10
Apr
2019

მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნეს

10 Apr 2019

Alta
Alta


დღეს, 2019 წლის 10 აპრილს, თბილისის დროით 17 საათზე, მსოფლიომ პირველად იხილა შავი ხვრელის არაილუსტრირებული ფოტო. კოსმოსის ყველაზე ბნელი ადგილის ფოტოზე აღბეჭდვა პროექტ Event Horizon Telescope-ის დახმარებით შეძლეს. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა თანავარსკვლავედებს ოთხ კონტინენტსა და ექვს მთაზე განთავსებული ობსერვატორიებიდან სწავლობდნენ. ეს იყო რვა ტელესკოპისგან შემდგარი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მშვილდოსნისა და ქალწულის თანავარსკვლავედში არსებულ შავ ხვრელებს 2017 წლის აპრილში, 10 დღის განმავლობაში დააკვირდნენ. ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ქალწულის თანავარსკვლავედიდან მიღებული მონაცემები და გამოსახულება ორი წლის განმავლობაში, კომპიუტერული ანალიზისა და დამუშავების ეტაპს გადიოდა. შედეგების პრეზენტაცია კი დღეს შედგა. 

შავი ხვრელის პირველი ფოტო

არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება, მაგალითად ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის, შავი ხვრელებიც. 

„შავი ხვრელის თვალით დანახვა შეუძლებელია, რადგან სინათლე ხვრელისგან გამოღწევას ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენ საშუალება გვექნება ვიხილოთ კონტური, რომელსაც ხვრელის მიერ წარმოქმნილი გაზები ქმნიან“, – აცხადებდნენ მეცნიერები პრეზენტაციამდე. ცნობილია, რომ შავი ხვრელების გარშემო გაზი ბრუნავს, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო, დიდი რაოდენობით რადიაციას ასხივებს. ფოტოზე მოცემული გამოსახულება სწორედ ამ რადიაციის დამსახურებაა. 

შავი ხვრელი M87 მეცნიერებმა მონსტრად მოიხსენიეს. მისი მასა მზის მასას 6.5 მილიარდჯერ აღემატება. M87-ის დიამეტრი 40 მილიარდი კილომეტრია, რაც სამ მილიონჯერ მეტია დედამიწისაზე. ნიდერლანდების რადბოუდის უნივერსიტეტის პროფესორმა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ჰეინო ფალკემ აღნიშნა: „რასაც ფოტოზე ვხედავთ არის უფრო დიდი, ვიდრე ჩვენი მზის სისტემა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი შავი ხვრელი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ არსებობს“. 

რა არის შავი ხვრელი?
ეს არის არე კოსმოსში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, მისი მოქმედების არეალში მოხვედრის შემთხვევაში, არ შეუძლია მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ვარსკვლავი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც, ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას. 

რატომ უნდოდათ მეცნიერებს შავი ხვრელის ფოტოზე აღბეჭდვა?
ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ამ პროექტში გაერთიანდნენ აინშტაინის თეორიის გადამოწმებაა. მან 100 წლის წინ, გრავიტაციული ტალღების არსებობა იწინასწარმეტყველა. ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ასევე, ნაწინასწარმეტყველები იყო შავი ხვრელის მრგვალი ფორმა. ამ ეტაპზე, მიღებული შედეგები აინშტაინის შრომებთან ზუსტ თანხვედრაშია. ასტროფიზიკოსები ფიქრობენ, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები ერთგვარ ძრავებს წარმოადგენენ, რომლებიც გამოყოფენ ენერგიას გარეგალაქტიკური ობიექტებისთვის, რომლებსაც აქვთ უძლიერესი გამოსხივება და უმცირესი კუთხური ზომები (კვაზარი). მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ რა როლს თამაშობს შავი ხვრელები გალაქტიკიდან სუბატომური ნაწილაკების დანარჩენ სამყაროში გატყორცნაში, ან რატომ იმატებენ შავი ხვრელები ზომაში. 

დოქტორი შეფ დოელემენი, Event Horizon Telescope-ის დირექტორი, 2015 წელი

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა