in

სამი ღამე, ერთი საყვირი: როგორ აღნიშნა ბათუმმა Miles Davis-ის ასი წლის იუბილე

Miles Davis-ს ერთი ცნობილი ფრაზა აქვს: “ნუ უკრავ იმას, რაც იქ არის — დაუკარი ის, რაც იქ არ არის”. 2026 წლის 10-12 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ზუსტად ეს ხდებოდა: მე-19 Black Sea Jazz Festival-ზე უკრავდნენ იმას, ვინც “იქ არ იყო” — ადამიანს, რომელიც 35 წელია ცოცხალი აღარ არის, მაგრამ რომლის დაბადებიდან ას წელსაც მთელი მუსიკალური სამყარო აღნიშნავს. ბათუმმა ეს იუბილე თავისებურად, ზღვის ხმაურსა და ივლისის სიცხეში აღნიშნა.

პარასკევს, ჯერ კიდევ დღისით, ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა — პლაჟი, ბულვარი, ყავა ძველ უბანში. ივლისის ბათუმს თავისი ტემპერატურა აქვს: მარილიანი, ნოტიო ჰაერი, რომელიც საღამოსაც არ გრილდება და რომელშიც ხმა სხვანაირად, უფრო რბილად ვრცელდება. საღამოს შვიდზე, როცა ფესტივალის კარი გაიღო, კორტებისკენ მიმავალი ნაკადი უკვე სხვა ქალაქს ხატავდა: ჯაზის ბათუმს, რომელიც 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს ერთი კვირით მსოფლიო რუკაზე ჩნდება. თავად ეს ნაკადიც ცალკე პორტრეტია — თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული მელომანები, ბათუმელები, რომლებისთვისაც ეს კვირა ზაფხულის მთავარი რიტუალია, შემთხვევით მოხვედრილი ტურისტები და ორი თაობა ერთად: ვისაც ფესტივალის პირველი გამოშვებებიც ახსოვს და ვინც ჯაზამდე სტრიმინგის ალგორითმებმა მოიყვანა.

პირველ დღეს, M.E.B.-ის კონცერტს ვერ უწოდებ კლასიკურ ტრიბიუტს — ტრიბიუტი მუზეუმის სიტყვაა, აქ კი ლაბორატორია იყო. Vince Wilburn Jr., Miles-ის ძმისშვილი, რომელიც 80-იანებში ბიძის ბენდში თავად ეჯდა დასარტყამებს, დღეს ამ მემკვიდრეობის მთავარი მცველი და რაც მთავარია, მისი გამცოცხლებელია. მის გვერდით სცენაზე ის ხალხი იდგა, ვისაც ეს მუსიკა ხელებში აქვს გამჯდარი: Darryl Jones — ბასისტი, რომელიც მაილსმა 21 წლის ასაკში აიყვანა და რომელიც შემდეგ Rolling Stones-ში აღმოჩნდა; Robert Irving III, 80-იანი წლების Davis-ის ალბომების მუსიკალური არქიტექტორი; Keyon Harrold — საყვირზე, რომელსაც ჰოლივუდმაც კი ანდო მაილსის “ხმა” ფილმში Miles Ahead.

პროგრამა Miles-ის მთელ ბიოგრაფიას მოიცავდა, ოღონდ განსხვავებული ოპტიკით. გახსნის მედლი — “Theme From Jack Johnson”, “Speak” და “That’s What Happened” — ერთ ამოსუნთქვაზე გაიარეს; “In a Silent Way / It’s About That Time”-ის ჰიპნოზს “Selim”-ის თითქმის უძრავი, ამბიენტური სიჩუმე მოჰყვა. მერე — რევერანსი აკუსტიკური ეპოქისადმი: “Seven Steps to Heaven”, რომელიც “Blue in Green”-ში გადაიზარდა, და “Nefertiti”, მეორე კვინტეტის ის წრიული მელოდია, რომელიც ღია ცის ქვეშ კიდევ უფრო კოსმიურად ჟღერს. 80-იანების Miles-ი “Decoy”-თი შემოვიდა, ღამის ყველაზე სახალხო მონაკვეთი კი “Time After Time / Human Nature”-ის წყვილი აღმოჩნდა — Michael Jackson-ის მელოდიას ჰაროლდის საყვირზე მთელი კორტი აჰყვა. Wayne Shorter-ის “Footprints”-ის შემდეგ ფინალად “Pharaoh’s Dance” დარჩა — “Bitches Brew”-ს გამხსნელი ქარიშხალი, რომლითაც წრე შეიკრა.

