19
Nov
2019

10 სახალისო ფაქტი “შავი პარასკევის” შესახებ

19 Nov 2019

პარასკევი, თანაც შავი?! დიდი ხანი არ გასულა, რაც საქართველოში ტერმინ “შავი პარასკევის” მნიშვნელობის Google-ში ძიება დავიწყეთ და მალევე აღმოვაჩინეთ, რომ მისტიკური ფერი არც საშიშია და არც მგლოვიარე განწყობას აღწერს. “შავი პარასკევი” თანდათან ქართული მარკეტინგული ბაზრის ნაწილადაც იქცა და ყოველი წლის ნოემბრის ბოლო პარასკევს უკვე ქართველი მომხმარებელიც ელოდება. მაშ ასე, “შავი პარასკევი” ქართული სიტყვაა და ძალიან ძალიან ძალიან დიდ ფასდაკლებას ნიშნავს. სანამ, ფასდაკლებების მოლოდინში, ჩაუსაფრდებით მაღაზიებს, გადავწყვიტეთ, გიამბოთ 10 სახალისო ფაქტის შესახებ, რომელიც “შავ პარასკევს” უკავშირდება.

1. ზოგი თვლის რომ “შავი პარასკევი” უარყოფითი მნიშვნელობისაა. ეს ნაცნობია ქართული რეალობისთვისაც. თუმცა, ბიზნესებმა გადაწყვიტეს ამ ტერმინისთვის დადებითი მნიშვნელობა მოეძებნათ. რამდენად გამოუვიდათ, თავად განსაჯეთ.

2. 2001 წლიდან მოყოლებული, “შავი პარასკევი” წლის ყველაზე დაკავებულ დღედ ითვლება. იქამდე, “შავი პარასკევი” შოპინგის ყველაზე დიდ დღედ იწოდებოდა. წლის ყველაზე დატვირთულ დღედ კი, შობა მიიჩნეოდა. თუმცა, 2001 წლიდან პირველ ადგილს, ოფიციალურად, “შავი პარასკევი” იკავებს.

3. 1800-იან წლებში, ტერმინი “შავი პარასკევი” საფონდო ბაზრის კრახის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ტერმინი, პირველად, 1869 წლის 24 სექტემბერს გამოიყენეს, როდესაც ჯეიმს ფისკმა და ჯეი გოლდმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ოქროს ბაზრის კუთხეში მომწყვდევა ცადეს.

4. “შავი პარასკევი” ყველაზე დატვირთული დღე სანტექნიკოსებისთვის ყოფილა. CNN-ის ცნობით, სწორედ მათ უწევთ, შავ პარასკევს აქტიურად მუშაობა და “გადატვირთული” სისტემის გაწმენდა.

5. “შავი პარასკევის” წინამორბედი სანტა კლაუსის აღლუმი იყო. სანტას ტრადიციულმა აღლუმმა სტარტი 1905 წელს აიღო. ის 2 დეკემბერს, კანადაში ჩატარდა. როდესაც სანტა ქუჩებში გამოდიოდა, ეს წინასაახალწლო სამზადისის დაწყებას მოასწავებდა. ეს ტრადიცია, მოგვიანებით, ამერიკელებმაც გადაიღეს და ამ დღისთვის ბიზნესების მომზადება აქტიურად დაიწყეს.

6. მას შემდეგ, რაც “შავი პარასკევი” შოკისმომგვრელი ფასდაკლებების ოფიციალურ დღესასწაულად იქცა აშშ-ში, კანადელებმა გადაწყვიტეს, მათაც დაემკვიდრებინათ ეს ტრენდი და საშოპინგოდ შტატებში გადასული მოქალაქეები თავიანთ მაღაზიებში მიეზიდათ. თანდათან, ეს ტრენდი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და დღეს, “შავი პარასკევი” უამრავი ქვეყნის ტრადიციას წარმოადგენს.

7. მექსიკაში, “შავი პარასკევის” ანალოგი El Buen Fin-ია, რომელიც “კარგ შაბათ-კვირად” ითარგმნება. მართალია, მისი წარმომავლობა 1910 წლის რევოლუციას უკავშირდება, მაგრამ ვინ თქვა, რომ ანალოგიის დანახვა არ შეგვიძლია?

8. “შავი პარასკევის” ტრადიცია Walmart-მა 2011 წელს დაარღვია. სავაჭრო ქსელმა ფასდაკლება მადლიერების დღის საღამოდან დაიწყო. ამის შემდეგ, მოვაჭრეებს შორის ტრენდად იქცა ფასდაკლების დაწყება და “შავი პარასკევიც”, მთელი დღის განმავლობაში, აქტიურ დოღს დაემსგავსა.

9. მყიდველთა 12% აღიარებს, რომ “შავ პარასკევს” სავაჭროდ ნასვამი მივიდა. პრინციპში, გასაკვირი არცაა. ხალხით გადაჭედილ მაღაზიებში რომ შედიოდეთ, სადაც შეიძლება არც ფასდაკლებული პროდუქტი შეგხვდეთ და კარგადაც მიიჭყლიტოთ, ცოტას თქვენც ხომ დალევდით?

10. “შავი პარასკევის” ყველაზე აქტიური სეგმენტი მილენიალები არიან. აშშ-ში, “შავ პარასკევს” მოსახლეობის 30% უერთდება. მათგან, საახლოებით, 54%-ის წლოვანება არ აღემატება 24 წელს.

წელს, “შავი პარასკევი” 29 ნოემბერსაა. თუკი ემზადებით დიდი შოპინგის დღისთვის, უკვე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც დიდ ფასდაკლებას აანონსებენ. მაშ ასე, დიდი შოპინგის სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია!

სტატია მომზადებულია Vendoo-სთან თანამშრომლობის ფარგლებში

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა