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებდა, ამიტომ ჯერ ქართულ ბაზარზე დამკვიდრება გადაწყვიტეს.
Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მოპოვების პარალელურად, „ჰერბიამ“ ქართული ბაზრის ათვისება დაიწყო და მალევე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება.
დღეისათვის ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორისაა 5000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი. დაფუძნების დღიდან ჰერბია ინოვატორია ახალი ტექნოლოგიებისა და კულტურების დანერგვაში, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელი რეგიონის და არა მარტო რეგიონის მასშტაბით. მაგალითად: კომპანია პირველი იყო, რომელმაც ააშენა გვირაბის ტიპის სათბური და აღჭურვა თანამედროვე საირიგაციო სისტემებით, ქვეყანაში გაავრცელა ისეთი კულტურები, როგორიც არის რუკოლა, როზმარინი, ჩაივსი, პომიდორი ჩერი, სალათის სხვადასხვა ჯიშები და ა.შ.
„ჰერბია“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ობიექტზეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორებიცაა: „ორი ნაბიჯი“, „კარფური“ „გუდვილი“, „ნიკორა“, „ფრესკო“ და სხვა.
„იმერეთის რეგიონში ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ვთანამშრომლობთ 5000-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან. ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით და მუდმივად ვცდილობთ ასორტიმენტის გაზრდას, ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ბავშვთა კვებაშიც იყოს გამოყენებული ჩვნი პროდუქცია. ბიზნესდაჯილდოება გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი და ასევე ჩვენი პარტნიორი ფერმერები, რომლებიც მუშაობენ სფეროსა და რეგიონის განვითარებისთვის“, – ამბობს „ჰერბიას“დამფუძნებელი დირექტორი, ზურაბ ჯანელიძე.
სამთო სასტუმრო „ალტიჰათი“ ყაზბეგში, ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მდებარეობს და დიდი წვლილი შეაქვს ალპურ ზონაში რეკრეაციული ტურიზმის განვითარებაში – ქმნის ახალ შესაძლებლობს მაღალმხარჯველი ტურიზმის სფეროში, ავითარებს ინფრასტრუქტურას, ქმნის და აუმჯობესებს უსაფრთხოების ნორმებს ალპურ ზონაში. 2018 წელს კომპანიის ინიციატივით ტერიტორია სრულად დაიფარა სატელეფონი კავშირით, რამაც შესაძლებელია გახადა მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
ალტიჰათის მთავარი მისია ნარჩენების მართვის სისტემის შექმნაა, რაც გაზრდილი ტურიზმის გამოწვევაა ნებისმიერ ქვეყანაში, ამ მიმართულებით დაინერგა სისტემური მიდგომა ალპურ სიმაღლეზე. ახალი ტურისტული და სათავგადასავლო მიმართულების განვითარების წყალობით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა birdwatching, heli-biking ვიზიტორების რაოდენობა, სკი-ტურინგი და ახალი საფეხმავლო მარშრუტები ამ მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და წლის აქამდე არააქტიურ სეზონზე დასაქმების პერსპექტივები.
2022 წლიდან ალტიჰათმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი და მოგვიანებით სრულყოფილი პარტნიორობა დაიწყო შვეიცარულ ბრენდ „ბალისთან”. სწორედ ბალისთან ერთად 2024 წელს დაგეგმილია სრულიად ახალი, თანამედროვე სამთო-სამაშველო ქოხის პროექტის მშენებლობა ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალს ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივ თემს მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ბიზნესშესაძლებლობები.
„საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე ბევრმა იცის ამ პროექტის შესახებ, თუმცა საქართველოში ცნობადობა დაბალია. ბიზნესდაჯილდოება გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ საზოგადოებასაც გავაცნოთ ეს ჩვენი „ახირება“ – აბსულუტურად კერძო ინიციატივა, რომელიც სინამდვილეში უმნიშვნელოვანესია სფეროსა და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არასდროს გვრჩება რესურსი იმისთვის, რომ მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ. მარკეტინგული სტრატეგიის კლასიკური დოქტრინული გეგმის შექმნა კი აუცილებელია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მეტ-ნაკლებად ინსტიტუციურად თანაბარი პირობებით ვიყოთ წარმოდგენილნი და ისინიც კარგად ხედავდნენ ადვოკატირების ეფექტებს, ჩვენი საქმიანობის გრძელვადიან გეგმასა და ხედვას. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაში დაგვეხმარება“, – ამბობს ალტიჰატის მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ალავიძე.
ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“ კიდევ ერთი ფინალისტია კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“. ქართული EXTRA VIRGIN ზეთისხილის ზეთის წარმოება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს უკავშირდება. მისი ინიციატივით, 15 წლის წინ საქართველოში დაიწყო ზეთისხილის პირველი ბაღების გაშენება და პრემიუმკლასის პროდუქციის წარმოება. კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. კახეთში, ტარიბანის ველებზე გაშენებული ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ წამოწყების მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია მოიცავს 100%-ით ქართული, ნატურალური ზეთისხილის მარინადს და „extra virgin” ზეთს, რომელიც მხოლოდ ცივი დაწურვის შედეგად მიიღება, რის შედეგადაც ინარჩუნებს ბუნებრივ და სასარგებლო თვისებებს.
მსოფლიოს კვლევების მიხედვით, ზეთისხილის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენაა. მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა მავნებელი ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას უწყობს ხელს, შედეგად კი გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკი საგრძნობლად მცირდება. ამასთან, მიიჩნევა, რომ ზეთისხილის ზეთში შემავალი ცხიმები და ანტიოქსიდანტები ტვინის ჯანმრთელობასა და მის კოგნიტიურ ფუნქციას უწყობენ ხელს.
„საქართველოში ყველას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ზეთისხილია გაშენებული, ხარობს და მისგან ნატურალური პროდუქტები იწარმოება. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, მთელს საქართველოს მივაწვდინოთ ხმა, გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი საქმიანობა და მისი შედეგები, რაც საქართველოში აგრარულ სექტორს და უშუალოდ ზეთისხილის კულტურის შემოტანასა და განვითარებას ეხება. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, თიბისის მხარდაჭერით, აქტიური კომუნიკაცია დავიწყოთ მომხმარებლებთან, რათა მივცეთ ქართველ საზოგადოებას საშუალება, გამოიყენოს საქართველოში წარმოებული ნატურალური და სასარგებლო ზეთისხილი“, – ამბობს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თეო მამულაშვილი.
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
[პარტნიორის კონტენტი]