in

ვის მოსმენას შეძლებთ საიუბილეო შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე?

თბილისის ჯაზ ფესტივალის მსგავსად შავი ზღვის ფესტივალიც წელს იუბილარია –  ფესტივალი 2007 წელს დაარსდა, 2022-ში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და რა თქმა უნდა ამ თარიღსაც განსაკუთრებით ეგებება. დედაქალაქისგან განსხვავებით აქ ყოველთვის განსხვავებული ჯაზური ვიბრაციები ტრიალებდა, მოკლედ რომ ვთქვათ შავ ზღვაზე ყოველთვის სხვანაირად „აჯაზებდნენ“.

12 აგვისტოს, ფესტივალს ჩეხი მუსიკოსის, ბორის ურბანეკის ბენდი „Boris Band Combination“ გახსნის, რომელსაც სამშობლოში კარგად იცნობენ, ვინაიდან უკვე 30 წელზე მეტია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აქტიურობს. იუთუბზე ნანახი მოკლედ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ბენდის შემადგენლობა ხშირად ცვალებადია და საინტერესო იქნება მათი ბათუმში ხილვაც.

Boris Band Combination-ის შემდეგ, სცენას ისევ ევროპული ბენდი დაიკავებს. „The Next Movement“ ბოლო ათწლეულის გამორჩეული გრუვ პოპ ბენდია, ფანკის ენერგეტიკითა და სოულის სენტიმენტებით. შვეიცარიული ბენდი უკვე მრავალი წლის განმავლობაში უამრავი ჯაზ ფესტივალის მონაწილეა და დაამტკიცეს რომ მუსიკალური მასების აყოლიება მათი ძლიერი მხარეა.  ბენდის ძირითადი ძრავი, დრამერი J.J. Flueck-ია, რომელსაც გვერდს ვირტუოზი კლავიშისტი და ბასისტი P Kaeser უმშვენებს და განუმეორებელი Sam Siegenthaler კი გიტარისტის ამპლუაში გვევლინება.

 

13 აგვისტოს საღამოს ევროპიდან ჯაზის სამშობლოში ვბრუნდებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჯაზთან ერთად, ამერიკა ფანკის სამშობლოცაა, მუსიკალური სტილის, რომლის სათავეშიც ისეთი ბენდები იყვნენ როგორიცაა Kool & The Gang, KC and The Sunshine Band და რა თქმა უნდა Earth, Wind & Fire. სწორედ ამ უკანასკნელი ბენდის მუსიკალური მემკვიდრეები ეწვევიან ბათუმის ზღვისპირეთს 13 აგვისტოს, რომელსაც თავი, ჯგუფის დიდი ხნის გიტარისტმა, Al McKAY-მ მოუყარა და ახალი წამოწყება „Earth Wind & Fire Experience“-ად მონათლა. 6 გრემის ჯილდოს მფლობელი გიტარისტი ლეგენდარული ჯგუფის ისეთი ჰიტის თანაავტორია, როგორიცაა „September” და გარდა EWF-ისა უკრავდა Gene Harris-სთან, Patrice Rushen-თან და ჰერბი ჰენკოკთან. მას შემდეგ რაც 80-იან წლებში EWF-მა დროებით შეწყვიტა აქტიურობა, გიტარისტმა რამდენიმე საინტერესო და საჭირო მუსიკოსთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც LA Allstarts-ის სახელით იყო ცნობილი და დღემდე ასრულებს ამერიკული ფანკ მუსიკის ტრადიციის საფუძვლიანად გაგრძელებად.

ფესტივალის მესამე დღეს, ისევ ევროპული ჯაზის სცენისკენ ვბრუნდებით არტისტით, რომელიც ქართული აუდიტორიისთვის უცხო არ არის, ვინაიდან იგი 2016 წელსაც იმყოფებოდა თბილისის ჯაზ ფესტივალზე. კენდი დაფლერი 90-იან წლებიდან ყურადღების ცენტრში იყო – საქსაფონზე 6 წლის ასაკიდან უკრავს, ვინაიდან მამაც ცნობილი ინსტრუმენტალისტია, თოთხმეტი წლის ასაკიდან კი უკვე პირველი ბენდი ჩამოაყალიბა. თუმცა მისი წარმატება ალბათ Prince-თან ერთად მის გამოჩენას უნდა მივაწეროთ, რომელმაც  მუსიკოსის დიდ კარიერას დაუდო სათავე და მას შემდეგ წარმატება არ წყდება. ქროსავერ ჯაზის სტილში მოღვაწე მუსიკოსს დაუკრავს მადონასთან, პინკ ფლოიდთან, ვან მორისონთან და სხვა მუსიკის ლეგენდებთან ერთად. მისი მთავარი ღირსება კი ის არის, რომ 50 წლის ასაკშიც, დღემდე არ წყვეტს ექსპერიმენტირებას – ის რომ ფანკი, სოული თუ RnB მისი მუსიკალურობის დამახასიათებელი კომპონენტები იქნებოდა ეს არ არის ახალი, თუმცა 2011 წელს, ალბომში „Crazy” მან მსმენელებს ელექტრონულ მუსიკასთან საკმაოდ ორიგინალური კვეთა შესთავაზა. მუსიკოსი საქართველოს მრავალკაციანი ბენდის შემადგენლობით ეწვევა.

ეს იყო მოკლედ რისი ცოდნაც გჭირდებოდათ ფესტივალამდე, ფესტივალის შემდეგ კი შთაბეჭდილებებს უკვე თქვენგან ველოდებით.

ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში „მაქსთერმისა” და Fondital-ის კონფერენციების სერია გაიმართა

Amazon Books-მა ანიმაციის 5 სტილი კითხვის პოპულარიზაციისთვის გამოიყენა