in

Björk-ის 13 მადლობა და ერთი შენიშვნა ქართველ მსმენელს!

რა ხდება მაშინ, როცა იცი, რომ რაღაც დიდსა და გენიალურს უნდა ჩახედო თვალებში? ახალი, შენგან სრულიად განსხვავებული სამყარო აღმოაჩინო, გესმოდეს მისი ნაბიჯების ხმა, გესმოდეს მისი სიმღერა, რომელსაც როგორც ჩქარი მდინარის დინებას ისე გაჰყვები, მიუხედავად იმისა, რომ არ იცი, სად წაგიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ არ იცი, სად აღმოჩნდები.

ასე დაიწყო. 31 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლები კონცერტის დაწყებამდე ორსაათნახევრით ადრე ვიყავით ფილარმონიის მოსაცდელში. ცოტა ხანში, ცარიელ დარბაზში პირველად შესულებმა მეცხრე რიგში დავიკავეთ ადგილი და დაიწყო ლოდინი, ცარიელ სცენაზე მომღერლისა და ორკესტრის განლაგების წარმოდგენა, სხვადასხვა, საყვარელი კომპოზიციის გახსენება. კონცერტის ორგანიზატორებმა გაგვაფრთხილეს, რომ ისლანდიელი მომღერლის სურვილის მიხედვით, ჩვენი ტელეფონებითა თუ კამერებით არც ერთი ფოტო უნდა გადაგვეღო, რაც საკმაოდ მკაცრი განაჩენი იყო, მით უფრო, მედიის წარმომადგენლებისთვის. 2017 წელს ბიორკის კონცერტები მხოლოდ ლოს ანჯელესში, ტოკიოსა და მეხიკოში გაიმართა. მეოთხედ კი ის ჩვენ წინ, თბილისში, ფილარმონიის სცენაზე უნდა წარმდგარიყო.

ნელ-ნელა დარბაზიც გაივსო და სცენაზე განლაგებული სიმებიანი ინსტრუმენტების სიჩუმე ხალხის ზუზუნმა გადაფარა. 21 საათზე, პუნქტუალურად, შესასვლელი კარების დახურვის შემდეგ, სცენაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრები გამოჩდნენ. შემდეგი იყო ბარნი ფრიმან ბარნასონი, ახალგაზრდა ისლანდიელი დირიჟორი, რომელიც გასული წლის დასაწყისშიც ხელმძღვანელობდა ბიორკის ალბომის – Vulnicura-ს სიმებიან კონცერტს ისლანდიაში. სწორედ მაშინ, როცა მოლოდინი ჯერ კიდევ არ მიახლოებოდა თავის პიკს, სცენაზე წითელ კაბასა და ჩვეულ ნიღაბში გამოწყობილი მომღერალი გამოჩნდა, რამდენიმე მსუბუქი რევერანსით მიესალმა მუსიკოსებსა და აუდიტორიას და სწრაფადვე დაიწყო პერფორმანსი. პირველი სიმღერის შესრულებას მოჰყვა ბიორკის სახასიათო ხმით, ქართულად ნათქვამი „მადლობა“, რამაც მეტი გრძნობის გამოხატვის საშუალება მისცა ემოციებით ისედაც სავსე აუდიტორიას. ქართულად ნათქვამი მადლობა 13 ჯერ გაჟღერდა. ექსპერიმენტული მუსიკითა და განუმეორებელი ვოკალით მომღერალმა თითოეულ ჩვენგანს, საკუთარ თავზე ნამდვილი ექსპერიმენტი გამოგვაცდევინა. მივყევით მის ხმას, მის სხვა სამყაროში, რომელმაც კონცერტის მეორე ნაწილში, ჩვენს სამყაროში ამოგვაყოფინა თავი.

ალბომ Vulnicura-დან შესრულებული სიმღერების History of Touches და Notget-ის შემდეგ, სიმღერების Pagan Poetry-სა და I’ve seen it all-ის მოსმენამ მსმენელი განსაკუთრებულად ააღელვა და სწორედ ამ აღტყინების პიკზე მყოფებს, კარგად გვხედავდა ფილარმონიის „წყვდიადში მოცეკვავე“. გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე ადამიანი მაინც იღებდა საყვარელი მუსიკოსის შესრულებას, მათი ნაწილი კი მომღერლის ჩრდილს უღებდა, რომელიც სცენის გასწვრივ, კედლებზე ირხეოდა. როცა ასეთი ადამიანების რიცხვმა იჭარბა, ბიორკმა სიმღერის გარეშე, პირდაპირ მოგვმართა: „გიყურებთ და ვხედავ თქვენს ტელეფონებს, მაგრამ ვერ ვხედავ თქვენს თვალებს. არ იფიქროთ მომავალზე, იმაზე, თუ რას ნახავთ ხვალ, სახლში, იყავით აქ, ახლა, ჩემთან“. ამის შემდეგ, ჩვენი ყურადღება აღარ მიუპყრია ანთებულ ეკრანებს და მომღერლის სახასიათო მოძრაობაში მის ხმასაც ვხედავდით.

ქართული სიმფონიური ორკესტრის, ისლანდიელი დირიჟორისა და მომღერლის კოლაბორაცია შედგა. ბიორკმა მადლობა გადაუხადა სასცენო პარტნიორებს და დამსწრე საზოგადოებას. One More Song-თქვა მან და ეს უკვე ნიშნავდა, რომ მის მოსმენაში გატარებული 2 საათი მალე დასრულდებოდა. კულმინაციური შესრულების შემდეგ, მომღერალმა სცენა დატოვა. ფეხზე წამოვდექით, ვუკრავდით ტაშს მისი წასვლიდან დაახლოებით, 8-10 წუთის განმავლობაში, იმ იმედით, რომ ის კიდევ ერთხელ მოგვიბრუნდებოდა. მას შემდეგაც, რაც მივხვდით, რომ მისი ნახვა და მოსმენა უკვე მხოლოდ 3 ნოემბერს, ოპერის თეატრში იქნებოდა შესაძლებელი, მაინც ვუკრავდით ტაშს, სანამ, პირდაპირი გაგებით, ხელები არ გვეტკინა.. ასე ვუხდიდით მადლობას ბიორკს, თითოეულ ჩვენგანში ახალი გზების გაყვანისთვის.

გაზი, მუხრუჭი, გაზი – პაუზა! Tegeta Motors-ის მორიგი რჩევები, მოცურების თავიდან ასაცილებლად

ჯიპიაი ჰოლდინგი ყველაზე სწრაფებს ეძებს!