in

ბიზნესში დიდი, “თეატრალური” შეხვედრები დროის ფუჭი კარგვაა

ზოგიერთი შეხვედრა უფრო მეტად სანახაობრივია, ვიდრე ინფორმაციული…

ორგანიზაციების უმეტესობა უზარმაზარ დროს და ძალისხმევას ხარჯავს ბიზნესის ანალიზის შეხვედრებში. ზოგი მათგანი საკვანძო პროექტებთანაა დაკავშირებული, ზოგიერთი გაყიდვების შემოსავლებთან, ხოლო ზოგი – კომპანიის ან სამმართველოს საერთო საქმიანობასთან. ყველა შემთხვევაში მიზანი უფროსებსა და მათ დაქვემდებარებულებს შორის დიალოგის დამყარებაა – ძირითადად, ეს იმის გარკვევას ეხება, თუ როგორ მიმდინარეობს ბიზნესი ან კონკრეტული პროექტი, რა ხარვეზებია სტრატეგიულ მიზნებში, სად არსებობს ხარვეზი და ა. შ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როდესაც პროცესი კარგად მიმდინარეობს, ბიზნესის მიმოხილვა მძლავრი იარაღია. ამის გარეშე ინიციატივების განხორციელება მეტად რთულია – წარუმატებელი პროექტები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში ისაკუთრებდეს რესურსებს, არაპროდუქტიულობა შეუმჩნეველი დარჩეს, საუკეთესო თანამშრომლების ღვაწლი ვერ გააცნობიერონ და საბოლოოდ, კომპანიები ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რომლებიც ბევრად ადრე უნდა აღმოფხვრილიყო.

სამწუხაროდ, ბიზნესის მიმოხილვის მრავალი შეხვედრა უფრო მეტად სანახაობრივია, ვიდრე ინფორმაციული, რასაც Harvard Business Review Leader’s Handbook-ის თანაავტორი რონ აშკენასი “ბიზნესის მიმოხილვის თეატრს” უწოდებს. იგი ერთ ნათელ მაგალითსაც კი იხსენებს, როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში კვარტალური მიმოხილვისას მენეჯერებმა მიმდინარე მუშაობის მაჩვენებლები წარმოადგინეს, გამოკვეთეს ხარვეზები და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. თუმცა, როდესაც აღმასრულებელმა და ფინანსურმა დირექტორმა გარკვეული კითხვები დასვეს, მენეჯერებმა ძირითადი აქცენტი წარსულის გამოცდილებასა და მიღწევებზე გააკეთეს. შედეგად, მათ გეგმებში უამრავი ხარვეზი გაიპარა. მაშინ, როცა კონკურენტები მომავალზე ორიენტირებულ პროდუქტებს ქმნიდნენ, აღნიშნული კომპანია კი კვლავ წარსულში რჩებოდა.

ასეთი შეხვედრები რეალურ საუბარსაა მოკლებული, ეს მნიშვნელოვანი კითხვებისთვის თავის არიდებას და შემდგომი განხილვისთვის გადადებას გულისხმობს. ისმის კითხვა, როგორ შეიძლება კომპანიებმა შეწყვიტონ ძვირფასი დროის დაკარგვა და წარსულის ნაცვლად მომავალზე ისაუბრონ?

რატომ ვდგამთ ბიზნესის მიმოხილვის თეატრს?

პირველი ნაბიჯი პრობლემის სათავის გაგებაა. ბიზნესის მიმოხილვის თეატრის გავრცელების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს.

პირველი – უფროსი აღმასრულებლები შეხვედრებისას დღის წესრიგს არ წერენ. თუ კონკრეტული მიმართულება არ არსებობს, მენეჯერები ყურადღებას ისეთ სფეროებზე ამახვილებენ, რომლებშიც კარგი მდგომარეობაა.

მეორე – ბიზნესის ან პროექტის ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ღრმა მიმოხილვა მათ საქმიანობაში შეუსაბამობებს გამოავლენს. თავის მხრივ, მათი აზრით, ეს უშუალოდ მათ პროფესიულ რეპუტაციაზე იმოქმედებს. ამ წუხილს უფრო ამძაფრებს კოლეგების წინაშე გაკიცხვის შიში.