Harrold-ი Miles-ს არ ბაძავდა — და სწორედ ამიტომ ჰგავდა მას ყველაზე მეტად. ცალკე აღნიშვნის ღირსია საუნდი: ამხელა შემადგენლობის მკვრივი, მრავალშრიანი ქსოვილი ღია ცის ქვეშ ადვილად იკარგება ხოლმე, აქ კი მიქსი ბოლო რიგებამდე გამჭვირვალე რჩებოდა — DJ Logic-ის სკრეჩებიც კი მკაფიოდ ისმოდა იქ, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ ბანი აღწევს.

მეორე ღამემ ტემპი შეანელა. Eric Benét ბათუმში იმ იშვიათი კატეგორიის არტისტად მოვიდა, რომელიც სცენაზე გამოსვლისთანავე მთელ აუდიტორიას პირად სტუმრად აქცევს. თითქმის 60 წელს მიტანებული ვოკალისტის ფალცეტი ისევ ისე მუშაობს, როგორც 1999 წელს, როცა “Spend My Life with You”-მ Billboard-ის R&B ჩარტი დაიპყრო.

სეტი მხოლოდ საკუთარი კლასიკით — “Spiritual Thang”, “Chocolate Legs”, “You’re the Only One”, “Sometimes I Cry” — არ შემოიფარგლა: Benét-მა ამ საღამოს სოულის ისტორიის ერთგვარი ლექციაც ჩაატარა, ოღონდ კათედრიდან კი არა, სცენიდან. ქავერების სერია ჟანრის მთელ გენეალოგიას გასდევდა: Al Green-ის მემფისური სითბო, Bobby Caldwell-ის “What You Won’t Do for Love”-ის ბლუაიდ-სოულური ელეგანტურობა, რომელიც მისი ხმისთვის თითქოს იყო შექმნილი, მოულოდნელი და მშვენიერი David Bowie და, რა თქმა უნდა, Prince — მომენტი, როცა ზღვისპირა ჰაერში მემფისისა და მინეაპოლისის სულები ერთდროულად.  დასასრულს კი გარდაუვალმა “Georgy Porgy”-მ მაყურებლის ზონა საცეკვაო მოედნად აქცია. თუ პარასკევი საღამო  ინტელექტისთვის იყო, შაბათი — გულისთვის მოუცია ჯაზის ღმერთს.

დახურვის ღამეს Ghost-Note-მა კორტები ააფეთქა. Robert “Sput” Searight-ისა და Nate Werth-ის — ორივე Snarky Puppy-ის სკოლიდან — კოლექტივი სცენაზე ათი კაცით გამოვიდა და პირველივე კომპოზიციიდან ცხადი გახდა: აქ არავინ აპირებდა ერთ ადგილზე დგომას

“Mustard n’Onions”-ის ალბომის მასალა — “JB’s Out!”, “Move With a Purpose”, “Bad Knees” — ცოცხლად კიდევ უფრო უხეში და ფანკით გაჯერებულია, ვიდრე ჩანაწერში. მაგრამ საღამოს ცენტრალური მონაკვეთი ორი დიდი მიძღვნა იყო. ჯერ 70-იანების ფანკისა და სოულის დინასტიებს გაუმართეს ჯემი — James Brown-ის, “Ohio Players”-ის Sly & the Family Stone-ისა და Parliament-Funkadelic-ის გრუვები ერთ უწყვეტ ნაკადად გადაიქსოვა, ჩასაბერი ინსტრუმენტების ჯგუფი კი ისე მუშაობდა, თითქოს პირდაპირ ამ ეპოქიდან იყო გადმოსული. მერე კი — მოსახვევი, რომელსაც კორტებზე ცოტა ვინმე თუ ელოდა: ჰიპ-ჰოპის კულტურის თრიბიუთი, კლასიკური ბრეიკბითებისა და ნაცნობი მოტივების ცოცხალი დეკონსტრუქცია – ცეკვა ამ დროისთვის ფიზიოლოგიურ აუცილებლობად იყო ქცეული. და აქ გამოჩნდა ფესტივალის დრამატურგიის სილამაზეც: Miles-ის ელექტრული ექსპერიმენტებით დაწყებული კვირა — ფანკზე, სოულსა და ჰიპ-ჰოპზე გავლით — ზუსტად იმ მუსიკით სრულდებოდა, რომელიც ამ ექსპერიმენტების პირდაპირი შთამომავალია.

