in

რით იზიდავს მსოფლიო არტისტებს Black Sea Arena და რა სარგებელი მოაქვს მას ქვეყნისთვის?!

„მუსიკა გვაერთიანებს“ – ამ გზავნილით Black Sea Arena 2016 წელს, 5 გრემის მფლობელი, Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. როგორც მისი აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი ამბობს, პროექტის მიზანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და ამ მიმართულების განვითარების გარდა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, მოსახლეობის დასაქმება და რეგიონში ტურიზმის განვითარებაა.

BOG
BOG

რითია გამორჩეული და მიმზიდველი მსოფლიო არტისტებისთვის Black Sea Arena, რა ღონისძიებები იგეგმება ან რა სარგებელი მოაქვს მას ქვეყნისთვის?! „მარკეტერი“ ანი კავლელიშვილს ესაუბრა:

ანი კავლელიშვილი (Black Sea Arena-ს აღმასრულებელი დირექტორი)

„ევროპაში არსებული არენების უმრავლესობა, თავდაპირველად, სპორტული ღონისძიებებისთვის შეიქმნა. არტისტებმა მუსიკალური წარმოდგენებისთვის მათი გამოყენება მოგვიანებით დაიწყეს. ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის – Black Sea Arena მთლიანად საკონცერტო სტილზეა მოწყობილი და, ამ მხრივ, სრულყოფილი სივრცეა. ამიტომ, მსოფლიო ვარსკვლავების პრომოუტერები და პროდიუსერები ხშირად საუბრობენ მის უნიკალურობაზე და აღნიშნავენ, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს ამ დონის და ასეთი კომფორტული დარბაზი.  უთქვამთ კიდეც, კარგი იქნება, მსგავსი არენები ევროპის ყველა წამყვან ქალაქში იყოსო“.

კონკრეტულად, რას სთავაზობს Black Sea Arena არტისტებს? 

ეს არის უმაღლეს დონეზე დაპროექტებული, ტექნიკურად ძალიან გამართული ლოკაცია, სადაც უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. სწორედ ეს მახასიათებლები გვაძლევს საშუალებას, სტუმარს აბსოლუტური კომფორტი შევუქმნათ. გვაქვს ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა – განათებისა და გახმოვანების სისტემები თუ სხვა. ასევე, შემსრულებლებისთვის დავნერგეთ ტექნიკური გზამკვლევის, ერთგვარი სახელმძღვანელოს პრაქტიკა. ისინი გვიგზავნიან ე.წ. რაიდერებს, რა სურს ან რა სჭირდება ვარსკვლავს ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე დამატებით მოთხოვნებს. მაგალითად, შესაძლოა, კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო იყოს უახლესი გახმოვანების პულტი, ან პირიქით, „მარშალის“ რეტრო სისტემა. თუ რაიმე კონკრეტული ჩვენ არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ზუსტად იმ მოდელს ვქირაობთ ევროპიდან. შემსრულებლებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და მზად ვართ, მათი ნებისმიერი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

ირაკლი ჩარკვიანის საღამო Black Sea Arena-ზე

ანუ, გარკვეულწილად, Black Sea Arena-ს ყოველი მომდევნო ღონისძიების წარმატებას უკვე ჩატარებული კონცერტები განაპირობებს? 

დიახ, Black Sea Arena-ს წარმატებას სწორედ ასეთი დეტალები განაპირობებს. ზოგადად, შოუ ბიზნესი ის სფეროა, რომელსაც ძალიან ბევრი კიდებს ხელს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმეს კარგად ასრულებს. შესაძლოა, სტატისტიკურად ყველაზე დაზარალებული სფეროც კი იყოს, რადგან, არ არის გამორიცხული, გამოუცდელი და უცოდინარი ადამიანი ისეთ პროექტს შეეჭიდოს, დასაწყისშივე რომ განწირულია. არტისტების აგენტებმა და პრომოუტერებმა შექმნეს სივრცეები, სადაც კარგ თუ ცუდ რეცენზიებს, გამოხმაურებებსა და შეფასებებს წერენ. ამით საკუთარ კოლეგებსა და ვარსკვლავებს შესაძლო დისკომფორტისგან იცავენ. ამიტომ, ძალიან ვუფრთხილდებით რეპუტაციას. ჩვენ იმ მასშტაბის ქვეყანა ვართ, თუნდაც Black Sea Arena-ს წარუმატებლობა, შესაძლოა, საქართველოში საერთაშორისო კულტურის ინტეგრირების შესაძლებლობაზეც კი აისახოს, ან არაკეთილსინდისიერი პრომოუტერის მსოფლიო ვარსკვლავთან ურთიერთობამ გავლენა მოახდინოს „არენას“ რეპუტაციაზე. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ არტისტების და მათი მენეჯერებისგან ძალიან კარგი გამოხმაურებები გვაქვს. Aerosmith-ის კონცერტის წარმატებამ, გარკვეულწილად, განაპირობა Scorpions-ის კონცერტის წარმატება და ა.შ. Christina Aguilera-ს საღამოს შემდეგ კი, პრომოუტერებმა არაჩვეულებრივი დახასიათება მოგვცეს. ზოგადად, ამ შემსრულებელთან ძალიან სწრაფად მოხდა კომუნიკაცია და ჩვენდა გასაოცრად, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დაგვთანხმდა Black Sea Arena-ს გახსნაზე. სამწუხაროდ, მასთან ასეთ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა, რადგან Venue-ზე პირველად სხვა არტისტი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მოულოდნელად, უარი თქვა და გეგმების შეცვლა მოგვიწია. თუმცა, შემქნილი სიტუაციიდან, მაინც მოვახერხეთ გამოსავლის პოვნა.

რაზეც ახლა საუბრობთ, ალბათ, წარმოუდგენელია ამ შედეგის პროფესიონალთა გუნდის გარეშე მიღწევა . . . 

შემიძლია თამამად, ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ, ყველამ ერთად გავიარეთ გრძელი გზა და ვისწავლეთ თითოეული დეტალი. უცხოელებთან მუშაობის გასულმა ორმა წელმა ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. შარშანდელი ზაფხული მთლიანად „არენას“ ქართულმა ჯგუფმა უზრუნველყო. ეს ხალხი ახერხებს იმას, რომ როდესაც არტისტის მენეჯერი ჩამოდის და ამოწმებს, რამდენად კარგად გვაქვს შესრულებული „რაიდერი“, ვიღებ დიდ მადლობას გუნდის გამო. შეცდომის დაშვება ბუნებრივია, მაგრამ ეს შეცდომებიც კი ძალიან ნაკლებია ჩვენს შემთხვევაში. დღეს თითოეულ წევრს აქვს არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი. თუმცა, ამით არ ვკმაყოფილდებით. კვლავ ვაგრძელებთ მათ წინსვლაზე ზრუნვას. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად სრულად Black Sea Arena-ს გუნდმა მოამზადა თბილისში საბავშვო ევროვიზიის ღონისძიება. კონკურსის საერთაშორისო ჯგუფისგან უამრავი მადლობა მივიღეთ და ის სერტიფიკატები დავიმსახურეთ, რომლითაც საშუალება გვეძლევა, ტექნიკური კუთხით, მსოფლიოს საერთაშორისო ღონისძიების მომზადებაში ჩავერთოთ.

Eric Benét & Ceelo Green (Black Sea Arena)

არ არის მარტივი Lineup-ის შედგენა. სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთულია არტისტებთან მოლაპარაკება. როგორ ახერხებთ მათთან შეთანხმებას? 

