როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი? რა არის საჭირო ბიზნესის განვითარებისთვის? რა როლი აქვს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის მდგრადობისთვის საქართველოში? – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც საქართველოს, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებაზე, 23 ქვეყნის 250-ზე მეტი დელეგატი ესტუმრა.წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა „ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“ იყო. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპიკერები შეეცადნენ, თავიანთ გამოსვლებში აქცენტი ბიზნესის მდგრადობის სამ მთავარ ასპექტზე: ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებზე გაეკეთებინათ. თავის მხრივ, საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა საკუთარი საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების, ტურისტული პოტენციალის სწორად წარმოჩენა.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი დღე პრეზენტაცებს, მასტერ-კლასებსა და პანელ-დისკუსიებს დაეთმო.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ფორუმზე სიტყვით გამოსვლა. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, შევხვდი უამრავ ადამიანს, რომლებიც ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცნენ და ამ ყველაფრისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. დავამყარე ახალი საქმიანი ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ქუვეითის პრინცესა, შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი 18 ოქტომბერს, ლონდონში „ქალთა გლობალური ბიზნეს ნეთვორქინგის ღონისძიების“ სტუმარი იქნება.
ჩვენ განსაკუთრებულ დროს, დიდი ცვლილებების ერაში ვცხოვრობთ. ამიტომ, საჭიროა, შევიკრიბოთ, მოვუსმინოთ, იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს და ვიფიქროთ მომავალზე. ამის საშუალებას კი, სწორედ მსგავსი ფორუმები გვაძლევს“, – მირელა სულა.
ფორუმზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს: „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა“ (GAACC) და „არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივას“, ასევე GAACC–სა და „ყაზახეთი-სლოვენიის ბიზნესკლუბს“ შორის.

ეკატერინე მაისურაძე, ფორუმის ორგანიზატორი: „წელს, ბევრმა ადამიანმა გაიცნო საქართველო. დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხო ქვეყანაა, აქ ბიზნესის კეთება მარტივია, კორუფცია მინიმალურ ზღვარზეა დაყვანილი და სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის დაწყება. თავის მხრივ, აზია საკმაოდ საინტერესოა ბიზნესის კუთხით, ახალი ბაზარია და სწორი ნაბიჯების გადადგმით, კარგი პროექტების განხორციელება შეიძლება. ფორუმმა ძალიან კარგი შესაძლებლობები მისცა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ბიზნესებს და დიდი სურვილი მაქვს, რომ თანამშრომლობა მხოლოდ მემორანდუმით არ შემოიფარგლოს და რეალური შედეგები მალევე დავინახოთ“.
რა შეეხება ღონისძიების მეორე დღეს, ის დაეთმო B2B (Business To Business – ბიზნესი ბიზნესისთვის) შეხვედრებს – ე.წ. „ნეთვორქინგს“, ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით მიმართეს: ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა და სხვებმა.
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტიციების ფორუმი“ წელს, უკვე მეორედ გაიმართა. ფორუმზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.











