19
Jun
2019

Black Eyed Peas: „ჩამოვედით, რომ სიყვარული გავავრცელოთ!“

19 Jun 2019

მას მერე, რაც გასულ წელს, რამდენიმეწლიანი მდუმარების შემდეგ, ამერიკული ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ჯგუფი Black Eyed Peas სცენას ახალი ალბომით, ტექსტებში განსხვავებული აქცენტებითა და ერთით ნაკლები შემადგენლობით დაუბრუნდა, მსმენელების ნაწილი, რომელიც რასობრივ-დისკრიმინაციულ ეპითეტებსაც არ იშურებდა ჯგუფის ყოფილი წევრის, ფერგის მიმართ, ამბობდა, რომ: ნამდვილი ბლექ აიდ ფისი დაბრუნდა! ნამდვილი სკოლის ტრიო, რომელმაც, როგორც იქნა, „თეთრი გოგოც“ მოიცილა.

თუმცა კი, ბლექ აიდ ფისის ქართველი მსმენელებიდან, ნაწილმა სწორედაც, რომ „თეთრი გოგოს“ ჯგუფიდან წასვლა, უფერგობა ვერ აიტანა და 16 ივნისს, Black Sea Arena-ზე გამართულ ჯგუფის კონცერტს გადაწყვიტა, ამ მიზეზით, არ დასწრებოდა.

როგორც ჯგუფი ახალ ალბომში Master of The Sun ამტკიცებს, „ერთს პლუს ერთს პლუს ერთი არის სამი / კლასიკური ბლექ აიდ ფისი“, მაგრამ ქალი ვოკალისტის გარეშე მაინც ვერ გაძლეს ეტყობა და ქართველების წინაშე, ცნობილი ტრიო: უილიამ ადამსი, იგივე will.i.am, ალენ ლინდო, სასცენო სახელით apl.de.ap და ჰაიმე გომესი, იგივე Taboo – „ფილიპინების ხმის“ ფინალისტ ჯესიკა რეინოსოსთან ერთად წარდგა.

„საქართველოში იმისთვის ჩამოვედით, რომ სიყვარული გავავრცელოთ“, – წაიღიღინა სიმღერებს შორის, ვილ აი ემმა… სიყვარულის, რომელსაც ძალიან ბევრი ფერი აქვს, გულწრფელია და იმდენად ძლიერია, თუ ვერ გამოხატე, სულ მცირე, გულს მაინც აგიჩქარებს.

ხოდა, ასე აჩქარებული პულსით გავლიეთ, დაახლოებით, საათ-ნახევარი გამარჯობიდან მადლობამდე, Let’s get it start-იდან I got a feeling-მდე.

ზოგისთვის Black Eyed Peas ნამდვილი სიყვარულია, ზოგისთვის კი, განსაკუთრებით, ზღვარზე მყოფი მილენიალებისთვის ბავშვობაში დასაბრუნებელი გზა, მაგალითად, Pump It-ზე გაცოცხლებული 3:45 წუთი, კლასელის დაბადების დღიდან… ან თუნდაც, Imma Be-ზე, Boom Boom Pow-სა თუ Hey Mama-ზე.

რატომღაც ვფიქრობდი, რომ Be Nice და კიდევ 2 ახალი სიმღერა, ახალი ალბომიდან, შეძლებდა ჩემს იმ მომენტში დაბრუნებას, ბლექ სიზე და წამით ტკბობის საშუალებას მომცემდა – Сarpe Diem! –  თუმცა, ეს 13 წლის სანდრო გოგიშვილმა შეძლო. ბლექ სი არენას სცენაზე როგორ აღმოჩნდა, არ მახსოვს, ალბათ, არც თვითონ. შთამბეჭდავი იყო ის სანახაობა, რომელიც შთაგონებული იყო ბავშვური სითამამითა და ძალიან, ძალიან მუსიკალური, მოქნილი ჰიპ-ჰოპ მოძრაობებით. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ 2005 წელი კი არაა, ან 2009 – მე სანდროს თანატოლი არ ვარ… და მის ასაკში, მისნაირად გაბედული თუ არ ვიყავი, ახლა შემიძლია, 2019 წელს, მისი სითამამისა და ბედნიერების თანამონაწილე გავხდე.

Be Nice-მა კი სხვა რამეში დამარწმუნა. თურმე ჯგუფი მართლა სიყვარულის გასავრცელებლად იყო ჩამოსული და რასაც გასცემდნენ, იმავეს ელოდნენ ჩვენგანაც:

Be nice, be nice
The love you give is the love you get
So be nice and change your life…

ყოველი მომდევნო შესრულება რიტმებზე თავდავიწყებით აცეკვებულ ახალგაზრდებს კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მით უფრო, რომ ცეკვავდნენ სცენაზეც – Voodoo Song-ზე ტაბუმ მოირგო მთელი სცენა, რომელსაც ვილ აი ემის Bebot-ისგან გამოწვეული სხეულის რეაქციები მოჰყვა. ჯესიკას სოლო CONSTANT pt.1 pt.2-დან კი, შოუს სხვა ნაწილზე გადასასვლელი ხიდი აღმოჩნდა.

ვილ აი ემის დიჯეი სოლოში This is love, That Power, scream & shout მოვისმინეთ… და ციფრული ილუსტრაციებით, ვიზუალური სიამოვნებაც მივიღეთ, თოვლიანი ალპური ზონიდან… თან მთებს ვუყურებდით და თან შავი ზღვიდან მონაბერ იოდიან ჰაერს ვსუნთქავდით.

და სწორედ აქ დადგა დრო, პასუხი გაგვეცა კითხვაზე: „სად არის სიყვარული?“ – რომლის სიმბოლოდაც სცენაზე დიდი კითხვის ნიშანიც გამოჩნდა და იქამდე არ გაქრა, სანამ არ დავრწმუნდით, რომ სიყვარული ჩვენში იყო, იქ, 16 ივნისს, Black Sea Arena-ზე, რომლის გავრცელებაშიც Black Eyed Peas დაგვეხმარა.

მთელი კონცერტი დიალოგი იყო არტისტებსა და აუდიტორიას შორის… ჩვენ სიყვარულის ენაზე ვსაუბრობდით, როცა ერთხმად გადავწყვიტეთ: We gotta feeling, that tonight, that tonight, that tonight’s gonna be a good, good, good, good, good!!!

დღესდღეობით, Black Eyed Peas-ს 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული და ასამდე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, 6 გრემისა და 8 ამერიკული მუსიკის. ბოლო ჩანაწერი Masters of the Sun Vol. 1 ჯგუფმა 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოუშვა, რომლითაც მუსიკის კრიტიკოსთა და უკვე ქართველი მსმენელების გულის მოგებაც შეძლო.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა