ალბათ, ყველა სფეროში მოიძებნიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციის ჟინით ინოვაციურ იდეებამდე მიდიან. ასე მოხდა ანიშ კაპურისა და სტიუარტ სემპლის შემთხვევაშიც. როგორც იცით, პირველი მათგანი „ვანტა ბლექის“, ანუ ყველაზე შავი ფერის ოფიციალური მფლობელია და მხოლოდ მას აქვს ამ პიგმენტის გამოყენების უფლება. მხატვარი სტიუარტი კი „სავაჭრო ნიშნის“ იდეამ ძალიან გააღიზიანა — რამდენიმე წლის წინ ახალი პიგმენტი, Better Black შექმნა. ხოლო ახლა ფორმულა მეტად განავითარა და BLACK 4.0 შეიმუშავა.
„ყველაზე შავი საღებავი ნაცნობ სამყაროში“, — ასე უწოდებს სტიუარტი ამ ფერს. ის ხილული სინათლის 99.8%-ზე მეტს შთანთქავს. ვანტაბლექის მაჩვენებელი კი სულ ოდნავ აღემატება ამ მაჩვენებელს. როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, მსგავსი შედეგის მისაღებად წლების განმავლობაში მუშაობდა, ათენებდა ღამეებს და უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა. მთავარი მიზანი ის კი არ იყო, კაპურისთვის საკუთარი უპირატესობა დაემტკიცებინა, არამედ ხელოვანებისთვის მიეცა ფერი, რომელიც სჭირდებოდათ.
გარდა იმისა, რომ BLACK 4.0-ს ხელოვანები გამოიყენებენ, სტიუარტი მის პოტენციალს ტექნოლოგიური კუთხითაც ითვალისწინებს — კერძოდ, ტელესკოპებისა და კამერებისთვის, რადგან ულტრაშავი პიგმენტი ეფექტურად გაუმკლავდება სინათლის გავლენას.