პროცესი ნამდვილად არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვუსმენთ საზოგადოებას და ვიცით, რა უნდა ბაზარს. მაგრამ ძალიან რთულია ვარსკვლავებთან მუშაობა. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ, კულტურული თვალსაზრისით, ბევრი არაფერი ხდება. არა და მსოფლიო არტისტები უპირატესობას ყოველთვის ისეთ ქალაქებს ანიჭებენ, რომლებიც, ამ კულტურულად განვითარებულ და აქტიურ რეგიონშია, რომ ტურნე მოაწყოს რამდენიმე ქვეყანაში. ეს, ერთი რომ აიაფებს მათ ჩამოყვანას და მეორე – ამარტივებს მათთან ურთიერთობას. ამიტომ, გვიწევს ევროპის ქვეყნებთან მუდმივი ჭიდილი. გარდა ამისა, მსოფლიო ვარსკვლავების ჰონორარი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ხშირად, ვერ ვაძლევთ თავს უფლებას ჩამოვიყვანოთ ვინც გვსურს და მით უმეტეს, შევარჩიოთ დროის ჩვენთვის სასურველი მონაკვეთი. ამას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. პირველ რიგში, როგორც წესი, ვაცნობთ საქართველოს. ისიც უნდა დაინტერესდეს ქვეყნით, რომ თავადაც გაუჩნდეს სურვილი და შენთვისაც მისაღებ ფასად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში დაითანხმო ჩამოსვლაზე. Black Sea Arena-ზე, ჯამში, 10 000-მდე ადამიანი ეტევა და ამიტომ, როცა შერჩევაზე დგება საქმე, ვცდილობთ, ისეთი არტისტები მოვიწვიოთ, ვისაც მსმენელის ფართო სეგმენტი ჰყავს. ასეთ კრიტერიუმს, ძირითადად, ლეგენდადქცეული მუსიკოსები აკმაყოფილებენ, რომლებიც ერთნაირად საინტერესოები და მიმზიდველები არიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისთვის. ასეთი ნამდვილად იყო Aerosmith. ჯგუფმა 18 ქვეყანაში იმოგზაურა, ჰქონდა ტურნე „Aerovederci Baby“, რითიც გამოემშვიდობა სასცენო მოღვაწეობას და მათ შორის ჩამოვიდა საქართველოში. იგივე შემიძლია ვთქვა, ენიო მორიკონეზე. ზოგადად, მსოფლიო ვარსკვლავებს აქვთ ფუფუნება, დაგეგმონ სხვა გასტროლი, სტუდიური ჩაწერები, თუნდაც, შვებულება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილონ შენი შეთავაზება. შესაბამისად, ეს ხშირად, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ,  ცოტა გულდასაწყვეტია, დილეტანტური შეფასება, რომ, ვთქვათ, Coldplay  ვერ ჩამოვიყვანეთ. მაგრამ ასეთი შეფასებები არც თუ ისე ბევრია. ძირითადად, მაინც დადებითი გამოხმაურებები აქვს ჩვენს საქმიანობას. ზოგადად, პოზიტივი და გამხნევება არის ის ძირითადი საფეხური, რომელიც გეხმარება თამამად გადადგა ნაბიჯი წინ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია პირდაპირ იმ უდიდეს სააგენტოებთან მუშაობს, რომლებიც ვარსკვლავების მენეჯმენტში არიან ჩართულები. ფაქტობრივად არ ვიყენებთ შუამავლებს. მაგალითად, ვთანამშრომლობთ ჰოლივუდში დაფუძნებული William Morris-თან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი ახერხებს, მისაღებ ფასად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოიყვანოს და საუკეთესო Lineup-ები დადოს. დანარჩენი დროის საკითხია. თუ ახლა რაღაც არ გამოდის, არ ნიშნავს, რომ არ ვფიქრობთ იმ არტისტზე და არ ვმუშაობთ სამომავლოდ მის ჩამოყვანაზე.

ენიო მორიკონე Black Sea Arena-ს სცენაზე

რაც შეეხება Black Sea Arena-ს მიზანს . . . 

„არენას“ მშენებლობა, თავიდანვე რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარება. თუმცა, არც რეგიონი შერჩეულა შემთხვევით. გურიას აქვს დიდი პოტენციალი, მიიღოს რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი. ამ ტერიტორიაზე სხვა ობიექტებიც შენდება და მალე, Black Sea Arena-ს გარშემო ერთი დიდი გასართობი ქალაქი იქნება. ეს ტურისტულად მიმზიდველს ხდის შეკვეთილს და მიმდებარე ლოკაციებს. ზოგადად, ბოლო წლებამდე აჭარის ზღვის სანაპირო გაცილებით განვითარებული იყო და შესაბამისად, უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა. თუმცა ტენდენცია 2016-2017 წლებში შეიცვალა და გურიის საზღვაო კურორტები სულ უფრო საინტერესო ხდება. ჩემი სამწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ვხედავ, როგორ ემატება რეგიონს ხალხი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს, რომელიც ტურიზმზე დგას, Black Sea Arena-ს მხრიდან ამ მიმართულებით დიდი ხელშეწყობა აქვს. როდესაც ჩვენთან კონცერტი ტარდება, შეკვეთილში, ქობულეთში, ბათუმშიც კი ძალიან ბევრი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტუმარი ჩადის. Black Sea Arena-ს კიდევ ერთი მიზანი რეგიონის განვითარება, ამ მხარეში ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, შემოსავლის ზრდაა. გარდა ამისა, „არენამ“  ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობას და ახალგაზრდებს, შეეძინათ ის პროფესიები, რომლებიც ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ნამდვილად მომავლის პროფესიაა.

Black Sea Arena © SHERMAZANA

როგორი იქნება Black Sea Arena-ს წლევანდელი პროგრამა? 

