22
Jul
2019

„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ფანკის მოციქულებმა სოული იქადაგეს“

22 Jul 2019

შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი დასრულდა. მზადება ბათუმში გასატარებელი 3 დღისთვის ადრიანად, წინა წლის პროგრამის დასრულებისთანავე იწყება. მიუხედავად ინტენსიურად დატვირთული დღეებისა, ყოველთვის თავს იჩენს დანაკლისის გრძნობა. ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ ვერავინ იტყვის, რომ ფესტივალის პროგრამა „ჩავარდა“ ან „მოლოდინები ვერ გაამართლა“. სუბიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ზღვისპირა ქალაქში ჩატარებულ საფესტივალო ღონისძიებებს სულ სხვა გემო და შემართება აქვს. მიუხედავად ბოლო პერიოდის არქიტექტურული შეტევის და ქაოსისა, ბათუმის ძველი უბნები, სანაპირო და ზღვიდან მონაბერი სიო სხვა ტიპის ენერგიის მატარებელს ხდის მუსიკალურად დატვირთულ დღეებს.

 

რა მოლოდინები გვქონდა წელს?! შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ შარშანდელ შემსრულებლებთან შედარებით წელს გამოცხადებული ლაინ-აფი უკან დახევა იყო. თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ამინდს თითქოს ჩვენთან მეგობრობა უკვე გაეწყვიტა, პირველ საღამოს მაინც ოპტიმიზმით შევხვდით. საღამოს 19:00 საათისთვის უკვე მიმდებარე ტერიტორიას ვათვალიერებდი. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის კორტების ტერიტორია წლიდან წლამდე უცვლელია, მისი განახლებული დეკორი ფესტივალის დღეებისთვის კვლავ ახარებს სიახლეს მოწყურებულ თვალს. უამრავი სხვადასხვა პატარა სივრცე ხალხს უკვე აეთვისებინა და ფესტივალის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაუწყიათ თავის შექცევა.
უცვლელი აქ ისევ ამაღლებულზე შემდგარი VIP-სივრცეა -VIP ადამიანებისთვის, ამჯერად საზამთროსა და ნესვის ასორტის გარეშე. ფესტივალის ოფიციალური პროგრამის დაწყებამდე საქმეში DJ Machaidze ერთვება, მისმა სელექციამ წინასწარ შეგვამზადა ფანკის მოციქულთა გამოსვლისთვის.

ფოტოები: რეზი ყენია / თორნიკე შენგელია / TBC Status

კორი ჰენრი ჯაზ მუსიკოსთა დიდი სამყაროდან შედარებით ახალი სახელია. 32 წლის მუსიკოსმა პირველად ბრუკლინურ ჯემ ბენდში Snarky Puppy-ში გაიბრწყინა, თუმცა საფუძვლიანმა ამბიციამ სოლო პროექტი გადააწყვეტინა და ფანკის მოციქულებისგან სუპერვარსკვლავური გუნდიც (Cory Henry & The Funk Apostles) შეკრა. მიუხედავად სახელისა, ჯგუფი არამხოლოდ ფანკზე ორიენტირდება, აქვე ადვილად შენიშნავთ R&B-ის, სოულისა და გოსპელის უამრავ ელემენტს. ჯგუფის მთავარი ღერძი კი ჰენრი და მისი იმპროვიზაციებია ჰამონდის ორღანზე.

21:30-ისთვის ჯგუფმა სცენაზე შემოაბიჯა. ჰამონდის ჟღერადობა თანამედროვე ჯაზ/ფანკ მუსიკოსებისთვის თუ მსმენელისთვის შედარები უცხოა. 70-იან წლებში იგი უამრავი როკ ჯგუფის მთავარ არსენალში შეუცვლელი იარაღი იყო. ასევე, მასზე იყო დაფუძნებული გოსპელ შემსრულებლების მუსიკალური იდენტობაც. თუმცა, მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა და დღეისთვის სწორედ ჰენრის მსგავსი მუსიკოსების მონდომებაზეა მიბმული მივიწყებული ინსტრუმენტის გაცოცხლება მსოფლიოს დიდ სცენებზე. ჯგუფი ტრადიციული შემადგენლობით დადის ტურზე. დრამი, ბასი, გიტარა დამატებითი კლავიშისტი და 2 ქალი ვოკალისტი ჰენრის მუსიკალური ვირტუოზობისთვის მშვენიერ დამატებას ქმნიან.