ოფიციალური პროგრამა შუაღამემდე მთავრდებოდა, ფესტივალი კი — არა. კლუბ “Take 5”-ში ყოველ ღამეს Philip Lassiter-ი ელოდა ხალხს — ტეხასელი მესაყვირე, რომელიც წლების განმავლობაში Prince-ის New Power Generation-ის ჩასაბერ ინსტრუმენტების სექციას უძღვებოდა და რომლის არანჟირებებიც Grammy-ს ლაურეატ ჩანაწერებში ისმის. როცა დღის ჰედლაინერების მუსიკოსები — ხან Ghost-Note-ის  ჯგუფი, ხან M.E.B.-ის რიტმ-სექციიდან ვინმე — უბრალოდ ადიოდნენ სცენაზე, ჯემი გამთენიისკენ მიედინებოდა. ჯაზ-ფესტივალის ნამდვილი სული ხშირად სწორედ აქ ცხოვრობს — არა მთავარ სცენაზე, არამედ იქ, სადაც სეტლისტი აღარ არსებობს.

რჩება კითხვა: რას ნიშნავს Miles Davis-ის ასწლედი ქალაქისთვის, სადაც ის არასდროს ყოფილა? პასუხი, ალბათ, თავად ამ სამი ღამის მრავალფეროვნებაშია. Miles-ი ის ფიგურაა, რომელმაც ჯაზი ასწავლა, რომ საზღვრები მოსაშლელადაა — ბიბოპიდან მოდალურამდე, ფიუჟენიდან ჰიპ-ჰოპამდე. ბათუმის ფესტივალმა კი ეს გაკვეთილი ზუსტად აითვისა: ერთ აფიშაზე ელექტრული ჯაზი, ნეო-სოული და თანამედროვე ფანკი ისე დააწყო, რომ არც ერთი ზედმეტი არ ჩანდა.

ამ კორტებს გრძელი მეხსიერებაც აქვს. აქ სხვადასხვა დროს იდგნენ  Bootsy Collins, Robert Glasper, Marcus Miller თუ De La Soul — და ეს სია თავად ხსნის, რატომ არის “ჯაზ-ფესტივალი” ბათუმში ყოველთვის პირობითი სახელი: ჟანრის საზღვრები აქ არასდროს ყოფილა მკაცრი. 2026 წლის აფიშა ამ ტრადიციის ლოგიკური გაგრძელება იყო — და, Miles-ის ასწლედის ჩარჩოში, მისი ყველაზე გააზრებული ვერსიაც.

მეცხრამეტე გამოშვება ის პერიოდია, როცა ფესტივალი აღარ ამტკიცებს არსებობის უფლებას — ის უბრალოდ ტრადიციაა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამართული წლევანდელი გამოშვება კი იმასაც შეგვახსენებდა, რომ კარგი კურატორული ხაზი მარკეტინგზე მეტს ნიშნავს: სამი ღამე ერთი უხილავი ძაფით იყო შეკრული, და ეს ძაფი საყვირის ფორმის იყო.

მომავალ ზაფხულს — მეოცე წელი სრულდება და თუ ბათუმი ასე გააგრძელებს, საიუბილეო გამოშვებისთვის თადარიგი უკვე ახლა უნდა დავიჭიროთ.

Apple-სა და OpenAI-ს პარტნიორობა სასამართლო დავაში გადაიზარდა

როგორ ავარჩიოთ ყავა სახლში მოსამზადებლად – დამწყების გზამკვლევი