ძალიან საინტერესო ღონისძიებებს ვგეგმავთ. წელს ჩვენთან უკვე ჩატარდა მსოფლიო მაესტროს ენიო მორიკონეს, ელტონ ჯონისა და ლეგენდარული რობერტ პლანტის კონცერტები. თუმცა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, „არენა“ ქართველმა ვარსკვლავებმაც გამოიყენონ. ეს მათ მისცემს განვითარების შესაძლებლობას და გარდა ამისა, მოუტანს ახალ ურთიერთობებს და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ აგვისტოში რამდენიმე კოლაბორაციული პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, 23 სექტემბერს Black Sea Arena-ზე ჩატარდება მსოფლიო ოლიმპიადა ჭადრაკში. ღონისძიებაზე დასასწრებად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 4 000 დელეგატი ჩამოვა. იქნება  ჩართვები და პირდაპირი ტრანსლაცი​ები. შესაბამისად, არენა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ წარმოჩნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისათვის.

რობერტ პლანტი Black Sea Arena-ზე

უკვე ვისაუბრეთ Black Sea Arena-ს თავდაპირველ მიზნებზე. რეალურად რა სარგებელი მოაქვს მის არსებობას ? 

ტურიზმი, გურიაში, შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. თითოეული სტუმარი საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, წვრილი მეწარმეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც პატარა, ოჯახური ბიზნესი აქვს: სახლი – სასტუმროები, კვების ობიექტები, მცირე მარკეტები, ტაქსის მომსახურება და ა.შ. გარდა ამისა, კონცერტების პერიოდში, საკმაოდ დატვირთულია რკინიგზა, ავტობუსების კომპანიები. ამიტომ, ამ მასშტაბებს თუ ავიღებთ, Black Sea Arena-სგან მოტანილი სარგებელი ბევრად აღემატება მხოლოდ ბილეთების გაყიდვით მიღებულ, ანუ პირდაპირ შემოსავალს. ეს შედეგი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. „არენა“ მხოლოდ თავის შემოსავალზე არ არის ორიენტირებული. ხშირად უცხოელი მუსიკოსები ბილეთის ფასს რომ იგებენ, უკვირთ ასე რატომ ვიქცევით. მაგალითად, Aerosmith-ის წევრები გაოცებულები იყვნენ, როდესაც ვუთხარით, რომ მათ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 40 ლარიდან ( 15-17 $ ) იწყებოდა, როცა, იგივე ტურნეს ფარგლებში, სხვა ქვეყნებში, 70$-ზე ნაკლები არ ღირდა. მუსიკალური კულტურის განვითარების გარდა, ჩვენი მიზანია, რეგიონში საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების ჩასვლას შევუწყოთ ხელი, რომ ადგილობრივებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და სტუმრებმა რაც შეიძლება მეტ ლოკაციაზე დახარჯონ ფული. საქართველოში ჩამოსული თითოეული ადამიანი კი ნიშნავს მისი ქვეყნიდან პოტენციური სტუმრების გარკვეულ რაოდენობას. შესაბამისად, მათ უნდა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, დავახვედროთ ისეთი მომსახურება, რომ თავადაც გაუჩნდეთ კიდევ ჩამოსვლის სურვილი და სხვასაც გაუწიონ რეკომენდაცია.

ნინო ქათამაძის კონცერტი Black Sea Arena-ზე

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

Black Sea Arena-სთვის, ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა. ამ მხრივ გამოცდილება გვაქვს – უკვე ვუმასპინძლეთ ორთაბრძოლებს, ჩვენს არენაზე რინგი იყო გაშლილი. ჩვენი არენა, შეიძლება ითქვას, რომ იდეალურია ფიგურული სრიალისათვის და ა.შ. ამიტომ, ვგეგმავთ, აქტიურად ვუმასპინძლოთ სპორტულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები მომავალი წლის კონცერტებთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენს გეგმებში ყოველთვის შედის სამი საკითხი: შევადგინოთ მომავალი წლის Lineup, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენი გუნდის თითოეული წევრის კვალიფიკაციის ამაღლებას და მოვახდინოთ Black Sea Arena-ს რეინვესტირება. მართალია, ჩვენი დარბაზი ისეა დაგეგმილი და აღჭურვილი, რომ ძირითადი ღერძის განახლება ძალიან დიდხანს არ დაგვჭირდება, მაგრამ აპარატურა განიცდის ცვეთას, ბაზარზე ჩნდება ახალი ტექნიკა. ამიტომ მინიმალური ცვლილებები საჭიროა. და რადგან Black Sea Arena საზაფხულო venue არის, გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე სწორედ ამ საკითხებს ვაგვარებთ.

[R]

როგორი იქნება Samsung Note 9? – UPDATE

Huawei P20-ით გადაღებული რეკლამა! – “ზუმერისა” და “ჰუავეის” კოლაბორაცია