შუა საუკუნეების მსხვერპლთა და შავი ჭირისგან გადარჩენილთა დნმ-ის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჭირი, რომელმაც მე-14 საუკუნეში ევროპა გაანადგურა, დღემდე აგრძელებს ჩვენს ბიოლოგიაზე ზემოქმედებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პათოგენი ჯერ კიდევ აქტიურია, არამედ იმიტომ, რომ სასიკვდილო პანდემიამ ჩვენს იმუნურ სისტემასთან ადაპტაცია განიცადა, რაც ასობით წლის განმავლობაში განვითარებას განაგრძობდა…
ჩართულმა გენებმა ჭირის მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობა აჩვენა, მეცნიერებმა კი ახლა აღმოაჩინეს, რომ ზუსტად ეს გენები ისეთ ავტოიმუნური პირობებისადმი მგრძნობელობის გაზრდასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, როგორიცაა კრონის დაავადება და რევმატოიდული ართრიტი. ეს კი შემდეგ მოსაზრებას წარმოშობს — პანდემიებს მოულოდნელი და ზოგჯერ მავნე, გრძელვადიანი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს, რომლებიც თაობების მანძილზე გრძელდება.
„იმ დინამიკის გაგება, რომელმაც ადამიანის იმუნური სისტემა ჩამოაყალიბა, არის გასაღები იმის გასარკვევად, თუ როგორ უწყობს ხელს წარსული პანდემიები, როგორიცაა ჭირი, თანამედროვე დროში დაავადებისადმი ჩვენს გამძლეობას“, — აცხადებს ჰენდრიკ პოინერო, ევოლუციის გენეტიკოსი.
დიახ, შავი ჭირი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ მოვლენად ითვლება, რომელმაც ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას Yersinia pestis ბაქტერია იწვევდა და ადამიანებამდე რწყილების საშუალებით აღწევდა. დაავადება ერთ დღეზე ნაკლებ დროში ფატალურიც კი შეიძლებოდა გამხდარიყო. მსგავს ინფექციებს ბუნებრივ გადარჩევაზე დიდი გავლენა აქვს.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფს კი სურდა გაეგო, როგორ შეცვალა შავმა ჭირმა ადამიანის გენომი. რადგანაც შავი ჭირი ფართოდ იყო გავრცელებული და მიცვალებულებს მასობრივ საფლავებში ასაფლავებდნენ, მკვლევრებს დღეს შესასწავლად უამრავი ძვალი აქვთ. კონკრეტულად კი, მათ 100-წლიანი ფანჯარა აიღეს და ლონდონსა და დანიაში დაღუპული პირებისგან 500-ზე მეტი ნიმუში მიიღეს. ეს ნიმუშები, თავის მხრივ, სამ ჯგუფად იყოფოდა: ისინი, ვინც დაიღუპნენ ჭირამდე, ჭირის დროს და შემდგომ.
შედეგად, მეცნიერებმა იმ ოთხი გენის იდენტიფიცირება მოახერხეს, რომელიც შავ ჭირთან იყო დაკავშირებული და კაცობრიობას აქამდე არ უნახავს. სწორედ ეს გენები წარმოქმნიან პროტეინებს, რომლებიც ჩვენს სხეულს პათოგენების შემოჭრისგან იცავს. როგორც ჩანს, ადამიანებისთვის, რომელთაც ერთი ან მეტი გენომი ჰქონდათ, ჭირისგან გადარჩენის შანსიც ბევრად მეტი იყო.
ამ უკანასკნელის დასადასტურებლად მკვლევრებმა ადამიანის უჯრედების კულტურები შექმნეს, რომლებიც სხვადასხვა გენეტიკურ პროფილს წარმოადგენდა და Yersinia pestis-ით იყო ინფიცირებული. დადგინდა, რომ ადრე გამოვლენილი გენები ბაქტერიების მიმართ კონკრეტულ კულტურებში კვლავ გამძლე იყო — ERAP2 გენის ორი იდენტური ასლის მქონე პირებს, საპირისპირო ასლების მქონე ინდივიდებთან შედარებით, ჭირისგან გადარჩენის 40-50%-ით მეტი შანსი ჰქონდა.
„შერჩევითი უპირატესობა, რომელიც დაკავშირებულია შერჩეულ ლოკუსთან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მათ შორის, რაც აჩვენებს, როგორ შეუძლია ერთ პათოგენს იმუნური სისტემის ევოლუციაზე ზემოქმედება“, — განმარტავს ლუის ბარეირო, ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსი.