in

„One City Under A Groove” – ბათუმს ფანკის ტალღამ გადაუარა – BSJF 2022


1 წლიანი შესვენების შემდეგ შავ ზღვას ჯაზ ფესტივალი დაუბრუნდა. 2021 წელს, უკვე დაგეგმილი ღონისძიებები კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო და ეს გამონაკლისი წელი იყო, როდესაც ბათუმმა ფესტივალს ვერ უმასპინძლა. მიუხედავად იმისა რომ პანდემია ისევ ცდილობს კუდის მოქნევას, 2022 წელს მაინც არ არსებობდა ღონისძიების ჩატარებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. შესაბამისად თბილისის ფესტივალიდან 1 თვეში, მსმენელი აჭარის სანაპიროებთან დაბანაკდა.

ბოლოს, 2020 წელს ჩატარებული ჯაზ ფესტივალზე მხოლოდ ქართველი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას – ეს უნიკალური დღეები იყო ფესტივალის ისტორიაშიც, რომელმაც აშკარად გაამართლა და ვიმედოვნოთ ქართველ მუსიკოსებს მსგავსი შანსი მომავალშიც მიეცემათ. წელს კი ფესტივალი მისთვის ჩვეულ კალაპოტში ჩადგა და აგვისტოს პირველი დღეებიც უცხოელი შემსრულებლების მოლოდინში გავატარეთ. ფესტივალის ორგანიზატორებს, მიუხედავად წინა წლეების სირთულისა, არ დაუგდიათ ღონისძიების მუსიკალური კლასი და წელსაც ტოპ შემსრულებლების მოსმენის შესაძლებლობა მოგვცეს.

ფესტივალმა 12 აგვისტოს, მისთვის ტრადიციულ ადგილას, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე აიღო სტარტი. თუმცა არატრადიციული გამოდგა ამინდის პროგნოზი –  ჯაზმა ბათუმში წელს წვიმის გარეშე შემოაბიჯა. ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ პირველი რაც თვალში მომხვდა მთელი ტერიტორიის დახვეწილი შეფუთვა და ბრენდირება იყო. გასაკვირიც არ არის – ბათუმის ჯაზ ფესტივალი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა და მსგავსი მასშტაბური ცვლილებები საჭიროც კი იყო. მუსიკალური ნაწილი ფესტივალის მთავარი შემადგენელი ელემენტია, თუმცა გამოცდილებას მხოლოდ მუსიკა როდი ქმნის – აქაც ჯაზ ფესტივალი ტრადიციულად გამორჩეული იყო შესაბამისი კუთხეებით, ეს იქნებოდა კვების, ფოტოს თუ სხვა გასართობი სივრცეები.

ფესტივალი პირველი დღე მუსიკალურად დატვირთული გამოდგა. დასაწყისში მსმენელს ბათუმის უნივერსიტეტის ბენდი მიესალმა, რომელმაც დატვირთული ჩასაბერი სექციით აუდიტორია შემდგომი მუსიკალური ოდისეისთვის შეამზადა. მათდა შესაქებად უნდა ითქვას, რომ ბენდის მუსიკალური დონე საკმაოდ მაღალი იყო და ვიმედოვნოთ სხვა ფორმატშიც ვიხილავთ ბათუმელების შემოქმედებას.

ფოტო: Usmine

ლოკალური შემსრულებლების შემდეგ სიტუაცია ხელში ჩეხურმა პროექტმა, Boris Band Combination-მა აიღო, რომელიც ჩეხეთის საელჩოს ჩართულობით ეწვია ზღვისპირა ქალაქს. ბენდის ლიდერი ბორის ურბანეკი, ჩეხეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქის, ოსტრავას მუსიკალური სცენის წარმომადგენელია, სადაც იგი 80-იანი წლების დასაწყისიდან მოღვაწეობს და უამრავი მუსიკალური პროექტის იდეის ავტორია – დაწყებული მაილს დევისით ინსპირირებული TUTU-დან, გაგრძელებული ეისიდ ჯაზ ბენდებით. გარდა ამისა იგი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და რამდენიმე შოუს წამყვანია ჩეხეთის საზოგადოებრივ რადიოში. BBC ანუ Boris Band Combination 1997 წლიდან იღებს სათავეს,  როდესაც მან იმ პერიოდის კონსერვატორიის სტუდენტებს მოუყარა თავი და ერთად რაღაც ახლის შექმნა სცადეს – მას შემდეგ პროექტმა უამრავი წევრი გამოიცვალა, თუმცა რაც არ იცვლება ეს თავად იდეის ავტორი და ოსტრავას მუსიკალური სასწავლებელია, რომლის ირგვლივაც კვლავაც ტრიალებს ბენდის შემოქმედება.  ბათუმში ჯგუფი 4 წევრით ჩამოვიდა – ახალბედა შემსრულებელი გოგონა დასარტყამ ინსტრუმენტებზე და უკვე გამოცდილი წევრები ბასზე და საქსაფონზე, თავად ბენდის ლიდერი კი სინთეზატორზე მელოდიურ ხაზს ანვითარებდა.

ფოტო: Usmine

საღამო 1996 წელს დაწერილი კომპოზიციით „Friday’s Dance … Evening” დაიწყო, რომელიც პროექტ TUTU-ს “Sundance”-ის ალბომშია შესული. მსუბუქი ჯაზი როკით გაზავებული კომპოზიცია სიტუაციის შესამზადებლად იდეალური იარაღი აღმოჩნდა და სათაურიდან გამომდინარე, პარასკევი საღამოც ცეკვით ჯაზდენსით დაიწყო. მეორე კომპოზიცია „Come and Play“ ასევე სილაღით გვათრობდა, მომენტებში კი შესრულებამ ბრაზილიელი მაესტროს, ეუმირ დეოდატოს შემოქმედებაც კი გამახსენა. მართლაც ბენდის ჟღერადობას მუდმივად თან გასდევდა ბრაზილიური მუსიკისა და ზღვის ხმოვანება. ამას მოჰყვა ფიუჟენის სტილში გადაწყვეტილი „Cavo” და „Turbulence“, რომელიც ჩვენს ტურბულენტურ ყოფასა და დროებაზე იყო კომენტარი. სრულიად განსხვავებული იყო “Sax with Me” 2012 წლის ალბომიდან  “Beautiful Day”, რომელიც რა თქმა უნდა საქსაფონის სოლოზე აკეთებდა აქცენტს – ამ კომპოზიციამ დამარწმუნა რომ,  არაფერი ისე კარგად არ მიესადაგება ბათუმის მზიან დღეებსა და ტენიან ღამეებს როგორც ამ ინსტრუმენტის ჟღერადობა. ამის შემდეგ  კომპოზიციით „I Should Have Told You“ ბორისმა თავისი რომანტიკული მხარე გადაგვიშალა, საღამო კი  სუპერ გრუვიანმა “All or Nothing” დაასრულა –  რა თქმა უნდა აუდიტორიამაც „All“ აირჩია და კონცერტისგან ყველა საჭირო ემოცია მივიღეთ.

მცირე პაუზის შემდეგ სცენაზე დღის ჰედლაინერები გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული ბენდიც არ წარმოადგენდა სუპერვარსკვლავეთა კატეგორიას, „The Next Movement”-ს  ყველა წინაპირობა აქვს რომ რამდენიმე წელში ზემოთაღნიშნულთა რიგს შეუერთდეს. შვეიცარიულ ბენდმა თავისი გამოსვლით დაგვარწმუნა რომ როცა მუსიკაზე მიდგება საქმე, სტრიმები თუ ფანების რაოდენობა არაფერს ნიშნავს და ნაკლები ცნობადობის ბენდები ყოველთვის იმსახურებენ შანსს. სამი წევრისგან შემდგარმა პროექტმა მოახერხა და თითოეულ დამსწრეს გაუღვიძა აზრი რომ „God Made Me Funky”.

ფოტო: Usmine

იშვიათად მინახავს 3 თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცისგან ასეთი აფროამერიკული ენერგეტიკა წამოსულიყოს. გუნდის ლიდერი, J.J. Flueck დრამსა და ვოკალს ერთდროულად უძღვებოდა. ფანკ ფეივერკის მოწყობაში მას პარტნიორობას გიტარისტი და ბასისტი (რომელიც მომენტებში კლავიშზეც წაითამაშებდა) უწევდნენ, რომლებიც სცენაზე ცალკე შოუს დგამდნენ. ჯამში ეს იყო პრინცისა და ლენი კრავიცის მუსიკალური თუ იმიჯური სიმბიოზი, რომელსაც ბენდი ერთიანობაში კრავდა და მსმენელს როგორც გუნდას ისე ესროდა. შესრულდა მათი ცნობილი კომპოზიციები, „Superfly” “ She Put The Voodoo On Me“ „Free Your Mind… და დარწმუნებული ვარ  ქართველ მსმენელშიც უამრავი სამომავლო გულშემატკივარი შეიძინეს.

ფესტივალის მეორე დღე ნამდვილად ბომბის აფეთქებას ჰგავდა –  პირველი რომ კორტების სტადიონი თითქმის სრულიად შეივსო, მეორე  კი სანახაობამ, რომელმაც ამდენი ადამიანი გააერთიანა, მოლოდინს გადააჭარბა. სახუმარო როდია იმ ალ მაკ-კეის პროექტის მოსმენა, რომელმაც ლეგენდარულ Earth, Wind & Fire-ში ყველაზე ნაყოფიერი წლები გაატარა და ახალი ბენდის ფარგლებში სწორედ საკულტო ჯგუფის რჩეულ შემოქმედებას ცოცხლად გვაზიარა. Earth Wind & Fire Experience by AL McKay რჩეული შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული 14 კაციანი ანსამბლია, რომელიც გაძლიერებული ჩასაბერი სექციით, მორის უაიტის ბენდის სტანდარტებს უახლოვდება და პრინციპში მათი მუსიკალური ხედვის პირდაპირი გამგრძელებლებიც არიან.

ფოტო: რეზი ყენია, TBC Concept

ვოკალისტები, ჩასაბერი ინსტრუმენტები, გიტარა, დრამი თუ პერკუსია – ამ ბენდის მუსიკალური პალიტრა ძალიან მდიდარი იყო იმისთვის რომ კონცერტს რამე დაკლდებოდა – მსგავს შესრულებას ნებისმიერი ბენდი და ჯაზ ფესტივალი ინატრებდა, სცენაზე კი უკვე ჭეშმარიტი აფროამერიკული ბრწყინვალება ტრიალებდა. რიგითობით შესრულდა 70-იანების ვარსკვლავების ცნობილი კომპოზიციები, „Shining Star” “Brazilian Rhyme  (Beijo)” “ Sing a Song”.  მუსიკოსებთან ერთად ამ დღესასწაულის შემოქმედი რა თქმა უნდა აუდიტორიაც იყო, მძიმე ტურის შემდეგ, ეს მუსიკოსების ბოლო კონცერტი იყო, შესაბამისად მუხტიც განსხვავებულად იგრძნობოდა. ყოველ სიმღერას, როგორც ორიგინალ ბენდში, აქაც შესაბამისი საცეკვაო ნომერი ახლდა, რაც მსმენელს როგორც ტალღა ისე გადაედო. ოვაციები და კალორიების წვა არ შემწყდარა, როდესაც საკულტო კომპოზიციებიც შესრულდა “September” “Fantasy” “Let’s Groove” – ბათუმი აღნიშნული საღამოს შემდეგ კი “Boogie Wonderland”-ად მოინათლა.

ფესტივალის დახურვა ქართველი მსმენელისთვის ნაცნობ შემსრულებელს მიენდო – ქენდი დაფლერი, რამდენიმე წლის წინ თბილისსაც სტუმრობდა. ჰოლანდიელი საქსაფონისტი მუსიკოსის ოჯახში გაიზარდა და 1990 წელს, პირველივე ალბომზე გრემის ნომინაცია მოიპოვა. აღსანიშნია, რომ მის კარიერაზე  გადამწყვეტი როლი პრინცთან კოლაბორაციამ ითამაშა, რომელსაც მუსიკოსი დღემდე მადლიერებით იხსენებს. ბათუმს დაფლერი ბენდთან ერთად ესტუმრა  და აუდიტორიას სამომავლო ალბომზეც ამცნო გეგმები, რომელსაც მელომანები ოქტომბერში მოისმენენ. იქამდე კი ბათუმში შეკრებილ აუდიტორიას, მოასმენინა რამდენიმე რჩეული კომპოზიცია სამომავლო რელიზიდან.

ფოტო: Sound City

შესრულდა მისი უკვე ცნობილი სიმღერები„Say Something” “Deeper” და „We Never Stop”. აუდიტორიიდან ალბათ ბევრი გაკვირვებულიც დარჩა, როდესაც სცენაზე „Lily Was Here“ აჟღერდა –  ცნობილი კომპოზიცია მხოლოდ გიტარისა და საქსაფონის აკომპანიმენტით, რომელიც ალბათ ბევრმა არც იცოდა რომ სწორედ ფესტივალის ჰედლაინერს ეკუთვნოდა. სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით, როდესაც ბენდმა პრინცის „Musicology” ააჟღარუნა. წინა დღიდან მოყოლებული EWF-ის ემოციაც არსად გამქრალა და დასასრულისკენ “Fantasy”-ის მელოდიაც შემოგვესმა.

ასეთი იყო საიუბილეო ჯაზ ფესტივალი ბათუმში, საოცარი ემოციებით სავსე ზაფხულის რჩეული სამი დღე, რომელიც 15 წლის განმავლობაში გრძელდება და ქალაქს ჯაზური თავისუფლების რიტმზე მოაქცევს ხოლმე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მადლობა გადავუხადოთ ღონისძიების ავტორებს და ამ ხმოვანების შემდგომ ტალღას დაველოდოთ.


„იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე” – „თეგეტა მოტორსის“ პოდკასტების სერია გრძელდება

Prada – იტალიური არისტოკრატიის სიმბოლო