გრძელი შესავლის შემდეგ მაყურებელი ჰენრის ქორეოგრაფიული ნიჭის მხილველიც გახდა. კლავიშისტის მაისური წარწერით „Motown” თავიდანვე აღძრავს შესაბამის ემოციურ ბმულებს ფანკის დიდების წლებთან, თან არც თუ ისე ტყუილად. თუ ერთმანეთთან შევაკავშირებთ “Sly and the Family Stone“-ს, ბუთსი ქოლინსა და ბილი პრესტონის ჰამონდის ჟღერადობას და 50 წლით გადმოვიტანთ უკან მომავალში, სწორედ ჰენრის ამ აღნიშნულ პროექტს მივიღებთ. ბრუკლინში 90-იან წლებში გაზრდილი ბავშვისთვის რთულიც იქნებოდა ყოველკვირეულად, სხვადასხვა ეკლესიაში მოსმენილი ორღანისტების შესრულების იგნორირება.
სცენა და აუდიტორია ერთიანად სიყვარულმა და მხიარულებამ მოიცვა. მუსიკოსმა მსმენელი დასაწყისიდანვე „გააფრთხილა“ ცეკვის აუცილებლობაზე. პოზიტიური ემოციების ქარიშხალზე ორღანთან ერთად, ჰენრი საკუთარ ვოკალურ მონაცემებსაც აყოლებდა. ბენდის შარშან გამოშვებული სადებიუტო მუსიკალური რელიზი „Art of Love”-ია, შოუც სწორედ ამ მატერიალის ირგვლივ ტრიალებდა.

ფოტოები: რეზი ყენია / თორნიკე შენგელია / TBC Status

მიუხედავად ჰენრის ლიდერობისა, შოუს ერთი კაცისას ნაკლებად თუ დავარქმევდით. აღსაღნიშნია კლავიშისტი ნიკ სემრადის მცირე სოლოები და გიტარს ადამ აგატის მუსიკალური როლების ცვლილება, რისი შესაძლებლობაც ორივეს შოუს განმავლობაში რამდენიმეჯერ მიეცა. გოსპელის ქადაგმა კი 90 წუთზე მეტი გასტანა, სოული მირონივით მიეცხო თითოეულ დამსწრეს.

ფესტივალის მეორე დღეს, თავდაპირველი ანონსიდან გამომდინარე დეტროიტელ სტუმრებს, Amp Fiddler-ს და Andres-ს ველოდით, თუმცა როგორც აღმოჩნდა საკმაოდ საპატიო მიზეზების გამო დუეტმა ჩამოსვლა ვერ შეძლო. ამით ბევრი არც არაფერი შეცვლილა. მეორე დღე იმით აღმოჩნდა განსაკუთრებული რომ ჰედლაინერად ქართული პროექტი, MokuMoku მოგვევლინა.

“გააცანით ეს ხალხი მსოფლიოს“ – მიუხედავად პერიოდული გაოცებებისა, ეს ცნობილი ფრაზა მხოლოდ რამდენიმე ეროვნული მუსიკალური პროექტის მიმართ შემიძლია გულწრფელად ვთქვა და MokuMoku ამ სიაში უპირველესია. რამდენიმე წლიანი არსებობის ფარგლებში ბენდმა უკვე რამდენიმე ალბომი და მინიალბომი მოაგროვა საკუთარ ანგარიშზე, გამოვიდნენ ისეთ ფესტივალზე, როგორიც MadCool-ია, იმოგზაურეს ბრისტოლში და, რაც მთავარია, სამშობლოშიც არ დარჩენილან ყურადღების გარეშე.

მსგავსი სტილის პროექტებით არათუ ჩვენი პატარა ქვეყანა, არამედ ბევრად დიდი სცენებიც კი არ არის განებივრებული. ჰიპ-ჰოპის, სოულისა და ჯაზის ცოცხალი ნაზავით ზღვისპირეთის ფესტივალის მსმენელმაც ისიამოვნა. ბენდი სრული (და დამატებითი) შემადგენლობით საოცარი ენერგიით შეუდგა საქმეს, შესრულდა კომპოზიციები ახალი ალბომიდან და უამრავი იმპროვიზაციის თანხლებით ფესტივალის მეორე დღე შთაბეჭდილებებით აავსეს.

