in

„მაგისტრატურა ერთ-ერთი გზაა, აჩვენო ყველას, რომ მუშაობ საკუთარ თავზე” – ალტე უნივერსიტეტი

ბიზნესის სფერო, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოთხოვნადია ბოლო წლებში. ალბათ ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენთ სამყაროს იმ დიდი თუ პატარა კომპანიების გარეშე, რომლებთან შეხებაც ყოველდღიურად გვიწევს. ასეთი კომპანიების შექმნასა და მართვას კი გამოცდილი და კვალიფიციური კადრები განაპირობებენ. თანამედროვე სამყაროში, სადაც მოთხოვნად და პრესტიჟულ სამუშაოებზე პროფესიონალი კადრების საჭიროება საკმაოდ მაღალია, თქვენს კარიერულ წარმატებაში ბიზნესის სფეროს მაგისტრობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ბაკალავრიატს ახალგაზრდების უმეტესობა ამთავრებს, მაგრამ მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებს ის, ვინც ზუსტად იცის, რომ ამ მიმართულებით სურს განვითარება, წარმატებული კომპანიის მართვა თუ რაღაც უნიკალურის შექმნა.

ალტე უნივერსიტეტი სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირებს ბიზნესის ადმინისტრირების განახლებულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. პროგრამის მიზანი განვითარებაზე ორიენტირებული მაგისტრების მომზადებაა, რომლებსაც ექნებათ ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის მიმართულებით როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა, ანტრეპრენერული აზროვნება და ტრანსფერული უნარ-ჩვევები.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა და როგორ უნდა შევარჩიოთ ის? ამ კითხვებზე პასუხს ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ნანა მიქაშავიძე გაგვცემს:

M: დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მოთხოვნადია ბიზნესის სამაგისტრო პროგრამები, რა არის მისი გავლის წინაპირობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში მაგისტრის წოდება?

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ეს მოწინავე სფეროა და ფაქტობრივად, არაფერი მუშაობს ბიზნესის გარეშე, მოთხოვნა ნამდვილად საკმაოდ დიდია. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მოთხოვნა არ მოდის მაინცდამაინც იმ ბაკალავრებისგან, ვისაც ამ საფეხურზეც ბიზნესი აქვთ გავლილი. შესაბამისად, წინაპირობად ეს არ გვაქვს, ანუ ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ყველას შეუძლია, ვინც ამ სფეროთი ნამდვილად დაინტერესებულია. ძალიან ხშირად ამ პროგრამაზე მოდიან ის ადამიანები, ვისაც პროფესიის შეცვლა ან მასში ბიზნესის კუთხით ახალი უნარების გამომუშავება სურთ. მაგალითად, შეიძლება იყო იურისტი და გახსნა საკუთარი იურიდიული კომპანია, ამ დროს ჩნდება საჭიროება, რომ გაიგო, როგორ მართო კომპანია, ბიუჯეტი, ფინანსები, როგორ მოახერხო მასშტაბირება და სხვა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აქ ვიტყოდი, რომ გააჩნია, სად ვიწყებთ მუშაობას და რა მიზნები გვაქვს. ამ სფეროში მაღალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება თუ გვინდა, აუცილებელია გამოცდილება და თუ მას მაგისტრატურაც ემატება, რა თქმა უნდა, ასეთ კანდიდატზე მოთხოვნაც გაცილებით მაღალია.

M: რას ექცევა ყურადღება სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატის მიღებისას?

მიღებისას უპირატესობას ვანიჭებთ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ვისაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ აქვს, ის ვერ მოხვდება ჩვენთან, მაგრამ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული საჭიროებები, ინტერესები და მიზნები. ხშირად ხდება, რომ ადამიანმა უბრალოდ დაამთავრა ბიზნესის პროგრამა ბაკალავრიატზე და უნდა, რომ პირდაპირ გააგრძელოს მაგისტრატურა. ამას, როგორც წესი, არ ვურჩევთ ხოლმე. ამ საფეხურზე გადასვლას უნდა ჰქონდეს დიდი ამოცანა – თუ რას გინდა მიაღწიო. პროგრამა საკმაოდ შრომატევადია და თუ ზუსტად არ იცი, რა გინდა, შენივე ინვესტიციების დახარჯვის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

M: რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც თავად მაგისტრობის მსურველმა უნდა მიაქციოს ყურადღება?

კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს, თუ რა მიზნით აბარებს მაგისტრატურაზე. სამაგისტრო პროგრამებზე კვალიფიკაცია ერთია, უბრალოდ ყველა უნივერსიტეტს თავისი განმასხვავებელი ხელწერა აქვს. მაგალითად, ჩვენ უფრო მეტად ხაზს ორ მიმართულებას ვუსვამთ: ერთია, პრაქტიკულობა, ხოლო მეორეა, ის კონტაქტების ქსელი, რომელიც აუცილებლად შეიტანს წვლილს როგორც მაგისტრანტის, ასევე მაგისტრის წინსვლასა და წარმატებაში. საუბარი მაქვს პირველ რიგში, ლექტორებზე, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკოსია და დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი თანამედროვე ბიზნეს სამყაროს განვითარებაში, ხოლო, მეორეს მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებლები და Advisory Board (მრჩეველთა საბჭო), რომლებიც ბიზნეს სექტორის წამყვანი სახეებით არის დაკომპლექტებული, რაც ჩვენს მაგისტრანტებს მათ კავშირებზეც უხსნის წვდომას, რისი საშუალებითაც თითოეულ მათგანს შეუძლია შეუერთდეს დიდ ბიზნეს საზოგადოებას, იპოვოს პოტენციური დამსაქმებელი ან ბიზნესპარტნიორიც კი.

M: რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ მაგისტრანტობის პერიოდში გაიაროს სტუდენტმა პრაქტიკა და თუ ეხმარებით მათ ამაში?

მაგისტრატურაზე უმეტესად ჩვენთან მოდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან და უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება. ალტე უნივერსიტეტს ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები, გვაქვს ახლო კონტაქტები ბაზარზე არსებულ ბიზნესებთან, მაგალითად, პროგრამის შემუშავებაზეც დამსაქმებლებთან ერთად ვიმუშავეთ. გამოვიკვლიეთ, სად ხედავენ ისინი საჭიროებებს და ვეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა თითოეული დეტალი. როცა ვხედავთ, რომ სტუდენტი მონდომებულია, მას ყველანაირად ვეხმარებით. გვაქვს სტუდენტთა წარმატების სამსახური, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ დაეხმაროს მათ კარიერულ განვითარებაში და ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის პარტნიორი 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც თითოეული წარმატებული კურსდამთავრებულის პოტენციური დამსაქმებელია.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთება თავად ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორს, shopshop.ge-ს დამფუძნებელს, ზურა ფიჩხაიასაც ვთხოვეთ:

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არ არის აუცილებელი სამაგისტრო პროგრამა გავიაროთ ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე. სტუდენტებს ვურჩევდი, მოაგროვონ პატარა გამოცდილება და მერე, უფრო კონკრეტული სურვილებით ჩააბარონ მაგისტრატურაზე. ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა არ უნდა გამოიყენოს ადამიანმა იმისთვის, რომ პირველი სამსახური იშოვოს. ამისთვის ბაკალავრიატიც საკმარისია, მაგრამ როცა უკვე ადამიანი მუშაობს და გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ ცოტა უფრო მეტის მიღწევა უნდა, მაშინ კარგი დროა ჩასაბარებლად.

სამაგისტრო პროგრამა ადამიანს აძლევს ფართო ხედვას, თუ როგორ მართო დიდი ბიზნესი. ამ დროს ივითარებ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც გეხმარება კარიერულ წინსვლაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად კომპანიებიც მუდმივად ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ განვითარებაზე არიან ორიენტირებული. მაგისტრატურა ერთ-ერთი გზაა, აჩვენო ყველას, რომ მუშაობ საკუთარ თავზე”.

თუ შენც დაინტერესებული ხარ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია სამაგისტრო პროგამებზე პირველმა.

 [R]

PowerPoint-ის 5 ალტერნატივა საინტერესო პრეზენტაციების მოსამზადებლად

20 შეცდომა, რომელიც 2022 წელს სოციალურ მედიაში არ უნდა დაუშვათ