იმისათვის, რომ ბიზნესის მიმოხილვები უფრო პროდუქტიული გახდეს, ამ ორი საკითხის მოგვარებაა საჭირო. წლების განმავლობაში ასობით კომპანიასთან მუშაობის საფუძველზე, რონ აშკენასმა სამი ძირითადი ნაბიჯი გამოყო, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

მომავალზე ფოკუსირება

უფრო ნაყოფიერი დღის წესრიგის შესაქმნელად, მიმოხილვის სესიის სტრუქტურა კონკრეტული, აქტიური თემების გარშემო უნდა იყოს კონსტრუირებული. სწორედ ამგვარად შეიძლება სამომავლო შედეგების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, სიტყვა “მიმოხილვა” წარსულის მაგალითების მოხმობასაც მოიცავს – მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში. თუმცა ეს ინფორმაცია სწრაფად უნდა იქნას განხილული, რათა შემდგომი დისკუსია მომავალზე ფოკუსირდეს. ამიტომაც, უფროსი ლიდერები, როგორც მიზნობრივი აუდიტორია, აქტიურად უნდა ჩაერთონ დღის წესრიგის განსაზღვრასა და პრიორიტეტულ საკითხებზე ფოკუსირებაში, რომელთა განხილვაც ნამდვილად საჭიროა.

მაგალითად, შეგიძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Nuance-ის მეთოდი გამოიყენოთ. აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბენიამინი ითხოვს, რომ შედეგების ცხრილი ასახავდეს არა მხოლოდ ამჟამინდელ მუშაობას, არამედ სამ სტრატეგიულ კითხვასაც ეხებოდეს: როგორ გავზარდოთ მასშტაბურობა? როგორ გამოვიყენოთ ღრუბლოვანი სისტემა? და როგორ ჩავდოთ ზედმეტი ინვესტიცია იმ შესაძლებლობებში, რომლებიც კომპანიის განვითარების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს ასრულებს? 

ამასთან, იმისდა მიხედვით, თუ რისი მიღება გსურთ, გაითვალისწინეთ თქვენი მიმოხილვებისთვის მოწვეულთა სია. მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ მიზანს, უნდა შეირჩნენ არა მხოლოდ სტატუსის ან წოდებების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ გავლენა იქონიონ პროექტის ან ბიზნესის მომდევნო ეტაპზე გადაყვანაზე.

შექმენით უსაფრთხო სივრცე ძლიერი დიალოგისთვის

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა აზრის გამოხატვისა და შედეგების განხილვის შიში გადალახონ, მათ მიმღებლობა უნდა იგრძნონ. ისეთი უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, სადაც იდეებისა და გამოწვევების თავისუფლად დაფიქსირება იქნება შესაძლებელი, გარკვეული ბალანსი უნდა დაადგინოთ – ერთი მხრივ ძალიან პასიური და მეორე მხრივ – ძალიან კრიტიკული.

თუ კონტროლს მხოლოდ საკუთარ თავზე იღებთ, საუბარში დომინანტობთ, თრგუნავთ სხვა მონაწილეებს და ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანივით იქცევით, ერთგვარ თეატრალურ მოქმედებას მიიღებთ. თუმცა ამ შემთხვევაში, მსახიობები (ანუ, მენეჯერები) ყოყმანობენ, რამდენად ღირს პროცესში ჩართვა. ზოგიერთმა კომპანიამ რამდენიმე აქტიური შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ თანამშრომლებმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ამ ბალანსის შექმნის ერთ-ერთი გზა კითხვების დასმაა, ნაცვლად მხოლოდ საკუთარი აზრების დაფიქსირებისა. ზოგიერთ ლიდერს იერარქიული წყობა იზიდავს – მათ სიამოვნებთ, როცა ყველა უფროსის აზრს ეთანხმება. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან თანამშრომლები ღიად ვერ გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს და იდეები განუხორციელებლად კვდება.

გადახედეთ თქვენს მიმოხილვებს

“ბიზნესის მიმოხილვის თეატრის” თავიდან ასაცილებლად, მესამე ნაბიჯი პერიოდულად თავად პროცესის შეფასება და კორექტირებაა. კომპანიის მოქნილი სტრუქტურის შესაბამისად, განიხილეთ უწინდელი შეხვედრები და გააანალიზეთ, რისი გაუმჯობესება შეიძლება. შედეგად, მონაწილეები უფრო მეტად ჩამოაყალიბებენ საკვანძო კითხვებს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია და თანაც, შემდეგი განხილვა უფრო კონსტრუქციული დიალოგის სახეს მიიღებს.

გახსოვდეთ, ბიზნესის ან პროექტის განხილვის ერთი სწორი გზა არ არსებობს. თუმცა ზემოთ მოყვანილი რჩევები, ამ ჩარჩოების ფარგლებში ვარირება დაგეხმარებათ, წარსულის ნაცვლად, მომავლის შეცვლაზე ორიენტირებული კულტურა ჩამოაყალიბოთ.

წყარო: HBR



„ნაბეღლავის“ ქართული მისია მარსზე – I ეპიზოდი

ნახეთ: ფიჭის მაკრო კადრები