26
Jun
2019

BK Construction-მა “კონსტრუქტ2-ის” პირველი გამოშვების მიღების ცერემონია გამართა

26 Jun 2019

„კონსტრუქტ2-ის“ პირველი გამოშვების 80 სტუდენტისთვის სპეციალური მიღება „სითი მოლის“ სამშენებლო ობიექტზე მოეწყო. ახალვეწულებმა თეორიული სწავლების ეტაპი უკვე დაასრულეს და საწარმოო პრაქტიკის საფეხურზე გადავიდნენ. ახლა ისინი უშუალოდ სამშენებლო ობიექტებზე გააგრძელებენ ცოდნის მიღებას და m2-ის სხვადასხვა პროექტში დასაქმდებიან.

 

„კონსტრუქტ2“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

კოლეჯი ზესტაფონში მდებარეობს და სტუდენტებს სამშენებლო მიმართულებით თერთმეტ ხელობას ასწავლიან. სასურველი პროფესიის დაუფლება, სრულიად უფასოდ, 18 წელზე უფროსი ნებისმიერი ასაკის, სქესის, ფიზიკური შესაძლებლობისა თუ გამოცდილების მქონე მსურველს შეუძლია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, „კონსტრუქტ2-ის“ პირველ ნაკადს პირადად მივულოცო სასწავლო კურსის პირველი ეტაპის დასრულება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვის წინ გახსნილი სამშენებლო კოლეჯი, თავის მხრივ, უკვე წარმოადგენს BK Construction-ის ერთგვარ ხერხემალს. ახალი ნაკადისა და ვეტერანი მშენებლების კოლაბორაცია სამომავლოდ, უფრო მასშტაბური და ხარისხიანი მშენებლობების განხორციელების საშუალებას მოგვცემს” – თქვა შოთა ბერეკაშვილმა, BK Construction-ის გენერალურმა  დირექტორმა და დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მმართველმა პარტნიორმა.

ღონისძიებაზე კომენტარი გააკეთა ირინა აბულაძემაც. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ კადრების დასაქმება ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფოს პრიორიტეტია და BK Construction-თან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

პროექტი ორიენტირებულია კადრების სწრაფ დასაქმებასა და სწრაფ გადამზადებაზე. ვინაიდან, ერთი მხრივ, არის ბიზნესის მოთხოვნა, რომ შექმნას მეტი სამუშაო ადგილი. თუმცა, ეს ვერ მოხდება, თუკი მათ არ ეყოლებათ კვალიფიციური კადრები. სწავლების ეს მეთოდი კი, გულისხმობს თეორიულ სწავლებას ჯერ კოლეჯის ბაზაზე და პრაქტიკული მეცადინეობების გაგრძელებას უკვე რეალურ სამშენებლო სივრცეში.

სამშენებლო სფეროში 26 წლიანი გამოცდილების მქონე BK Construction-ის მთავარი პრიორიტეტები, ხარისხიანი მშენებლობის გარდა, დასაქმებულთა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ერთგულებაა. სწორედ არსებული მიდგომებისა და ფასეულობების გასამყარებლად და შრომით ბაზარზე დამატებით კვალიფიციური კადრების დასამატებლად შეიქმნა სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“.

[R]

განხილვა