ფოტოები: რეზი ყენია / თორნიკე შენგელია / TBC Status

ამავე დღეს ქართველი მუსიკოსები მარტო არ დარჩენილან, სცენა დეტროიდელი დუეტის ნაცვლად, ჰოლაინდიურმა ელექტრო-ფანკ პროექტს Kraak & Smaak-ს დაეთმო. MokuMoku-ს მიერ დატოვებული Funk სივრცე სწორედ მათ შეავსეს, თან საკმაოდ წარმატებულადაც.

ფესტივალის დასკვნითი შოუ 3 დღიანი მუსიკალური მოგზაურობის ლოგიკური დასასრული აღოჩნდა. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი “Incognito” დიდხანს არ დარჩენილა უცნობი ქართველი მსმენელისთვის და მუსიკალური სახე მალევე გამოავლინა. ბენდის ისტორია უკვე 40 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში ასობით მუსიკოსის კვალი დაეტყო მათ მიერ შექმნილ კომპოზიციებს. ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა მხოლოდ ერთი ადამიანი – მთავარი შემსრულებელი და პროდიუსერი Bluey.

სიმართლე უნდა ითქვას, ფესტივალის ანონსამდე ცნობიერებაში ბენდის მაინც მეტ-ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები ტივტივდებოდა, არადა ისტორიამ ბევრად მეტი და საინტერესო შემოინახა მათზე. მიუხედავად იმისა რომ Incognito მთელი დეკადით ადრე დაარსდა, მათი აქტივაცია და წინ წამოწევა მაინც ბრიტანულ 90-იანი წლების ჯაზ/ფანკ მოძრაობას დაემთხვა. მეტიც, Jamiroquai-ისა და The Brand New Heavies-სთან ერთად ისინი Acid Jazz-ის სამებასაც კი ქმნიან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სამივე ბენდი ბევრად მრავალფეროვან ჟღერადობებში დაიარებიან, ვიდრე უბრალოდ ტერმინი „Acid Jazz“ ადამიანთა ცნობიერებაში მოიაზრება. ბენდმა მალევე იპოვა საკუთარი ადგილი ცნობილი ბრიტანელი DJ-ს, ჯილს პიტერსონის ახლად შექმნილ ლეიბლზე „Talking Loud.“.20 ივლისის საღამო ბენდის 13-ივე წევრის მოპატიჟებითა და გაცნობით დაიწყო. 4 დამატებითი ვოკალისტი აღმოჩნდა საჭირო მათ ბალანსზე არსებული, სხვადასხვა პერიოდის კომპოზიციების შესასრულებლად. თითოეულ კომპოზიციას კი ბენდის ისტორიაში მოკლე ექსკურსი ახლდა თან. როგორც ჩანს, 62 წელს მიტანებული Bluey-სთვის ემოციური აღმოჩნდა ახალგაზრდების ხილვა აუდიტორიის წინა რიგებში, ეტაპობრივად მან გაიხსენა ბენდის მშვენების დღეები 90-იანი წლების ლონდონში, აღნიშნა თითოეული სიმღერისთვის საჭირო ვოკალისტის ძიების მნიშვნელოვნობა და მოგვითხრო ამბავი, თუ როგორ მოახერხა მსოფლიოს განსხვავებული კუთხეებიდან შეეკრიბა ის მუსიკოსები, რომლებიც 40 წლის შემდეგ ინკოგნიტოს ჟღერადობას ქმნიაინ.

ფოტოები: რეზი ყენია / თორნიკე შენგელია / TBC Status

იამაიკელ ბასისტს გვერდს, პორტუგალიელი გიტარისტი ფრანცისკო სალესი უმშვენებდა, რომლისთვისაც საქართველოში ვიზიტი პირველი აღმოჩნდა. მიყოლებით შესრულდა ბენდის კარგად ცნობილი კომპოზიციები, სტივ უანდერის „‘Don’t You Worry ‘Bout A Thing“, საფირმო „Still A Friend Of Mine“, ბენდის წარმატებული სინგლი „‘Always There“ და ტრეკები ბენდის უახლესი ალბომიდან „In Search Of Better Days“.

საღამოს ხასიათის ინკოგნიტოს სადებიუტო ალბომის სათაურიდან „Positivity” შეგვიძლია ავიღოთ, ალბომიდან კომპოზიცია “Smiling Faces” კი სრულიად აჯამებდა ამ წლის ფესტივალის სულისკვეთებას.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

განხილვა